ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილები“ დირექტორი, ნინო სუხიშვილი იუბილარია. მას ეროვნულის ბალეტის სახელით დაბადების დღე საჯაროდაც მიულოცეს და წერილი გამოაქვეყნეს:
"ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენს შესანიშნავ დირექტორს - ნინო სუხიშვილს.
მისი დაუღალავი თავდადება და წარმოუდგენელი ლიდერობა არის ის, რასაც საქართველოს ეროვნული ბალეტი ახალ სიმაღლეებზე აჰყავს და ჩვენს მემკვიდრეობას ინარჩუნებს. ის ნამდვილად არის დასის წარმატების მამოძრავებელი ძალა.
მაგრამ მისი შთამბეჭდავი შრომის, უნარებისა და ნიჭის გარდა, სწორედ მისი სიკეთე, თანაგრძნობა და ტოლერანტობა ხდის მას ასეთ განსაკუთრებულს. ჩვენ ვზეიმობთ არა მხოლოდ მის მიღწევებს, არამედ თავად მას - საოცარ ადამიანს!
ვუსურვებთ მას ულევ ბედნიერებას! მან ეს დაიმსახურა" - წერს ანსამბლის ოფიციალური გვერდი.


„მერე რა, გოგო შვილიშვილიც შვილიშვილია“, - ეს სიტყვები დიდ ილიკო სუხიშვილს ნინოზე უთქვამს, როცა მისი დაბადებისას ბიჭს ელოდებოდნენ. ნინოსთვის ეს სიტყვები საწყენი არ აღმოჩნდა - პირიქით, მოტივაციად იქცა და დღეს ნინო სუხიშვილი ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ის ძმასთან, ილიკოსთან ერთად "სუხიშვილების" ხელმძღვანელია.
ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე;
„ტრავმა მქონდა და ცეკვას 2000 წელს დავანებე თავი. არასდროს არ მქონდა სინანული და პრეტენზია სოლისტობაზე, ჩემთვის მთავარი იყო სცენაზე ვმდგარიყავი, თუნდაც ბოლო ხაზში. თან ჩვენს მშობლებსაც არ უყვარდათ, ჩვენი წინ წამოწევა. ჩემთან შედარებით ილიკო ძალიან დიდი მოცეკვავე იყო, იმასაც კი არ ჰქონდა სოლო პარტიები. რაღაცნაირად უკან გვწევდნენ, იმიტომ, რომ არ იფიქრონ სხვებმა, შვილებია, შვილიშვილები არიან და იმიტომ წინ გამოვყავდით. ამის დანაკლისი არ მაქვს, რადგან ყოველდღე დარბაზში ვარ და განუწყვეტლივ მესმის დოლ-გარმონის ხმა. ჯამში 7 000 ბავშვს ვასწავლით“,- ამბობს ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნინო მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი "რამიშვილები";
მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ "რამიშვილებისა" და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: "ქართული ნაციონალური ბალეტი", "სოლიკო ვირსალაძე", "ილიკო სუხიშვილის მოგონებები".
"სუხიშვილი გვარი აღარ არის, ეს არის პროფესია" - ამბობდა ნინო სუხიშვილი.
ნინო სუხიშვილის პირადი ცხოვრება
ნინო ქორწინებისა და პირადი ცხოვრების შესახებ იშვიათად საუბრობს. ის ორჯერ იყო დაქორწინებული - პირველი ქორწინება მისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა:
„ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო და არც ისე დიდი პერიოდით, რომ მე თვითონ დავიწყებული მაქვს. ძალიან ადრე იყო, “სხვა ცხოვრებაში“ და ისეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ თითქოს ეს სხვისი ცხოვრება იყო. თითქოს სხვა პლანეტაზე მოხდა ეს ყველაფერი და ჩემს თავს არ ხდებოდა. აღარც მინდა გახსენება. ძალიან ბევრმა არც იცის ეს ეტაპი ჩემი ბიოგრაფიიდან“, - ამბობდა ნინო სუხიშვილი.
ნინო სუხიშვილმა მეორედ ბიზნესმენ ზურაბ ლეჟავაზე იქორწინა. წყვილს ქორწინებაში შვილი არ შესძენია, თუმცა ნინო ამბობდა, რომ საკუთარი შვილების მაგივრობას ძმისშვილები უწევენ. ზურაბ ლეჟავა 2022 წელს მძიმედ დაშავდა, როცა წყნეთიდან თბილისში ელექტროსკუტერით ბრუნდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნინო სუხიშვილი აგრძელებს როგორც მისთვის, ისე მისი ოჯახისა და მთლიანად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, მისი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა ხომ სწორედ "სუხიშვილებია". ალბათ, ამიტომაა, რომ ხარისხი და მონდომება წლიდან წლამდე არამხოლოდ ქართველებს, არამედ მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს.