გიორგი ყიფშიძე 1977 წელს დაიბადა. არის თეატრისა და კინოს მსახიობი. პოპულარობა მოუტანა სერიალ „ცხელ ძაღლში“ ნათამაშებმა „ლექსო ნიჟარაძის“ როლმა. არის ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილი და ელენე ყიფშიძის შვილიშვილი. იყო ტელეპროექტ „ნიჭიერის“ წამყვანი. დღეს გიორგის ნახვა თეატრის სცენაზეა შესაძლებელი - ის აქტიურადაა დაკავებული სხვადასხვა სპექტაკლში.
გიორგი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მან უმშვენიერეს მოდელ კრისტი ყიფშიძეზე იქორწინა. მათ ერთი ქალიშვილი, ნატალია შეეძინათ. ნატალიას საზოგადოება უკვე კარგად იცნობს - მას, როგორც ცნობილი ოჯახის წარმომადგენელს, ბავშვობიდან ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა პოპულარულ ტელეგადაცემაში. პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა, თუმცა ოჯახურ ტრადიციას გვერდი ვერც მან აუარა და მსახიობის ამპლუაშიც არაერთხელ ვიხილეთ. ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.
მეორედ გიორგი ყიფშიძე ანი ჩიკვილაძეზე იყო დაქორწინებული. ამ ურთიერთობას თან ახლდა ხმაურიანი განცხადებები, ჭორები... წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მათ ქორწინებაში ერთი ვაჟი, ალექსანდრე შეეძინათ. ალექსანდრე დედასთან ერთად ცხოვრობს და, უფროსი დისგან განსხვავებით, კამერების წინ იშვიათად ჩნდება.
გიორგი ყიფშიძემ მესამედ ენი გასოევაზე იქორწინა. ასაკობრივი სხვაობა, ხმაურიანი ინტერვიუები და ცხოვრების სტილი მათ ხშირად აქცევდა მედიის ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ბედნიერ ურთიერთობაზე საუბრობდა, წყვილი ერთმანეთს მაინც დაშორდა. ენისა და გიორგის ორი შვილი, კოსმო და ლუნა ჰყავთ.
ენი გასოევამ გიორგი ყიფშიძესთან ხმაურიანი განქორწინების შესახებ არაერთხელ ისაუბრა, ამჯერად კი ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ ჟურნალ "თბილისელებს" მოუყვა.

„21 წლის ვიყავი, როცა დავფეხმძიმდი და 22 წლის უკვე დედა გავხდი. პატარა ასაკში გავაჩინე შვილი, ვფიქრობდი, დედობისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დგები, ხვდები, რომ რაღაცებისთვის მზად არ ხარ. თუმცა იმდენად სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელია დედობა, რომ ყველაფერს ხაზი ესმება, როცა შენს შვილს თვალებში უყურებ და ხედავ, რამდენი სიყვარულია მასში. ეს სიყვარულია ჩემთვის ყველაზე მთავარი.
გიორგი მე მადანაშაულებს, თუმცა მე საკუთარი შეხედულებები მაქვს და ოჯახის დანგრევის მიზეზებს ჩემებურად ვხედავ. ამდენი ხანი ხმას არ ვიღებდი და ახლაც არ ვაპირებ დაწვრილმანებას, თუმცა გეტყვით, რომ დაგროვდა, დაგროვდა რაღაც-რაღაცები და ბოლოს აფეთქდა. როცა ოჯახი ინგრევა, იქ ორივე დამნაშავეა და ჩვენი ორივეს ბრალი იყო. არ ვაპირებ რამე დავაბრალო, ეს ჩემს ბუნებაში არ ზის.

არაერთხელ უთქვამს, რომ ენიმ შვილები მიყარაო, რაც სრული აბსურდია, რადგან მე ჩემი შვილები ნამდვილად არ მიმიტოვებია. ყველაფრის მიუხედავად, ვმეგობრობ, ხშირად ავდივარ გიორგისთან სახლში, ძალიან მიყვარს, ჩემი ოჯახის წევრია, ჩემი შვილების მამა, თუმცა შერიგებას არ ვაპირებ.
როცა გიორგისთან ჩვენი დაშორების ამბებზე ვიწყებ საუბარს, მეუბნება, ამაზე რა დამელაპარაკო, თორემ ვიჩხუბებთო. ორივეს ჩვენი აზრი გვაქვს და ამას ვერ შევცვლით…“
ინტერვიუს სრულად ნახვა შეგიძლიათ ჟურნალ "თბილისელების" 24 ნოემბრის ნომერში.