მომღერალი ბარბარა სამხარაძე იუბილარია, ის 25 წლის გახდა და ემოციური პოსტიც გააზიარა სოციალურ ქსელში.
"25 წელი…ამ ასაკს ყოველ წელს ველოდებოდი. ვგრძნობდი, რომ სადღაც წინ მელოდა კარი, რომლის გასაღებადაც შეგნებული წლები ვემზადებოდი. და დღეს, როცა 25 წლის ვარ - იმ კარს ვაღებ.
აი, აქ ვარ: გზაზე, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს შემიწყვეტია. გზაზე, სადაც მინუს 70 კილოგრამი უბრალოდ რიცხვი არაა - ეს არის ჩემი გაბედულება, ჩემი ტკივილი, ჩემი გამარჯვება და საკუთარი თავისთვის დამტკიცება - ესეც შეძელი!
აი ის რაც ძალიან მალე წინ მელოდება:
25 წელი ჩემი მე-ს ახალი საწყისია, სადაც საკუთარ თავს აღარ ვკარგავ, აღარ ვმალავ, აღარ ვუმალავ სამყაროს არაფერს. ეს მე ვარ - როგორიც ვარ, როგორიც გავხდი, და ვეცდები აღარასოდეს დავკარგო ეს ყველაფერი, რადგანაც It’s Over!
მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩემთან ერთად მოდის და ჩემს ბედნიერებას თავის ბედნიერებასავით იღებს აწ უკვე 10 წელია," - წერს ბარბარა სამხარაძე და ახალ ფოტოებს აქვეყნებს.




ბარბარა სამხარაძე ქართველი მომღერალი, ტელეშოუ ნიჭიერის 2016 წლის გამარჯვებულია. 2019 წელს მან მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“.
ბარბარა სამხარაძეს არაერთხელ უსაუბრია საკუთარი ცხოვრების შესახებ. არასდროს დაუმალავს, რომ ზედმეტ წონას სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა, მათ შორის, დიეტებითაც. ცოტა ხნის წინ მან ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და ახლა წონის კლების ხანგრძლივ გზას გადის. ბარბარა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაშია და ახალ ფოტოებზე მეგობრებისა და გულშემატკივრების უამრავ კომპლიმენტს იღებს.
"ბავშვობის სურათებს ხშირად ვათვალიერებ და პატარა ბარბარას ვეუბნები – დღეს რომ "კალოშებით" წახვედი სკოლაში, ხვალ მოგაკითხავს მანქანა და წაგიყვანს იქ, სადაც გინდა. ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა.
ჩემმა დამ როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, მას შემდეგ ექსკურსიაზე აღარ ვყოფილვარ. არ ვითხოვდი. ერთადერთი, ეკლესიაში დავდიოდი და მხოლოდ სანთლის საყიდელი ფული მინდოდა", – ამბობდა ბარბარა სამხარაძე.
ახლა ბარბარა სამხარაძის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ის ხშირად წერდა ხოლმე, რომ ჭარბ წონას სხვადასხვა გზით ებრძოდა, ზოგჯერ დიეტით, ზოგჯერ - ვარჯიშით. ახლა კი ოპერაცია გაიკეთა:
"ოპერაციის ამბავს ვმალავდი, მაგრამ ამ თემაზე შეკითხვებს მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა. სულ ვამბობდი, რომ ჩემს თავს ვიღებდი ისეთს, როგორიც ვიყავი და დღესაც ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომა მქონდა. ინტერნეტსივრცეში ბევრს გაუკვირდა, - ამას საკუთარი თავი ისეთი ხომ მოსწონდა, როგორიც იყო და ოპერაცია რატომ გაიკეთაო? რადგან შენი თავის მიმღებლობა გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ამბობ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება ერთ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს. ანალიზების პასუხები რომ მოვიდა, ექიმმა მითხრა, შენ შეგიძლია დაიკლო წონაში, მაგრამ შემდეგში შენარჩუნებას ვერ შეძლებო. შემეძლო ოპერაციაზე უარიც მეთქვა, მაგრამ საკუთარ წარსულს რომ გადავხედე, გამახსენდა, დამიკლია 10 კილო, 15 და მეტიც, მაგრამ ერთი ჭიქა წვენის მიღებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მატება დამეწყო. რაც მთავარია, ეს მატება არ იყო 300 და 500 გრამი, კილოგრამს ვიმატებდი. მეტაბოლიზმი მქონდა დარღვეული. რადგან ეს შანსი მომეცა, გავიფიქრე - მოდი, ამ ნაბიჯს გადავდგამ და წავალ წინ, უცნობი მომავლისკენ." - ამბობდა ბარბარა.
ბარბარამ ორი წლის წინ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა.
მან ამ ორი წლის განმავლობაში 70 კგ დაიკლო.
"საბოლოო ჯამში 70 კგ დავიკელი, ჯერ 2 წელიც არ არის გასული. ექიმებთან ვიზიტი უფრო და უფრო მიხარია. აღარ არის ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა. რაც შეეხება ცხოვრების ხარისხს უფრო და უფრო უმჯობესდება. ენერგიასაც ვგრძნობ და ყველაფერს ვაკეთებ, რაც აქამდე არ გამიკეთებია. უფრო გაბედული გავხდი და ჩემს თავში დავრწმუნდი," - ამბობდა ბარბარა.