"ორი წელია, ვაგზავნით სიმღერებს „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურებისთვის..." - დოდონა ნამორაძის გზა ფილიპინებიდან დიდ სცენამდე - Marao

"ორი წელია, ვაგზავნით სიმღერებს „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურებისთვის..." - დოდონა ნამორაძის გზა ფილიპინებიდან დიდ სცენამდე

2025-11-13 16:49:23+04:00

"ორი წელია, ბრიტანელი კომპოზიტორი, ჯოში, აგზავნის ჩემს სიმღერებს „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურებისთვის. შარშან ჩავერთე და წელსაც გავაგზავნე ორი არაჩვეულებრივი სიმღერა. ეს არის ინგლისური, პოპ ჟანრის სიმღერები, რაც „ევროვიზიას“ უხდება. ორივე ძალიან მაგარია. იმედი მაქვს, ამ სიმღერების განხილვა იქნება და შევძლებ საქართველოს წარდგენას „ევროვიზიაზე“. ძალიან დიდი იმედი მაქვს და, ვფიქრობ, მაგარი შედეგი დაიდება ამ სიმღერებით…

ყველაზე მთავარი მოტივი ის არის, რომ საქართველო კარგად წარდგეს და ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი ნიჭი და ა.შ., სწორად წარვადგინოთ. მქონდა შემოთავაზებები, სხვა ქვეყნის სახელით გამეგზავნა ჩემი სიმღერები, მაგრამ… ძალიან მინდა, საქართველოს წარმომადგენელი გავხდე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის, მაგრამ, თუ სხვა გზა არ მექნება, ალბათ მერე სხვაგვარად მოვიქცევი", - ამბობს მომღერალი დოდონა ნამორაძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში. 

dodona_namoradze

ვინ არის დოდონა ნამორაძე

ფართო საზოგადოებამ დოდონა ნამორაძე საბერძნეთის "ვოისში" მონაწილეობის შემდეგ გაიცნო - ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა უამრავი ადამიანის გული დაიპყრო - უნიკალური ვოკალური მონაცემებითა და განსაკუთრებული არტისტიზმით ის ქართველებისთვის საყვარელ სახედ იქცა. 

"ბებიაჩემი 13 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა საბერძნეთში და სულ მეუბნებოდა, რომ უნდოდა, იქ კონკურსში გავსულიყავი, რადგან ძალიან უყვარს იქაური ხალხი, კულტურა… ასევე, რამდენიმე წლის წინ მყავდა მეგობარი, რომელსაც ძალიან უყვარდა ბერძნული მითოლოგია და მეც შემაყვარა. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და მეც გადავწყვიტე, რომ ეს ის ქვეყანა იყო, სადაც “ვოისში” გავიდოდი.

პირველი მოსმენა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, მერე კი ბრმა კასტინგზე ჩავედი, სადაც ჩემმა სიმღერამ ოთხივე მწვრთნელის სკამი ჩემკენ შემოატრიალა", - იხსენებდა დოდონა ნამორაძე. 

dodona_namoradze

"10 წლის ვიყავი, მშობლებთან ერთად ფილიპინებზე რომ წავედი, რადგან იქ დოქტორანტურაში სწავლობდნენ. მთელი ბავშვობა სულ ვმღეროდი, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე – არა. ფილიპინებიდან საქართველოში რომ დავბრუნდი, 16 წლის ვიყავი და გადავწყვიტე, "იქს ფაქტორში" გავსულიყავი. გავედი, მაგრამ, სამწუხაროდ, 4 სკამიდან გამოვეთიშე პროექტს და ძალიან დამწყდა გული.

საერთოდ აღარ ვმღეროდი. მერე კი გავიცანი იოსებ ახალკაციშვილი, რომელიც ქუჩაში მღეროდა და მეც დავიწყე ქუჩაში სიმღერა. 3 წელი არსად გამოვსულვარ, მხოლოდ ქუჩაში ვმღეროდი, რადგან გული მქონდა დაწყვეტილი", - იხსენებს ის.