- დაბადების თარიღი...
- ...1990 წლის 8 დეკემბერი.
- ჩემზე ამბობენ...
- ...გიჟიაო. ზოგიერთ შემთხვევაში ის, რაც ჩემთვის ნორმაა, ოჯახის წევრებისთვის ნორმა არ არის.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ცხოვრება. არც ვიცი, ბევრი შეცდომა მაქვს თუ არა დაშვებული, ამაზე ზუსტი პასუხი წლების შემდეგ უფრო მეცოდინება. ამ ცხოვრებაში ხომ ყველა მოვლენა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ზოგჯერ ქცევას, რომელიც შეიძლება იმ წუთში მიზანშეწონილი არ არის, კარგი უკუკავშირი მოჰყვება. სად დავუშვი შეცდომა და სად არა? - ამას ალბათ სიკვდილის წინ მივხვდები.
- სიყვარული ეს...
- ...კარგი რამეა. ამ სამყაროში ჰარმონიულად არსებობის პირველი კომპონენტია. ჩემთვის "შეყვარებულობა" მაშინ დაიწყო, როცა საკუთარი თავი შევიყვარე. მერე სხვა ადამიანების სიყვარულიც სხვა ხარისხში ავიდა. მივხვდი, რამხელა ძალაა ამ სამყაროში, რომელსაც შეუძლია, შენკენ ყველა და ყველაფერი კეთილშობილურად შემოატრიალოს.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ეს ამბავი თინეიჯერობის წლებში იყო. ერთი კარგი ბიჭი შემიყვარდა. გრძნობას დაუფარავად, კომპლექსების გარეშე გამოვხატავდი. მხოლოდ მამამ არ იცოდა ეს ამბავი და არც ვიცი, ასე რატომ მოხდა, დედამ დაუმალა და მერე ათას რამეს იგონებდა, მისთვის სათქმელად, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არ დავუმალავდი. სიყვარულთან ერთად ჩემში მოვიდა განცდა, რომ ვიყავი დიდი გოგო, ვიყავი საჭირო და ძვირფასი ადამიანი. იმ ასაკში ამ ყველაფრის გააზრება მნიშვნელოვანი იყო.
- ჩემი პირველი სიყვარული დასრულდა...
- ...ბევრი ტრაგიკული ამბავი მაქვს ცხოვრებაში და ეს ერთ-ერთი მთავარია. ამ ადამიანმა სიკვდილს თვალებში ჩახედა და ერთი წელი იბრძოდა, რომ გადარჩენილიყო. შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში და ჩვენ ერთმანეთს - უკვე სხვადასხვა ადამიანი შევხვდით. მერე დიდი ხანი მქონდა ტკივილი, მაგრამ გადავიტანე. ის ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, ყველა ოცნება აიხდინა.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ხელში ავიყვანდი საკუთარ თავს და კარგად ვივარჯიშებდი, ამ მხრივ ძალიან გაზარმაცებული ვარ. პანდემიის პერიოდში აქტიურად ვვარჯიშობდი, მას შემდეგ, რაც კორონა შემხვდა, მოდუნებული ვარ.
სრულად წაიკითხეთ აქ

34 წლის მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. ის საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. ალექსანდრა არაერთი ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიის სახეც ყოფილა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი.
ამის პარალელურად, ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და დიდი ხნის მანძილზე აზიარებდა საკუთარ გვერდზე სამოტივაციო წერილებს, მოუწოდებდა ქალებს საკუთარი თავის მიღებისა და შეყვარებისკენ, ასევე, სხვა ქალების მხარდაჭერისა და პატივისცემისკენ.
მოგვიანებით ალექსანდრა ერთ-ერთი გასართობი გადაცემის თანაწამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ.
ალექსანდრა პაიჭაძე ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამო არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ის ერთხელ იყო დაქორწინებული და მისი მეუღლე ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილის ბიძაშვილი, გიორგი ხატიაშვილი იყო. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. ალექსანდრა და მისი ყოფილი მეუღლე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და თანაბრად არიან ჩართული შვილის აღზრდაში.
ალექსანდრა აღარ დაქორწინებულა, თუმცა მისი და ბიზნესმენ დავით კოდუას ურთიერთობა განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა. მოდელი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი პარტნიორი, თუმცა აქტიურად აზიარებდა მისგან მიღებულ საჩუქრებს და ხშირად წერდა ამ ურთიერთობის დეტალებზეც. საბოლოოდ, ალექსანდრამ გაამხილა მის შესახებ და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი საერთო შვილს ელოდებოდნენ.

ამ ურთიერთობის პარალელურად, დავით კოდუა ოფიციალურ მეუღლეს არ დაშორებია, რაც როგორც კოდუასა და მის ოჯახს, ისე ალექსანდრასა და დავით კოდუას ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა.
დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძეს ერთი გოგონა, ვიქტორია კოდუა ჰყავთ.
ცოტა ხნის წინ ალექსანდრა პაიჭაძე საცხოვრებლად მილანში გადავიდა. იქიდან კი ფოტოები პარტნიორთან, დავით კოდუასთან ერთად გამოაქვეყნა. რომანტიკულმა კადრებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია - "რეიტინგის მამა - განახოთ სტატისტიკა?" - დაწერა მოდელმა ერთ-ერთ ფოტოზე.