„ერთხელ მივედი საავადმყოფოში, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. რომ ამწონეს და 140 კილო ვიყავი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად მქონდა. ოპერაცია არ გავიკეთე, მოვიფიქრებ-მეთქი, ექიმს ვუთხარი და წამოვედი. იმ პერიოდში პანდემიაც დაიწყო და სწორედ მაშინ დავისახე მიზნად, 20 კილო დამეკლო, მაგრამ 80 კილო დავიკელი…
ჩემი ოცნება იყო, ჩამეცვა „ბრეტელებიანი“ მაისურები, ჩექმები, რომლებიც არ მეტეოდა, ცალ-ცალკე საცურაო კოსტიუმი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომელიმე კომპანია ფოტოსესიაში მონაწილეობას თუ შემომთავაზებდა…
ჩემი დიეტა წამებასთან არ იყო დაკავშირებული. ბათუმში ყოფნის დროს აჭარულსაც ვჭამდი, მაგრამ ეს არ იყო ყოველდღე და ერთი მთლიანი ხაჭაპური. დილის 10 საათზე ვჭამდი ყველაფერს, რაც სახლში მქონდა, საღამოს 4 საათზე ცილას ვიღებდი. საჭმლის ულუფები შევამცირე. მსუყე საკვებს ყოველდღე არ ვიღებდი…“ - ამბობს ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი იაკო ჭალაგანიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.

ვინ არის იაკო ჭალაგანიძე
მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი ინსტაგრამ და ტიკტოკ პლატფორმების პოპულარობა გაიზარდა, ხალხმა "ჩვეულებრივი" ადამიანებიც გაიცნო და შეიყვარა. ადამიანები, რომელთა ცხოვრება, გამოცდილებები და რჩევები ხშირად დიდი მოტივაციის წყარო ხდება. ისინი ყოველდღე ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა ოცნების ახდენის უნდა ვირწმუნოთ.
სწორედ ასეთი ადამიანია ინტერნეტ მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი იაკო ჭალაგანიძე, რომელიც გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეძლო, პანდემიის დროს 18 საათიანი კვების რეჟიმითა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით სასურველ ფორმაში ჩადგომა. ის დღეს სოციალური ქსელების მეშვეობით ეხმარება სხვებს ოცნებების ახდენაში და ხალხს ცილებს, მეტ სიარულს და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას აყვარებს. იაკო საერთო მიზნისკენ მიმავალ ქალებს, პირადი შეტყობინებების გარდა, Facebook-ის დახურულ ჯგუფში ესაუბრება და ცდილობს, მოტივაციის გაზრდაში დაეხმაროს.