" იმედი მაქვს, იამაყებს ჩემით, იმის ნახევრის ნახევარს მაინც გავაკეთებ..." - ზუკა ხუციშვილი მამის, მამობისა და ოჯახის შესახებ - Marao

" იმედი მაქვს, იამაყებს ჩემით, იმის ნახევრის ნახევარს მაინც გავაკეთებ..." - ზუკა ხუციშვილი მამის, მამობისა და ოჯახის შესახებ

2025-11-21 22:47:10+04:00

ხუციშვილების მუსიკალური ოჯახი წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს. გიო ხუციშვილმა შექმნა მუსიკალური ეპოქა, რომელიც დავიწყებას არასდროს მიეცემა. რა თქმა უნდა, დიდი ინტერესია მისი ოჯახის მიმართ - ზუკა მამის მსგავსად მუსიკოსია, ამასთან, გიოს გარდაცვალების შემდეგ ოჯახში დაიბადა პატარა გიო ხუციშვილი. ოჯახი ხშირად აქვეყნებს პატარას ფოტოებს. 

  • "ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პატარა გიოს გადავყვეთ ისე, როგორც დიდი გიო გადაჰყვებოდა და ყოველთვის ვასწავლი, როგორი მაგარი ბაბუა ჰყავს" - უსაყვარლესი პატარა გიო ხუციშვილი

ამჯერად ზუკა ხუციშვილთან ინტერვიუს "რადიო ფორტუნა" გვთავაზობს. ზუკამ მამობის, შვილისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა: 

- შენს მამობაზე ლეგენდები უკვე დადის, ახლა შენ მოგვიყევი, რა ემოცია, სიტკბოა პატარა გიოს დაბადება და მის გაზრდაში მონაწილეობა ასე აქტიურად…

ვერც ახსნი სიტყვებით, ზუსტად რა გრძნობაა. ძალიან რთულია, სანერვიულოა, მთელ ცხოვრებაზე ფიქრობ, გინდა, სულ კარგად იყოს, ცივი ნიავი არ მიაკარო… გააკეთო ყველაფერი მისი ბედნიერებისთვის, მუდამ ამ ფიქრებით ვარ. მომავალზე ვნერვიულობ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ერთად ვართ და ყველაფერს ვუმკლავდებით. ერთი დიდი სიყვარული დაიბადა და ეს სიყვარული თანდათან იზრდება…

- გარეგნულად რომ უყურებ, შენც გგავს და გიოსაც. როგორი შეგრძნებაა ეს?

ნელ-ნელა გვემსგავსება ყველას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ახლავს პატარა სევდა, ბაბუას ვერ გაიცნობს და ვერ ჩაეხუტება, მაგრამ ყოველთვის ვეტყვი და მოვუყვები, როგორი მაგარი ბაბუა ჰყავდა, ვაჩვენებ ყველაფერს. გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ გაიცნოს ისეთი, როგორიც იყო გიო. ფიზიკურად ვერ გაიცნობს, მაგრამ სულ ეცოდინება, როგორი მაგარი ბაბუა ჰყავდა…

- გაქვს მიზანი, რომ გიოსნაირი მამა იყო?

ძალიან რთულია, იყო გიოსნაირი გინდ მამობაში და გინდ – სხვა რამეში. იმედი მაქვს, იამაყებს ჩემით, იმის ნახევრის ნახევარს მაინც გავაკეთებ, რაც თავისი ოჯახისთვის და ყველასთვის გააკეთა…

ინტერვიუს სრულად ნახვა შეგიძლიათ fortuna.ge-ზე. 

zuka

გიო ხუციშვილის ოჯახი და კარიერა 

გიორგი (გიო) ხუციშვილი 1962 წლის 17 ივლისს თბილისში დაიბადა. იყო ქართველი მომღერალი და მსახიობი. იგი ასრულებდა ქართულ სიმღერებს როგორც მარტო, ასევე დუეტში; ერთ-ერთი მისი ცნობილი დუეტი იყო ნატო გელაშვილთან ერთად (ყველაზე ცნობილი სიმღერა — „აყვავდება როცა ნუში“).

მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია (ქდსპფ) „მემატიანეში“. გადაიღო კინონოველა „სინანული“ (1984), დოკუმენტური ფილმები: „აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს“, „საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ...“ (1985), „დედმამიშვილობა“ (1986), „იყო ასეთი ჭაბუკი“ (მ. გაგუასთან ერთად, 1988), „არჩევნები“ (1988), „თანამოაზრენი“ (გია ბალიაშვილთან ერთად, 1988) და სხვა. ქართული ღვინის კომპანია „თელიანი ველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, თბილისის სპორტის სასახლის დირექტორი.

2018 წლის 29 მაისს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. გიო ხუციშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმე სენით იყო დაავადებული. მომღერალი 2018 წლის 11 ივნისს თბილისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.