"უკაცრავად, დიდი ბოდიშის მოხდით, მოღალატე თუ ვიყავი, არ ვიცოდი. ხმის უფლების ჩამორთმევის შემდეგ, მოქალაქეობასაც ხომ არ ჩამოგვართმევთ? ქვეყანაში შემოსვლას შევძლებთ თუ ვეღარ? მადლობა.
პ.ს საქართველოში მშობლების დაკრძალვაზე ვერ ჩამოდის ხალხი, ახლობლების, მეგობრების, ნათესავების... ზოგს ვიზა სჭირდება, ზოგს საშუალება არ აქვს, ზოგს - საბუთი... ასე ხაზის გადასმა ემიგრანტებზე ნორმალურია, თქვენი აზრით? თორემ ჩემი ხმა რომ არაფერს წყვეტს, ამას დიდი ხანია, მივხვდი. იქნებ, დახვრეტაც შემოიღოთ მოღალატეებზე. დიდი მადლობა. მეგობრებო" - წერს ნინი შერმადინი საკუთარ გვერდზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. ამ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ განცხადება სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

ნინი შერმადინის ცხოვრება აშშ-ში
ნინი შერმადინი ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა - 2003 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში „ნუცას სკოლა“, 2005 წელს გაემგზავრა იურმალაში, „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის მისაღებად. გახდა პირველი მომღერალი დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ კონკურსში. იქვე ფესტივალის მუზის, ალა პუგაჩოვას პრიზი მიიღო.
2007 წელს გახდა „იმედის ტალღის“ წამყვანი. 2008 წელს იმავე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გახდა. 2010 წელს მიიღო მონაწილეობა ბერძნულ X Factor!-ში, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ნინი შერმადინი იმყოფებოდა ქორწინებაში, ჰყავს ერთი ქალიშვილი, მარიამ ციცაგი. ნინი ახლა ქალიშვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს და იქ საქმიანობს, თუმცა განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და სწორედ ასე ინარჩუნებს კონტაქტს ქართველ გულშემატკივართან.
ნინი შერმადინის, ისევე, როგორც სხვა ყველა ემიგრანტის, ცხოვრება სამშობლოდან შორს მარტივი არ ყოფილა - მას რამდენიმე წლის წინ მშობლები გარდაეცვალა, პანდემიის გამო კი მათთან გამომშვიდობება ვერ შეძლო. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია ერთადერთი შვილის აშშ-ში წასაყვანადაც, თუმცა, საბოლოოდ, შეძლო ყველა პრობლემასთან გამკლავება და ახლა მასთან ერთად ცხოვრობს.