გუშინ, 27 ნოემბერს, 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მარცხით დაიწყო, თამაში უკრაინის გამარჯვებით, ანგარიშით 79:92 დასრულდა.
ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა თითქმის 20-წლიანი სპორტული კარიერა დაასრულა და გამოსამშვიდობებელ სიტყვაში "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა. ნაკრებში მისი ბოლო მატჩი კი 30 ნოემბერს, ესპანეთში შედგება.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სახელმწიფოს ბატონი პრემიერის მეთაურობით. დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, რასაც სპორტისთვის აკეთებთ", - ეს იყო გიორგი შერმადინის გამოსამშვიდობებელი სიტყვა, რასაც დარბაზში მყოფი გულშემატკივრისგან სტვენა და უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
ამ ფაქტის შემდეგ გიორგი შერმადინი სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა - სპორტის გულშემატკივრები თუ ცნობილი ადამიანები მის ამ განცხადებას აფასებენ.

შერმადინმა თავისი პროფესიონალური კარიერა 2005 წელს, 16 წლის ასაკში, მშობლიურ საქართველოში, თბილისის „მაკაბის“ რიგებში დაიწყო.
2008 წლის იანვარში შერმადინმა ხელი მოაწერა კონტრაქტს საბერძნეთის საკალათბურთო ლიგის გუნდ „პანათინაიკოსთან“. მას შემდეგ, რაც 2008 წლის NBA დრაფტზე არ იყო არჩეული, 2008 წლის 17 ოქტომბერს „პანათინაიკოსთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2010 წლის იანვარში ის იჯარით შეუერთდა სლოვენიურ კლუბ „უნიონ ოლიმპიას“ სეზონის ბოლომდე, სადაც ევროპული კლუბების უმაღლეს დონის შეჯიბრში, ევროლიგაში, საშუალოდ 11.4 ქულას, 6.5 მოხსნას და 1.2 დაფარებას აგროვებდა თითოეულ მატჩში. 2010 წლის ივლისში ის კვლავ შეუერთდა „პანათინაიკოსს“. 2011 წლის იანვარში ის კვლავ იჯარით გაუშვეს „უნიონ ოლიმპიაში“.
2011 წლის აგვისტოში შერმადინმა დატოვა „პანათინაიკოსი“ და იტალიის ლიგის კლუბ „პალაკანესტრო კანტუს“ შეუერთდა.
2012 წლის ივნისში ის ისრაელის ლიგის გუნდ „მაკაბი თელ-ავივში“ გადავიდა. იმავე წლის ნოემბერში მან კლუბი დატოვა და საბერძნეთის ლიგის კლუბ „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა, სადაც მან 2013 წელს ევროლიგის ტიტული მოიგო, რითაც ორჯერ გახდა ევროლიგის ჩემპიონი (პირველად 2009 წელს „პანათინაიკოსთან“ ერთად). 2013 წლის აპრილში ის იჯარით ესპანეთის ლიგის კლუბ „სარაგოსას“ შეუერთდა.
2013 წლის ზაფხულში ის კვლავ დაბრუნდა „ოლიმპიაკოსში“. 2014 წლის თებერვალში „სარაგოსას“ კვლავ იჯარით შეუერთდა.
2014 წლის სექტემბერში შერმადინმა იტალიის ლიგის კლუბ „პალაკანესტრო კანტუსთან“ გააფორმა კონტრაქტი, სადაც 2014–2015 წლების სეზონი გაატარა.
2015 წლის ოქტომბერში ის ესპანეთის ლიგის კლუბ „ანდორას“ შეუერთდა.
2017 წლის ივნისში მან ესპანეთის ლიგის კიდევ ერთ კლუბთან, „უნიკახა მალაგასთან“, გააფორმა კონტრაქტი.
2019 წლის ივლისში შერმადინი შეუერთდა ესპანეთის ლიგის კლუბ „ტენერიფეს“. 2021 წლის მაისში ის დასახელდა ესპანეთის საკალათბურთო ლიგის (ACB) ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) 2020–2021 წლების სეზონში.
2022 წლის 15 მაისს მან „ტენერიფესთან“ ერთად მოიგო FIBA ჩემპიონთა ლიგა. ის დასახელდა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეულის MVP-ად, რომელშიც საშუალოდ 14 ქულას, 5.5 მოხსნას და 2.5 საგოლე გადაცემას აგროვებდა. 2023 წლის მაისში მან მეორედ მოიგო ესპანეთის ლიგის MVP ტიტული. 2024 წლის მაისში ის მეშვიდედ (რეკორდული მაჩვენებელი) დასახელდა All-Liga ACB პირველი გუნდის წევრად.
შერმადინი არის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი. მან მონაწილეობა მიიღო ევრობასკეტ 2013-სა და ევრობასკეტ 2017-ზე. ასევე ითამაშა 2023 წლის FIBA მსოფლიო ჩემპიონატზე.

გიორგი შერმადინის მეუღლე ანა ამაშუკელია. წყვილს 5 შვილის ჰყავს.
„მე დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში ვმუშაობდი, რომლის იუბილეზე ჯამლეტ ხუხაშვილი და გიორგი შერმადინიც იყვნენ დაპატიჟებული. იქ გავიცანი, ალა-ფურშეტის დროს, როგორც ხდება ხოლმე, ბიჭები შეუთამამდებიან გოგონებს და გიორგისაც ასე დაემართა, ტელეფონის ნომერი მთხოვა და ძალიან მალე დამირეკა. მისი ანთებული თვალებით თავიდანვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. გიორგი თავიდან ცოტა ვაწუწუნე, მაგრამ მერე შევხვდით. არა იმიტომ, რომ ქალმა მამაკაცი უნდა აწუწუნოს, არამედ იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ საკმაოდ სერიოზული ურთიერთობებში, არ მიყვარს ურთიერთობის ადვილად წამოწყება. მცირე წუწუნის შემდეგ შევხვდი და ნელ-ნელა, აგურ-აგურ ავაშენეთ ჩვენი ურთიერთობა” - იხსენებდა ანა ამაშუკელი.

თავად გიორგი კი ოჯახის შესახებ ასე საუბრობდა:
„უკვე 10 წელზე მეტია, რაც მე და ანი ერთად ვართ. თბილისში გავიცანი, ერთ-ერთი კლინიკის 10 წლის იუბილეზე, რომელზეც ჯამლეტ ხუხაშვილი იყო დაპატიჟებული და ის სადაც მიდიოდა, ყველგან თან დავყავდი. ჩამაცმევდა ხოლმე "მაკაბის" ფორმას და მივყავდი. ანი იქ გავიცანი. მერე მალე მომიწია საბერძნეთში წასვლა, მაგრამ ტელეფონით ვკონტაქტობდით და რაღაც დროის შემდეგ დავოჯახდით. პირველი გოგონა შეგვეძინა, მერე - ნიკოლოზი, ბოლოს კი ტყუპი გოგონა. ოთხი შვილის მამობა მაგარი რამაა... დარბიან და "მამიტო", "მამიტოს" მეძახიან, ძალიან ვუყვარვარ. ტელევიზორში რომ მხედავენ, ეკრანს ხელს ურტყამენ - "მამიტო". დიდი სიხარულია. ღმერთს მადლობა, რომ ასეთი დიდი ოჯახი ვართ”.
