"ის ჩემთვის ყველაფერია, ღმერთისგან ნაბოძები შეუფასებელი საჩუქარია..." - წარმატებული პიანისტი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მეუღლეს მიუძღვნა - Marao

"ის ჩემთვის ყველაფერია, ღმერთისგან ნაბოძები შეუფასებელი საჩუქარია..." - წარმატებული პიანისტი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მეუღლეს მიუძღვნა

2025-11-18 15:45:11+04:00

შალვა ჩიქოვანის სახელი და გვარი საქართველოში, ალბათ, ყველამ იცის - მან  თბილისის სამხატვრო აკადემია 1950 წელს თეატრის მხატვრობის მიმართულებით დაამთავრა. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მხატვარი… მის სახელს უკავშირდება სპექტაკლები: "ბაში–აჩუკი", "ქეთო და კოტე", "დაისი", "ოქროს ქორწილი"  და სხვ.

„ფოტო, რომელიც მხატვარმა შალვა ჩიქოვანმა გადამიღო 18 წლის ასაკში”, - წერს სოციალურ ქსელში მანანა ჩიქოვანი, შალვა ჩიქოვანის შვილი და ფოტოს აქვეყნებს. ფოტოს 2 ათასზე მეტი რეაქცია და 400-ზე მეტი კომენტარი აქვს... 

CHIKOVANI

"ვინაიდან დღეს მამას დაბადების დღეა და დილიდან მოგონებებში ვარ, გამახსენდა ერთი ამბავი და მინდა, თქვენც მოგითხროთ: მამას დაბადების დღე იყო, მისი ყველა მეგობარი ჩვენთან იყო, იყო ოხუნჯობა, სიხარული და დროსტარება. ჩვენს დიდ მხატვარს, პიკო ნიჟარაძეს სადღაც ეჩქარებოდა,მოიბოდიშა და კარისკენ წავიდა. მე და მამამ კარამდე მივაცილეთ, მამამ დაიწყო კარის გახსნა, ჯერ ერთი კლიტე გახსნა, მერე მეორე, მესამეზე რომ გადავიდა, პიკო მოტრიალდა, დაკვირვებით შემომხედა, მერე მამას მიუბუნდა და უთხრა: შალვა, მგონია, რომ კიდევ ერთი კლიტეც უნდა დაამატოო", - იხსენებდა ანანა ჩიქოვანი. 

მანანა ჩიქოვანის ოჯახი და კარირიერა 

მანანა ჩიქოვანი ქართველი პიანისტია. დაიბადა თბილისში, მხატვრისა და მომღერლის ოჯახში. მამა – შალვა ჩიქოვანი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, 50 წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. დედა – ვენერა ჩიქოვანი ამავე თეატრის ერთ–ერთი წამყვანი მომღერალი (მეცო–სოპრანო) იყო და არაერთ სპექტაკლში მონაწილეობდა.

მანანა და მისი და, ლიანა ვერაზე გაიზარდნენ. სამი წლის ასაკიდან უმეტეს დროს ოპერაში ატარებდნენ და ამან განაპირობა მათი პროფესიის არჩევაც. თუმცა ბავშვობაში მანანა ჯერ ბალერინობაზე, შემდეგ - მსახიობობაზე და რეჟისორობაზე ოცნებობდა, მაგრამ მუსიკის სიყვარულმა გადაძლია და მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაც დაამთავრა. 

MANANA_CHIKOVANI

დიპლომში აღნიშნულია, რომ მას მიენიჭა საკონცერტო პიანისტის, პედაგოგისა და კონცერტმაისტერის წოდება. ლიანა ჩიქოვანი კი ოთხსიმიან ხემიან საკრავს – ალტს დაეუფლა და ალტისტი გახდა. დღეს თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს პარიზში.

მანანა ჩიქოვანის მომავალი განსაზღვრა მისმა შეხვედრამ ლადო ათანელთან, დღეს სახელგანთქმულ მომღერალთან. ერთმანეთი კონსერვატორიაში გაიცნეს. მანანა თავიდანვე მოიხიბლა ლადოს ხმითა და პიროვნული თვისებებით. იგი ჯერ მისი კონცერტმაისტერი, მალე კი მეუღლეც გახდა. საოპერო პარტიების მომზადებისას კონსულტაციას მაესტრო ნოდარ ანდღულაძე უწევდათ. სწორედ მას სთხოვეს მეჯვარეობა და 1993 წლის 27 ნოემბერს მისივე ბინაში აღნიშნეს შეუღლება პატარა ქორწილით.

მანანა ჩიქოვანისა და ლადო ათანელის თანაცხოვრება უკვე 30 წელზე მეტს ითვლის. მათ ცხოვრების გარკვეული პერიოდი გერმანიაში გაატარეს, ბოლო წლებში კი სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს. 

კარიერული და პარტნიორული ცხოვრების შესახებ მათ რამდენიმე წლის წინ „რადიო ფორტუნაში“ სტუმრობისას ისაუბრეს: 

- რამდენად რთულია ლადო ათანელის მეუღლეობა? 

- ძალიან რთულია, რადგან ლადოს კახური ხასიათი აქვს. მაგალითად, თავისუფლად შეუძლია უარის თქმა „ქოვენთ-გარდენის“ დირექტორს მიწვევაზე. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ ჩემს რჩევებს ითვალისწინებს, მაგრამ სინამდვილეში, ყოველთვის იმას აკეთებს, რაც თვითონ უნდა, ამასთანავე, როგორც ქალწულის ზოდიაქოს ნიშანი, ძალიან ბევრს მაკრიტიკებს. 

– განსაკუთრებული სიურპრიზებით თუ განებივრეთ? 

– რა თქმა უნდა, არა. ვის გაუგია ქიზიყელი კაცის სიურპრიზი?!

– ქალბატონო მანანა, რა თვისებას აფასებთ ბატონ ლადოში ყველაზე მეტად? 

– საოცრად ნიჭიერი ადამიანია, ყველაფერი გამოსდის, რასაც მოინდომებს. მეტიც, საგურამოს სახლი მისი აშენებულია, ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა. 

– ქალბატონო მანანა, ვინ ზრუნავს ბატონი ლადოს კოსტიუმებზე?

– რა თქმა უნდა, მე ვზრუნავ. როცა საჭიროა, კოსტიუმერიც ვარ, რეჟისორიც და გრიმიორიც. 

ლადო ათანელი: ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ახლობელი – ის, ვის აზრსაც ენდობი, გაფასებს კრიტიკულად. ყოველთვის ძალიან მეხმარება მანანას სპექტაკლებზე დასწრება, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ობიექტურად შემაფასებს და ხარვეზებზეც ზუსტად მიმითითებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შემოქმედება არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩვენი და ორივესი ერთნაირადაა. 

MANANA_CHIKOVANI

მანანა ჩიქოვანის როლი ლადო ათანელის ცხოვრებაში მართლაც დიდია, ამას ისიც, მოწმობს, რომ დაქორწინების შემდეგ მანანა ჩიქოვანმა პიანისტის კარიერა გვერდზე გადადო და მთელი ცხოვრება მეუღლეს მიუძღვნა. მომღერლის შემოქმედებით წარმატებაში მას ლომის წილი მიუძღვის. მანანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლადოს შემოქმედების პირველი ეტაპის მონაპოვარი განვითარებულიყო და იმ ფენომენად ჩამოყალიბებულიყო ვოკალური ხელოვნების ისტორიაში, რომელიც დღეს ლადო ათანელის სახელითაა ცნობილი.

1990-იან წლებში საქართველოში იყო უმძიმესი პირობები – უშუქობა, გაყინული დარბაზები, დახურული თეატრები. ლადო დაუღალავად იღვწოდა ხმის დახვეწისა და შემდგომი დაოსტატებისთვის, მაგრამ გრძნობდა, რომ მის შემოქმედებით წინსვლას დიდი საფრთხე ემუქრებოდა. ერთადერთი გამოსავალი საზღვარგარეთ წასვლა იყო და 1993 წელს მანანამ და ლადომ გერმანიას მიაშურეს. თუმცა ცოლ-ქმარს თავდაპირველად არც გერმანიაში ჰქონდათ დალხენილი ცხოვრება. მატერიალურად უჭირდათ, ხუთი წელი ელოდნენ მოქალაქეობის მიღებას, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრიდნენ, საერთო ძალისხმევით არჩევდნენ და აანალიზებდნენ ამა თუ იმ ოპერისა თუ საკონცერტო პროგრამის არსს, მუსიკალურ-საშემსრულებლო ნიუანსებს და შედეგმაც არ დააყოვნა. დაუღალავი ტიტანური შრომის შედეგად მათ ერთობლივად მოამზადეს 40-ზე მეტი საოპერო პარტია.

კორესპონდენტის კითხვაზე „რა როლი აქვს მანანას მის ცხოვრებაში, ლადო ათანელი პასუხობს: „ - ვერ ვიტყვი, რა როლი აქვს, რადგან ის ჩემთვის ყველაფერია, ღმერთისგან ნაბოძები შეუფასებელი საჩუქარია, რომელზე ლაპარაკისას სიტყვები არ მეყოფა. ღმერთს შევთხოვე, რომ მინდოდა, პირველი პრემიის ლაურეატი სამჯერ გავმხდარიყავი. მან მისმინა და ჩემს მანანასთან ერთად, გავხდით სამჯერ პირველი პრემიის ლაურეატი“...

მანანა ჩიქოვანი არ დასჯერდა მხოლოდ ოჯახურ და შემოქმედებით ურთიერთობას. იგი გახდა ლადო ათანელის ბიოგრაფი და არქივარიუსი. მანანა ლადოს ყოველ საკონცერტო თუ საოპერო სპექტაკლს ხან ფოტოაპარატითა და ხან ვიდეოთი აფიქსირებს ნებისმიერ ქვეყანაში გამოსვლისას. თუმცა გადაღება არ შეიძლება, მაგრამ იგი ისე დაოსტატდა, რომ ლა-სკალაშიც კი ახერხებს ჩაწერას. გარდა ამისა აგროვებს მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილ სტატიებს. მისივე დამსახურებით 2013 წელს გამოიცა წიგნი „ლადო ათანელი: მოგონებები ნოველებად“.

MANANA_CHIKOVANI

"მანანამ ორი საოცარი წიგნის გამოცემას უხელმძღვანელა, მისი დამსახურებით არსებობს უამრავი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერი, აქტიურად მონაწილეობს საკონცერტო პროგრამების განხილვაში. მოკლედ, დიდი ძალაა, როცა გვერდით ნამდვილი პროფესიონალი, გასაოცარი ენერგიისა და ინტუიციის მქონე, განათლებული და გემოვნებიანი ადამიანი გყავს. მასთან ერთად 43 საოპერო როლი მოვამზადე, მისი თანადგომით გავიმარჯვე ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონკურსზე. ის მეგობარია როგორც შემოქმედებით, ისე პირად ცხოვრებაში".

მანანასთან ერთად ლადო ათანელმა 2009 წელს თბილისში დააარსა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“, რომლის მიზანია ფინანსურად დაეხმაროს ღვაწლმოსილ მომღერლებს, საოპერო თეატრის წამყვან მსახიობებს. ასევე, 2010 წლიდან ტარდება ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი ახალგაზრდა ნიჭიერი ვოკალისტების (35 წლის ასაკამდე) გამოსავლენად და საერთაშორისო სარბიელზე მათ გასაყვანად. ლადოსა და მანანასთან ერთად ცნობილი პედაგოგებისა და პროფესორებისგან შემდგარმა ჟიურიმ უკვე რამდენჯერმე დაასახელა გამარჯვებულები და მიაკუთვნა მათ ლადო ათანელის სახელობის სტიპენდია.

 MANANA_CHIKOVANI