თემო საჯაიასა და მარიტა ჯანაშიას წყვილს საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია, კარგად იცნობს. თემომ მარიტას ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა და მათი კადრები დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა სოციალურ ქსელებში.
დღეს მარიტა და თემო ერთ-ერთი სამაგალითო ახალგაზრდა წყვილია - მათ აქვთ ბედნიერი ოჯახი, წარმატებული კარიერა და ზრდიან ერთ შვილს, ბექას.
მარიტასა და თემოს ცხოვრებაში ახლა განსაკუთრებული პერიოდია - ისინი დიდი სიხარულის, კიდევ ერთი შვილის მოლოდინში არიან. ამის შესახებ თემო საჯაიამ რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემაში, „ვიზიტორი“ ისაუბრა. “მეორეჯერ გავხდები მამა, უკვე სქესიც ვიცით, ველოდებით ბიჭს, მაისში ვიზეიმებ მეორედ მამობას”, - თქვა თემომ.

მარიტა ჯანაშიასა და თემო საჯაიას ოჯახი
მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.
წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი შვილი, ბექა იმსახურებს.

წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანიაში გაიცნო, სადაც დილის გადაცემა მიჰყავდათ. მარიტას და თემოს საზოგადოება კარგად იცნობს. თემომ რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა.
"ყველაზე მეტად ადამიანებში გამიმართლა. მე არ გამომიგონებია არაფერი ისეთი, რომ სამყარო გადამეტრიალებინა, არც ნავთობი აღმომიჩენია და არც არაფერი მსგავსი, მაგრამ ადამიანებში ნამდვილად იღბლიანი ვარ. გამიმართლა იმაში, რომ დავიბადე იმ ოჯახში, რომელშიც დავიბადე. ადამიანები ვერ ვირჩევთ მშობლებს და დაბადების ადგილს, აქედან გამომდინარე, ის, რაც შენგან დამოუკიდებელია, ნამდვილად გამართლებაა. მე ძალიან გამიმართლა, იმათ გავუმართლე თუ არა იმედები და მოლოდინები, არ ვიცი, რთული სათქმელია. მიმაჩნია, რომ მე უფრო გამიმართლა მათში, ვიდრე მათ ჩემში. მერე, როცა იზრდები, თვითონ ირჩევ შენს გარემოცვას – მეუღლეს, მეგობრებს და ასე შემდეგ. ძალიან გამიმართლა მეგობრებში, ბედნიერი ადამიანი ვარ მათ გამო. ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ცოლში და თუ ეს იღბალთან არის დაკავშირებული, ამ კუთხით, ნამდვილად ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ვარ." - ამბობდა თემო საჯაია.