ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა. მისი რჩეული ექიმი თათია ერქვანიძეა. ნოდიკო დაოჯახებისა და შვილის მოლოდინის შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავდა, ეს სიახლე კი საზოგადოებას მხოლოდ მას შემდეგ გაუმხილა, რაც კესანე სამყაროს მოევლინა.
ნოდიკომ ეკა ჩხაიძეს გადაცემაში " პირველი სტუდია", მისი და თათიას გაცნობის ისტორია გაიხსენა.
"დაახლოებით ორი წლის წინ გავიცანით მე და თათიამ ერთმანეთი, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის ღონისძიებაზე. მაშინ ჩვეულებრივი კომუნიკაცია შედგა, ამის შემდეგ კიდევ ერთ საღამოზე შევხვდით, მერე სოციალურ ქსელებში მიწერა დავიწყეთ და ასე მოვედით დღემდე.
თათია არის ძალიან კარგი ადამიანი, სწორი ღირებულებებით. ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი, თან პატარები აღარ ვართ. პატარა ასაკში უფრო სხვანაირად იღებ გადაწყვეტილებებს. ჩვენს შემთხვევაში იყო ემოციაც და გააზრებული ნაბიჯიც, რომ ერთად გაგვეგრძელებინა ცხოვრება, ამის შემდეგ კი ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა პატარა კესანე, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
მე და თათიას გვინდოდა, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ არავის სცოდნოდა. იცოდა ოჯახმა და ვიწრო წრემ. ჩვენმა უახლოესმა ადამიანებმა დაგვიმტკიცეს ძალიან დიდი ერთგულება და მართლა არავის არსად არაფერი უთქვამს. ორსულობის პროცესი არ არის მარტივი, ყველაფერს მოფრთხილება უნდა, თან თათია ემოციურია, ემოციებს მოფრთხილება უნდა, მოვილაპარაკეთ, რომ არსად არ გვეთქვა და გამოგვივიდა.
თათიას ორსულობის პერიოდში მომიწია აშშ-ში წასვლა და მუცლად მყოფ კესანეს თათია ჩემს სიმღერებს ასმენინებდა. სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, თათიას თავისი ვერსიები ჰქონდა, განვიხილავდით. რომ გავიგეთ, გოგო იყო, ზაფხულშივე ვიცოდით, რას დავარქმევდით. მომწონს ძალიან ეს სახელი - კესანე.
ბავშვის მოვლის რუტინაში ჩართული ვარ, გამოცვლის დონემდე. თათია გადარეული დედაა, არასდროს არ იღლება. ბავშვი ჭამს დედის რძეს და თათია ამით არის უბედნიერესი. პრეტენზიული არ არის, თუ აწუხებს რაღაც ან შია, გვაგებინებს. ვუმღერი ხოლმე და მოსწონს. ამასწინათ ერთ-ერთ ქართულ სიმღერას ვუმღეროდი და ისე მოეწონა, მშვიდად დაიძინა. ღამის თენებებიც იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, ვერ ვიფიქრებდი ოდესმე, რომ დღე-ღამეში 7-8 საათი ვერ დავიძინებდი, 2-3 საათი ძილი თავისუფლად მეყოფოდა.
კესანე მეც მგავს, თათიასაც, მის ძმასაც, ჩემს დასაც, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად, მგონი მე მგავს. თათიამაც აღიარა... თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ვის ჰგავს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლამაზია ჩემი კესანე.
ვერ აგიხსნით რა შეგრძნებაა, ხშირად რომ უყურებ და გული გიჩუყდება, შენს შვილს რომ უყურებ... მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რომ მე და თათია გაგვაბედნიერა ისე, ჩვენი თავები გადმოვდეთ მეორე ადგილას და ახლა ჩვენი მთელი ცხოვრება, ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი კესანეა. ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავიც კესანეა და ყველა მშობლისთვის ასე იქნება", - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი ინტერვიუში.

ნოდიკოს მეორე ნახევარი ექიმი ემბრიოლოგი თათია ერვანიძეა.
თათია 10 წელზე მეტია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის სფეროში (ART) საქმიანობს და ასრულებს 2000 – ზე მეტ ICSI– ს წელიწადში IVF ლაბორატორიაში. იგი გამოცდილია ემბრიონის მიკრომანიპულაციის, კრიოპრეზერვაციის მიმართულებით, წარმატებით მუშაობს TESA, MicroTESE, IUI, IVF პროცედურებზე.
თათია ერქვანიძე 2004-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, ციტოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2009-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა რეზიდენტურა ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით.