ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძე პოდკასტ "პოდკასტი Eclectic'ა"-ს სტუმარი იყო, სადაც მან მეუღლესთან დაშორებაზე ისაუბრა:
"ჩემი ცხოვრება შემდეგნაირად წარმომედგინა, რომ მეყოლებოდა კიდევ ერთი შვილი, სიბერეში ვისხდებოდით ბუხართან, გვექნებოდა ქორწილი, კაბაც შერჩეული მქონდა. ეს ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, რაღაც მოხდა, რაღაცებში ვერ გავუგეთ. ჯერ გათხოვება გამიჭირდა და მიკვირს ეს ხალხი როგორ ქორწინდება და შორდება, ჩემთვის ერთხელ დაოჯახებაც რთული იყო, იმიტომ, რომ მე ძალიან რთულად ვიღებ ადამიანებს.
ყველა მიყვარს, პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს გულთან რომ მოვიდეს და კარები გავუღო, ძალიან რთულია. მიჭირს ჩემს სამყაროში შემოვუშვა. რთულად გადავიტანე დაშორება, მაგრამ ძალიან დამეხმარა ღონისძიებები, ყველა ჩვენება, კინოში გადაღება, მეგობრები, მაქსიმალურად დავიტვირთე თავი და მიხარია, რომ გამოვდივარ და ვსუნთქავ თავისუფლად, ეს ყველაფერი ჩემით შევძელი.
ფსიქოლოგთან არ მივსულვარ, განა იმიტომ, რომ საჭირო არ არის, მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა როგორ გადავლახავდი ამას" - ამბობს თამო ვაშალომიძე.
წამყვანებმა მას კითხვა მისი ბრენდისა და მისი წართმევის მუქარების შესახებაც დაუსვეს:
- ბრენდის წართმევის შესახებ მუქარის მიზეზი განქორწინება იყო?
- კი, შეიძლება, მაგრამ მე ხომ უშიშარი გოგო ვარ, მუქარები არ ჭრის ჩემთან, ეს ბრენდი მე მეკუთვნის.

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
" ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა." - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.