იტალიური მოდის სახლი Gucci ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პრესტიჟულ და ადვილად ცნობად მოდის ბრენდად. მის ჩვენებებში უამრავ ვარსკვლავს აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის იყვნენ ქართველებიც.
პირველი ქართველი, ვინც Gucci-ს ჩვენებაზე გამოვიდა, იყო მარიშა ურუშაძე. მან 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ამასთან, იყო Resort 2019-ის ერთ-ერთი სახე.
მარიშა ურუშაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც ისეთი მაღალი დონის ბრენდების ჩვენებებზე გამოვიდა, როგორებიც არიან Marc Jacobs და Gucci, აღსანიშნავია რომ მან 2017 წელს Gucci-სთან ექსკლუზიური კონტრაქტიც გააფორმა.

მარიშას შემდეგ იყო ლიკა რიგვავა. მან Gucci-ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა.
ლიკას წარმატებული კარიერა პოდიუმზე "Mercedes Benz Fashion Week თბილისიდან" დაიწყო. სწორედ იქ იხილა მოდელი ცნობილი გამოცემის, Vogue-ის წარმომადგენელმა და 5 საუკეთესო ქართველ მოდელ გოგონას შორისაც დაასახელა.
2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია ანნა გავვამაც წარადგინა. ის ლიკას რიგვავასთან ერთად იყო Gucci-ის კოლექციის სახე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მოდის დიდ სცენაზე ორი ქართველი ერთად ვიხილეთ.
„საქართველო – ნამდვილად საოცარი ქვეყანაა. მოდის სამყაროს მან არაერთი ნიჭიერი ადამიანი აჩუქა – არა მარტო დიზაინერები, არამედ მოდელებიც. პროცესი დღესაც გრძელდება. თბილისში ჩატარებულ მოდის კვირეულზე Mercedes-Benz Fashion Week პოდიუმზე ათობით ახალი სახის დანახვა შეიძლებოდა. ამ ახალი ტალღის წარმომადგენელი გახლდათ 23 წლის მოდელი ანა გავვა. ყველაზე ყურადღებიანებს გოგონა Balenciaga-ს და Gucci-ს ჩვენებებზე უკვე ნანახი ჰყავდათ. დიდი ბრენდების პოდიუმებზე მოდელმა გზა დამოუკიდებლად გაიკვალა“, – ასე წერდა „ვოგი" ანნაზე.

და ბოლო, რა თქმა უნდა მატილდა გვარლიანი. მან არამარტო გუჩის არამედ მსოფლიო წამყვანი ბრენდების გულიც მოიგო. მისი დებიუტი გუჩის პოდიუმზე 2023 წლის შემოდგომა/ზამთარის კოლექციის წარდგენისას შედგა. ამის შემდეგ კი მატილდას ხშირად ვხედავთ ბრენდის სახედ. აღსანიშნავია, რომ წელს მილანის მოდის კვირეული დემნას გუჩით გაიხსნა. ამ დროს ისევ ორი ქართველი ვიხილეთ ბრენდის გარშემო.

გუჩი (Gucci) იტალიური ლუქს ბრენდია, რომელიც 1921 წელს ფლორენციაში დააარსა გუჩიო გუჩიმ. თავიდან ის ტანსაცმელს კი არა, მაღალი ხარისხის ტყავის სამოგზაურო ჩანთებსა და აქსესუარებს ამზადებდა. ბრენდი მალე გახდა სიმბოლო ელეგანტურობისა და დახვეწილი იტალიური ხელოვნების.
1950–60-იან წლებში გუჩიმ საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა. მის პროდუქციას ჰოლივუდის ვარსკვლავები და არისტოკრატები იყენებდნენ. ამ პერიოდში გაჩნდა ელემენტები, როგორიცაა „ბამბუკის“ სახელურიანი ჩანთა
1980-იან წლებში ოჯახური კონფლიქტების გამო ბრენდი კრიზისში შევიდა, თუმცა 1990-იან წლებში ტომ ფორდის შემოსვლამ გუჩის ახალი სიცოცხლე შთაბერა – ფორდის თამამმა, გლამურულმა სტილმა ბრენდი კვლავ მოდის ინდუსტრიის წინა ხაზზე დააბრუნა.
დღეს გუჩი ეკუთვნის Kering ჯგუფს და გავრცელებულია გლობალურად, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვაციური მოდის სახლი.
აღსანიშნავია, რომ დღეს გუჩის შემოქმედებითი დირექტორი დემნა გვასალიაა.
"ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“, - ამბობდა დემნა გვასალია.