როგორ გააცოცხლა „ანაგენისის“ სერიამ ანტიკური მითების გმირები - ინტერვიუ სერიის ილუსტრატორთან, მაკა ზედელაშვილთან - Marao

როგორ გააცოცხლა „ანაგენისის“ სერიამ ანტიკური მითების გმირები - ინტერვიუ სერიის ილუსტრატორთან, მაკა ზედელაშვილთან

2025-11-18 14:15:36+04:00

მითები ახლებურად - ეს „ანაგენისია“, „პალიტრა L-ის“ ახალი სერია ანტიკური ისტორიებისა და ლიტერატურის მოყვარულებისთვის. მისი მიზანია დაგვანახოს ისეთი თანამედროვე გამოწვევები, როგორიცაა შინაგანი კონფლიქტი, საზოგადოებრივი ზეწოლა, იდენტობის ძიება და სხვა ადამიანური განცდები, რომელიც სწორედ ანტიკური სამყაროდან იღებს სათავეს.

სერია თავს უყრის უძველესი მითების ახლებურ და ხშირად, თამამ ინტერპრეტაციებს. მათი საშუალებით მკითხველი ყველა დროის აქტუალურ საკითხებს კიდევ უფრო უღრმავდება და საკუთარ კითხვებსა და გამოწვევებზე პასუხსაც პოულობს. 

გამომცემლობამ სერია დაიწყო კრისტა ვულფის რომანით - „მედეა.ხმები“. ნაწარმოებში ცნობილი გერმანელი ავტორი მედეას ამბავს ახლებურად გვიყვება. ამ შემთხვევაში ისტორია ცოცხლდება თავად მედეას, ანუ იმ ქალის თვალით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ერთფეროვანი ხედვითა და მიდგომებით იყო წარმოდგენილი.

„ანაგენისის“ მეორე ტომი უკვე ხელმისაწვდომია. თითოეული წიგნი გამოცემულია სპეციალურად მისთვის შექმნილი ილუსტრაციებით, რომელზეც ილუსტრატორ/მხატვარმა მაკა ზედელაშვილმა იმუშავა. რა გამოცდილება იყო მისთვის სერიაზე მუშაობის პროცესი და რა როგორ დაიბადნენ პერსონაჟები მის წარმოსახვაში, ამის შესახებ თავად გვიამბობს:

- რა გამოცდილება იყო თქვენთვის, როგორც ილუსტრატორ/მხატვრისთვის „ანაგენისის“ სერიაზე მუშაობა?

„ანაგენესის“ სერიაში მოქცეული თითოეული წიგნი სოციალური სტიგმის ხელახალი გაანალიზების საშუალებას იძლევა. ის ფაქტი რომ საუკუნეების მანძილზე, არა მხოლოდ ყოფით ცხოვრებაში, არამედ ლიტერატურასა და მითოლოგიაშიც ქალის სახე უმეტესად მისი ბიოლოგიური როლის გარშემო იყო შეკრული, აქ მკაფიოდ არის შეცვლილი და გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა მათ როლს, ემოციებსა და მნიშვნელობას. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ცვლის თხრობის ხასიათს, რაც ქალების ამბის შემავსებელი როლებიდან გამოსვლაში გამოიხატება. ამრიგად, ყველასთვის ნაცნობ თქმულებებსა და ისტორიებს კიდევ უფრო გაზრდილი ემოციური სიღრმე ეძლევა. ჩემთვის სერიის ილუსტრაციებზე მუშაობა საპასუხისმგებლო და საინტერესო იყო, ვინაიდან მომეცა საშუალება ყველასათვის ნაცნობი პერსონაჟების სხვა რაკურსზე, ახალ შრეებზე მემუშავა. მათი ინდივიდუალიზმის დეტალიზაცია მხატვრისთვის საინტერესო და ძვირფასი შემოქმედებითი რესურსია.

 PALITRA_L 

- როგორ შექმენით პერსონაჟები და სცენები, როგორ დაიბადნენ ისინი თქვენს წარმოსახვაში? 

წიგნის წაკითხვის შემდგომ, გარკვეული დრო მჭირდება იმისათვის რომ გავიაზრო და მოვამწიფო ჩემში განცდები, რის შედეგადაც იბადება მყარი საფუძველი იდეებისთვის. ჩემთვის ყდაზე მუშაობისას კონკრეტული სცენის გადმოცემაზე მნიშვნელოვანი ხასიათისა და განწყობის მკითხველამდე მიტანაა. მნიშვნელოვანია, წიგნის ყდამ გააერთიანოს შეკრული ემოციური ტონი, კომპოზიციის თანმიმდევრულობა და ის მხატვრული ღირებულება, რაც ნამუშევარს უნიკალურსა და თვითმყოფადს ხდის. შემდგომ, პერსონაჟების შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე,  გონებაში მათი ხატებაც ჩნდება.

მაგალითისთვის, მედეა ჩემში მომწიფდა როგორც ძლიერი, მტკივნეული სიჩუმე; არიადნე - როგორც სინათლე და მელანქოლია; კლიტემნესტრა - როგორც ძალაუფლებისა და ტკივილის ერთიანობა. მათი ვიზუალები დაიბადა სწორედ ამ ემოციური ბალანსისა და შერწყმის ძიებაში. არ ვცდილობდი მათ იდეალურად წარმოჩენას, უფრო მეტად ის მაინტერესებდა, როგორ გამოიყურება ადამიანი, რომელიც ადამიანია, ერთდროულად სუსტიცაა და ძლიერიც. სცენები სიმბოლურია გამოყენებული ფერებითა და დეტალებით. მაგალითად, მედეას წითელი დრაპირება ტრაგედიის სიმბოლოა, ხოლო არიადნეს ოკეანე - მოლოდინის და მიტოვების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, ითვალისწინებდე იმ კომერციულ პასუხისმგებლობას, რომელსაც ნამუშევარზე მუშაობის დროს იღებ. მხატვრულ ღირებულებასთან ერთად მნიშვნელოვანია გესმოდეს მკითხველის ფსიქოლოგია, ადამიანის, რომელმაც უნდა შეამჩნიოს შენი ნამუშევარი სხვა მრავალ ნამუშევარს შორის. ერთი მხარეა ნაწარმოებიდან ემოციის სწორად გამოტანა, შემდეგ კი მისი გათავისება და დაბალანსებული ვიზუალიზაციის განსაზღვრა, ხოლო მეორე მხარე - ამ ყველაფრის მკითხველთან დაკავშირება. მნიშვნელოვანია სწორად გესმოდეს აუდიტორია, რათა ამ კავშირის დამყარება შეძლო. შესაბამისად, საუკეთესო შედეგის მისაღწევად უამრავი რგოლის ემოციური ასპექტის დაკავშირება გიწევს. ილუსტრაციები ტონალობის თვალსაზრისით, სერიის ფარგლებში ჰარმონიულია, ფერები კავშირს ინარჩუნებს ნაწარმოების სივრცესთან და დროსთან და ვარირებს თხრობის ხასიათის შესაბამისად.

- ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ილუსტრაციებს პერსონაჟებისა და ისტორიების გაცოცხლებისთვის? 

რა როლს ასრულებს ის მკითხველის წარმოსახვაში? როგორ ფიქრობთ, შემდეგ რჩებიან თუ არა მკითხველის გონებაში ისინი ისე, როგორც ილუსტრატორი უჩვენებს?

როდესაც ადამიანს ყოველდღიურად ხედავთ, მათ გარეგნობაში ვიზუალური ცვლილების შემჩნევა რთულდება. ეს კი ორი მნიშვნელოვანი ფაქტორით არის გამოწვეული: დაკვირვების ობიექტის ვიზუალური ცვლილების ნელი ტემპითა და ჩვენი გონების ექსტრემალურად მოქნილი ადაპტირების უნარით. როდესაც საქმე ეხება წიგნის ყდას, მნიშვნელოვანია, რომ პირველი შთაბეჭდილების ეფექტი გქონდეს, რაც  საშუალებას გაძლევს, გადმოსცე შთამბეჭდავი და ინტერესის გამაღვივებელი ემოცია. ჩვენი გონება ევოლუციურად მიდრეკილია ემოციების ამოკითხვასა და ძიებისკენ, შესაბამისად პერსონაჟის ხატი, რომელიც ნაწარმოებს  ერთვის, მკვეთრი და მეტყველი უნდა იყოს. ილუსტრაცია ერთგვარი კარიბჭეა, რომელიც მკითხველის ფანტაზიას თხრობითი ნამუშევრის ვიზუალური განზომილებაში უღებს კარს, ქმნის საბაზისო ესთეტიკურ სტილსა და ემოციურ გზამკვლევს. 

- შეიძლება ითქვას თუ არა, რომ „ანაგენისის“ სერიის ილუსტრაციები თქვენი ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია და რატომ? 

ყველა წიგნს და პროექტს დიდი გულისხმიერებით ვეკიდები, დიდ ძალისხმევასა და ინტელექტუალურ რესურსს ვუთმობ მათ. ის ფაქტი რომ პროექტზე მუშაობას ვიწყებ, თავისთავად მიუთითებს ჩემთვის მის დიდ მნიშვნელობაზე. შემიძლია ვთქვა, რომ „ანაგენისის“ სერია და მასში შემავალი თითოეული ნამუშევარი ჩემთვის ძვირფასი და გამორჩეულია. მუშაობის პროცესი აერთიანებს ყველაფერს, რაც ჩემთვის ხელოვნებაში არსებითია: მხატვრული ღირებულება და ემოციურ კავშირი ნაწარმოებთან. ამ სერიამ მაჩვენა, როგორ შეიძლება ძველი ამბავი ტრანსფორმირდეს და ადაპტირდეს დღევანდელობასთან, როგორ შეიძლება გარდაიქმნას მეტყველად, ხმად იმ ქალებისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვის  ჩრდილქვეშ იყვნენ მოქცეულნი.

„ანაგენისის“ სერიის სანახავად ესტუმრეთ „პალიტრა L-ის“ ვებგვერდს ბმულზე. 

R