ინოლა გურგულიას ქალიშვილი, მსახიობი ია შუღლიაშვილი მარჯანიშვილს თეატრის მსახიობია. წარმატებული თეატრშიც და კინოშიც, მსახიობი ყოველთვის გამოირჩევა დასამახსოვრებელი როლების სიმრავლით. დედის სიმღერებსაც მღერის და მის ანდერძს ასრულებს - იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ მე ცოცხალი ვიყოო.
იამ ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი დაამთავრა. კონსერვატორიაში აბარებდა, როცა შეიტყო, რომ თურმე დედას უნდოდა, ია მსახიობი გამოსულიყო, ამიტომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მარჯანიშვილის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებიდან დღემდე უამრავ სპექტაკლში ითამაშა.
ია შუღლიაშვილის კარიერა დედის დამსახურებაა - სწორედ დედას უნდოდა, რომ შვილი მსახიობი გამოსულიყო. ამიტომ, იამ სკოლის დამთავრების შემდეგ კარიერაზე ფიქრი დაიწყო. მაშინ ინოლა გურგულია უკვე გარდაცვლილი ყო, იამ კი დედას სურვილი შეუსრულა.

ამჯერად ია შუღლიაშვილი Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ სტუმარია, სადაც მკითხველის კითხვებს პასუხობს:
- ვინ გირჩიათ მსახიობობა, თუ თავად გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მსახიობი?
- მსახიობობაზე ბავშვობიდან არ მიოცნებია. ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი დავამთავრე, რომლის შემდეგ, წესით, კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ჩემ გარშემო იმდენად ბევრი მუსიკა იყო, რომ სხვა რაღაცის გაკეთება მინდოდა. დედა უკვე აღარ იყო ცოცხალი, როცა გავიგე, რომ სურდა მსახიობი გავმხდარიყავი. ეს გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე.
- რამდენი წლის იყავით დედა რომ დაკარგეთ და როგორ გაგრძელდა ცხოვრება დედის გარეშე?
- 10 წლის ვიყავი, თუმცა ინოლასგან ბევრი რამ მახსოვს. იმდენად სავსე ადამიანი იყო, რომ ეს სისავსე ჩვენთვისაც გადამდები იყო. დედის გარდაცვალების შემდეგ რთული იყო, 10 წლის ბავშვი უნებლიედ რაღაც გზებს ვპოულობდი, რათა შემემსუბუქებინა ცხოვრება... მახსოვს, იმ პერიოდში უფრო ღრმად გავიცანი დედის შემოქმედება, სიმღერები და სახლში როცა მარტო ვრჩებოდი, ვცდილობდი, ისინი გამერჩია, ჩავწვდომოდი, მიმეღო და ჩემი გამხდარიყო. ეს იყო შვება და ინოლასთან კონტაქტი.

- იშვიათი სახელი ერქვა, ვინ დაარქვა და რაიმე ისტორია ხომ არ ახლავს მისი სახელის დარქმევას?
- ინოლას სახელს ასეთი ისტორია აქვს - ეს თვითონ აქვს აღწერილი. ბიძამისს, სვანეთში ყოფნისას, ერთ-ერთი საფლავის ძველ დიდ ქვაზე ამოუკითხავს რაღაც სახელი. გარკვევით მხოლოდ ინოლა ჩანდა. შეიძლება იყო დირ-ინოლა ან მარ-ინოლა ან კიდევ რაღაც სხვა ვერსია. წინა ნაწილი ჰკლებია. ინოლას შემდგომ ასე უწერია, - "ზაფხულის ცხელ დღეს ეს სახელი დამარქვეს“. განსხვავებული სახელია, თუმცა აღმოჩნდა, რომ სახელი ინოლა არსებობს, ოღონდ, საქართველოში პირველს დედას დაერქვა. ახლა უკვე ბევრი ინოლაა, ბავშვებს არქმევენ. ოჯახშიც გავაგრძელეთ ეს ტრადიცია და ჩემი ძმისშვილია ინოლა.
- 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი და როგორი იყო მისი სიცოცხლის ბოლო დღეები?
- დიახ, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. თურმე სცოდნია, მისი დაავადების შესახებ - სიმსივნე ჰქონდა, წინასწარ ანდერძიც დაუწერია. მისი ანდერძი მერე აღმოვაჩინეთ. არადა, ყველა სტუმარს, ვინც მის სანახავად მოდიოდა, იქით ამხიარულებდა, უმღეროდა და სევდას აქრობდა. არ უნდოდა, მის გარშემო სევდა ყოფილიყო. ანდერძს მისი სამუშაო მაგიდის ერთ-ერთ თაროზე მივაგენით-ანდერძში მიმართავს მამამისს, მეუღლეს, შვილებს, მეგობრებს. წერს, როგორ უყვარს თავისი ოჯახი, სამშობლო, რომ მას უნდა ვემსახუროთ და ვიყოთ ღირსეულნი. პირადად ჩვენ, ბავშვებს კი ეს დაგვიტოვა - "იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ და იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო“...
- როგორი დედა და ბებია ხართ - გაგვაცანით თქვენი ოჯახი?
- მყავს ორი ვაჟი, უფროსი პირველი ქორწინებიდან და მისგან ორი შვილიშვილი - ბიჭი და გოგო - 11 წლის და 9 წლის. მეორე შვილი - 20 წლისაა. მყავს მეუღლე და არაჩვეულებრივი რძალი, ჩემი ნინიკო. ვცდილობთ, რომ მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვროთ.
