"პირველად ვიტყვი საჯაროდ, რომ იქ მთხოვა ხელი და თანხმობა ვუთხარი..." - აჩიკო ბერიძის მეორე ქორწინება და ჟურნალისტი მეუღლე - Marao

"პირველად ვიტყვი საჯაროდ, რომ იქ მთხოვა ხელი და თანხმობა ვუთხარი..." - აჩიკო ბერიძის მეორე ქორწინება და ჟურნალისტი მეუღლე

2025-11-21 23:26:58+04:00

აჩიკო ბერიძე ბავშვობიდან მღერის და პოპულარობაც პატარა ასაკიდან მოსდევს, თუმცა ჯგუფმა „ალილომ“ და პროექტმა „მიმღერემ“ მისი ცნობადობა და საზოგადოების მისდამი სიყვარული სულ სხვა მასშტაბში აიყვანა.  

beridze

აჩიკო ბერიძის ოჯახი

აჩიკო ბერიძემ ცოლი 2016 წელს მოიყვანა. მისი მეუღლე ნუცა ყანჩაველი გახლდათ, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს, თუმცა წყვილი 2022 წელს დაშორდა. 2 წლის წინ მუსიკოსის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპი დაიწყო, როცა მისი გზა ბავშვობის სიყვარულთან, ანა შამილაძესთან კვლავ გადაიკვეთა. 

  • "29 წლის შემდეგ აჩიკომ თავისი პირველი სიყვარული დაიბრუნა..." - აჩიკო ბერიძისა და ანა შამილაძის ზღაპრული სიყვარულის ისტორია 

ანა შამილაძე ტელეჟურნალისტია. მან „აჭარის ტელევიზიაში" მუშაობა 9 წლის წინ დაიწყო, დღეს კი საავტორო გადაცემა აქვს.

ანა შამილაძემ მეუღლის გაცნობის შესახებ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა. ამბობს, რომ მისი და აჩიკოს სიყვარული მეგობრობით დაიწყო ჯერ კიდევ 32 წლის წინ. დღეს კი მათ ბედნიერი, სიყვარულით სავსე ოჯახი აქვთ: 

"ჩემი და აჩიკოს ისტორია არის მართლა ისტორია, რომლებსაც ადამიანები სპექტაკლებისა და ფილმებისთვის სცენარებად წერენ. ბაღშიც ერთად დავდიოდით და სკოლის პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ, თუმცა ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა უკავშირდება სტუდიას „ბავშვთა ოპერა“, სადაც უამრავი ბავშვი დადიოდა. იქ განსაკუთრებულად დავახლოვდით, ის იყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემი მესაიდუმლე, ყველაფერს ვუყვებოდი, რაც ხდებოდა ჩემს ბავშვურ ცხოვრებაში. თავად ახლა ამბობს, რომ მისი პირველი სიყვარული ვიყავი, მაგრამ ისეთი ბავშვები ვიყავით, ამას ვერ გავუმხელდით ერთმანეთს. 15-16 წლამდე ჩვენი მეგობრობა გრძელდებოდა, მერე მე ჩემს გზაზე წავედი, აჩიკო – თავისაზე და იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. როცა აჭარის ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, აჩიკოს ხშირად ვიწვევდით სტუმრად და თითქოს რაღაც მოხდა. ბოლო სტუმრობა იყო საკრალური, დამპატიჟა თავის საღამოზე. მე ბოლომდე მეგონა, რომ ეს მიწვევა მეგობრული იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მას შემდეგ, მესამე წელია, რაც ერთად ვართ… გამოდის, რომ 32 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. გამოდის, რომ 29 წლის შემდეგ აჩიკო ბერიძემ თავისი პირველი სიყვარული დაიბრუნა… 

  • "იმედი მაქვს, იამაყებს ჩემით, იმის ნახევრის ნახევარს მაინც გავაკეთებ..." - ზუკა ხუციშვილი მამის, მამობისა და ოჯახის შესახებ

ერთი თვის წინ ესპანეთში ვიყავით ერთად და პირველად ვიტყვი საჯაროდ, რომ იქ მთხოვა ხელი და თანხმობა ვუთხარი. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში შევიყვანოთ, თუმცა იმდენი საქმე გვაქვს ზაფხულშიც და შემოდგომაზეც, რომ ჯერ საქმეებს მივხედავთ, შემდეგ კი აუცილებლად დავადგებით ოფიციალურობის გზას", - ამბობს ანა შამილაძე ინტერვიუში, რომლის სრულად ნახვა შეგიძლიათ  fortuna.ge-ზე.