მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ცოტა ხნის წინ გია ჯაჯანიძის გადაცემა "სხვა რაკურსის" სტუმარი იყო, სადაც მომღერალმა ოჯახზე ისაუბრა:
"3 წლის ვიყავი, რომ დავიწყე სიმღერა, როგორც კი მუსიკას გავიგებდი, ეგრევე რეაქცია მქონდა. ჩემი და დადიოდა გუნდში და დედაჩემმა უბრალოდ წამიყვანა, რომ ვუყურებდი, მეც ავყევი და მასწავლებელს იმდენად მოეწონა, რომ მეც ჩამსვა. ოჯახი ყველანაირად ხელს მიწყობდა.
ჩემი სოფელი ძალიან მიყვარს, ამერიკაში რომ ვიყავი, ვფიქრობდი, არასდროს წარმომედგინა ჩემი სოფლის გზა ასე თუ მომენატრებოდა. რაც შეეხება ჩემ ოჯახს, ნამდვილად არ მყავს მდიდარი მშობლები, გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივარ, თუმცა არასდროს მიგრძნია ეს გაჭირვება. ახლა რომ ვუყურებ იმ ეტაპებს, უფრო ვაანალიზებ, როგორი გაჭირვება გვქონდა, თუმცა იმ მომენტში ამას ვერ ვამჩნევდი.
იმდენად მოსიყვარულე და ერთად შეკრულ ოჯახში გავიზარდე, ამას ვერ ვამჩნევდი. ბებოს დავყავდი გადაღებებზე. დილის შვიდ საათზე გამოვდიოდით სოფლიდან და ღამის 12 საათზე მივდიოდით. ბევრჯერ ყოფილა ის მომენტი, როცა ამ ყველაფრისთვის ფული უსესხებია. სოფლის მაღაზიაში მუშაობდა მთელი დღე თორმეტ საათამდე, ჩემთვის რომ ხელი შეეწყო. იქვე მამეცადინებდა ხოლმე.
რამდენჯერ მქონია ისეთი მომენტი, როცა რაღაც მიყიდია, რაზეც ვოცნებობდი, ახლა კი ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მომენტია. ამაზე ხშირად ვფიქრობ...მინდა ჩემს ოჯახს ვაჩუქო ისეთი მომავალი, რომელიც მხოლოდ გიჟურ სიზმრებში წარმოუდგენიათ“, - ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

ალექსანდრე ზაზარაშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტით "ნიჭიერი" გაიცნო. პატარა ბიჭის საოცარი ხმა მალევე შეიყვარა მსმენელმა და მის გულშემატკივრად იქცა. ალექსანდრე ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა დიდ თუ მცირე კონკურსა და პროექტში, მოგვიანებით კი ბედი საზღვარგარეთ, უკრაინაში სცადა. იქ მოპოვებულმა გამარჯვების სიხარულმა კი მთელი საქართველო მოიცვა.
მოგვიანებით, 2020 წელს ალექსანდრე აშშ-ში წავიდა, სადაც არაერთ ცხოვრებისეულ თუ კარიერულ პრობლემასთან მოუწია გამკლავება. ამას თან დაერთო გარდატეხის ასაკი და ხმის ცვლილება. მაშინ ალექსანდრეს ცხოვრებაში გამოჩნდა ძალიან ცნობილი პროდიუსერი დეივ შონვეტერი, რომელიც ახალგაზრდა მომღერალს სირთულეების დაძლევასა და წინსვლაში დაეხმარა.
ახლა ალექსანდრე ზაზარაშვილი საქართველოში იმყოფება, მშობლიურ მხარეში, გორში სოლო კონცერტისთვის ემზადება და წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს.

"9 წლის ვიყავი, როცა "ნიჭიერში" გამოვედი, ნახევარფინალში გადავედი. ეს იყო ჩემი პირველი მასშტაბური გამოჩენა. შემდეგ "რანინაშიც" მივიღე მონაწილეობა, აქაც ნახევარფინალამდე მივედი. მანამდე ბულგარეთშიც ვიყავი კონკურსზე, იქ შემამჩნია პროდიუსერმა და ამიტომ წავედი შემდეგ უკრაინაში. კონკურსების დიდი ტრავმა მაქვს გამოვლილი, სხვა თემაა რა დამიტოვა ამ კონკურსებმა.
როცა ამერიკაში ვარ, ყველაზე ძალიან ოჯახის წევრები მენატრება. როცა ამერიკაში ჩემი ქართველი ნაცნობობები ამბობდნენ, ბოლოს მაინც საქართველოში წავალთო, არ მესმოდა, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ პირველად რომ დავბრუნდი, მეც მივხვდი და ვიგრძენი, რასაც გულისხმობდნენ.
მომწონს ამერიკის ტემპი, ერთ წამში გადის ერთი საათი. თუ ორი წუთით გავჩერდი, მგონია, რომ ცხოვრება გადის და მე ერთ ადგილას ვარ. საქართველოშიც დავგეგმე კონცერტი, აქაც ვცდილობ რაღაცების გაკეთებას, მაგრამ დრო აქ ძალიან ნელა გადის. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, აქ თავს სტუმრად ვგრძნობ. ძალიან მიყვარს აქაურობა, მგონია, რომ ყველა კუთხე რაღაც საიდუმლოს ინახავს, ემოციებით ვივსები", - ამბობდა ალექსანდრე ზაზარაშვილი თათია სულუაშვილის გადაცემაში "თათიას გმირები".