მანიკა ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ტელეწამყვანი და მოდელია. მანიკა თავისი პროფესიონალიზმითა და ქარიზმით ქართული მედიასივრცის გამორჩეული სახეა. მანიკა სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია და გამომწერებს სასარგებლო რჩევებსაც ხშირად უზიარებს. ამჯერად ის kvirispalitra.ge-ს ოჯახსა და საოჯახო საქმეების შესახებ ესაუბრა. მანიკა ამბობს, რომ კერძების მომზადება უყვარს და გამოსდის კიდეც:

- როგორი დიასახლისი ხართ?
- ამბობენ, რომ კარგი. მიყვარს სამზარეულო და კერძების მომზადება, სტუმრების გამასპინძლება და ა.შ. მეხერხება ეს ყველაფერი. საოჯახო საქმისა და სამსახურის შეთავსება, ჩემი აზრით, რთული სულაც არ არის. მთავარია, გსიამოვნებდეს და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუ რამე გინდა, ყველაფერი შესაძლებელია და თუ არ გინდა, საქმე რომც გქონდეს, მაინც არ გააკეთებ.
არის რაღაცები, რაც სავალდებულოა და შეიძლება, გეზარებოდეს კიდეც, მაგრამ როცა ოჯახი გყავს, მაინც გიწევს. როცა ამდენი ადამიანია, ვისაც შეიძლება ასიამოვნო, თუნდაც კერძის მომზადებით, რატომ უნდა დაგეზაროს? მე პროცესიც მიხარია, მსიამოვნებს და შედეგიც, როცა ჩემი გაკეთებულით სხვა კმაყოფილია. რომ გითხრა, 24 საათი ცოცხი მიჭირავს ხელში და ვალაგებ-მეთქი, მთლად ასეც არ არის, მაგრამ ყოველდღიურ საქმეს ყოველთვის ვაკეთებ, მათ შორის, სადილებს. დამხმარე ქალბატონი კვირაში მხოლოდ ერთხელ მოდის და სახლს ჩემთან ერთად უვლის.
- ზოგი ამბობს, როცა გავთხოვდი და დამჭირდა, ვისწავლეო. თქვენ გათხოვებამდეც აქტიურობდით ოჯახში?
- მანამდეც ყველაფერი ვიცოდი, უბრალოდ, შეიძლება, რაღაცები გათხოვების მერე უკეთ ვისწავლე, რადგან უფრო ხშირად მაქვს შეხება. ყოველთვის ინიციატორი ვიყავი, რომ რაღაცები მომემზადებინა და გამომეცხო. ბექას ჩემი მომზადებული კერძები მოსწონს და ამას აღნიშნავს. ისე ვაკეთებ, როგორც მას მოსწონს, ბექაზე ვარ "ორიენტირებული". არის ზოგი რაღაც, რაც ბექას არ უყვარს, მაგრამ ისეთნაირად ვაკეთებ, ისეთი ინგრედიენტებით, რომ მანაც სიამოვნებით მიირთვას. მე პრეტენზიული მჭამელი არ ვარ.

- რა რჩევას მისცემდით ქალბატონებს თავის მოვლასთან დაკავშირებით, რათა მუდამ სასურველები იყვნენ მეუღლეებისთვის.
- პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა გამოიმუშაონ ძალა და უნარი იმისა, რომ რასაც ოჯახში თუ სამსახურში ვაკეთებთ, სიამოვნებით გავაკეთოთ და აუცილებლად კარგად გამოგვივა. თუ რაღაცის კეთება ძალდატანებით გვიწევს და ამაზე მუდამ ვწუწუნებთ, ვდარდობთ, ასეთ გაკეთებულს აზრი არ აქვს.
თავის მოვლასთან დაკავშირებით კი ვურჩევ, ეცადონ, ინდივიდუალურობა და ბუნებრიობა შეინარჩუნონ, თუმცა, ნორმის ფარგლებში ყველა ქალბატონმა აუცილებლად უნდა მოუაროს თავს, ამისთვის განსაკუთრებული თანხები არ არის საჭირო, მთავარი მონდომებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალბატონები ვართ, სამზარეულოშიც გვიწევს ყოფნა და ამ საქმიანობასაც კარგად უნდა ვითავსებდეთ, ძალდატანების გარეშე.
მე მომწონს, როცა ქალმა იცის თუნდაც ერთი ამოჩემებული კერძის მომზადება ან რაიმეს გამოცხობა. "კვერცხის შეწვა არ ვიცი" ფრაზის არ მწამს, მგონია, რომ მოგონილია და მორგებული როლია. მნიშვნელობა არ აქვს, ოჯახში რამდენი დამხმარე გყავს და გიწევს თუ არა საერთოდ რაიმეს კეთება, რამე შენც უნდა იცოდე, სირცხვილია. ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს ეწყინება, არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ, მე რომც არ ვიცოდე, შემრცხვებოდა ამის თქმა. ეს კარგი ტონი სულაც არ არის, ამით შენს მინუსს უსვამ ხაზს.