"იცით, როგორ ვგრძნობდი თავს, აი, მარიტას რომ ტალახს ესვრიან" - ნეკა დოროყაშვილის ვრცელი ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილზე, ოჯახსა და განვლილ ცხოვრებაზე - Marao

"იცით, როგორ ვგრძნობდი თავს, აი, მარიტას რომ ტალახს ესვრიან" - ნეკა დოროყაშვილის ვრცელი ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილზე, ოჯახსა და განვლილ ცხოვრებაზე

2025-12-02 14:15:40+04:00

ცოტა ხნის წინ რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი ნეკა დოროყაშვილი იყო. მან უამრავ თემაზე ისაუბრა, როგორიცაა ოჯახი, ნიკოლ ბასილაშვილთან ამჟამინდელი ურთიერთობა და სხვა.

"იცით, მე მაქვს სკანდალური ქალის იმიჯი, არა, არ დავიღალე ამ ყველაფრით, მომწონს. მე მომწონს, როცა ვარ ის, ვინც ვარ. საზოგადოებამ გამიცნო, საზოგადოებამ გამრიყა. იცით, როგორ ვგრძნობდი თავს, აი, მარიტას რომ ტალახს ესვრიან. ასე ვიყავი დიდი ხანი, ძალიან მწარე რეალობამ მასწავლა დიდი გამარჯვება, როცა შენს თავთან გამარჯვებული ხარ.

ჩემი შვილით, ჩემი ოჯახით გავუმკლავდი, იმ დროს გავაცნობიერე, რამდენი ადამიანი მყავდა ირგვლივ, დიდი ნათესაობა, თუმცა გვერდში მხოლოდ ოჯახი დამიდგა. ძალიან ბევრი ადამიანი გადავაფასე, თუმცა წყენა გულში არ დამიტოვებია. ოჯახის გარდა, იყო რამდენიმე მეგობარი, ვინც გვერდში მედგა. ეს რთული პერიოდი გაგრძელდა ორი წელი, ორი წელი – ჯოჯოხეთში. ერთ მშვენიერ დღეს სარკეში თმაგაწეწილ საკუთარ თავს მოვკარი თვალი. თვალი თვალში გავუყარე, მაშინ მივხვდი, რომ დავიწყე საკუთარი თავის გაცნობა. მივხვდი, რომ საკუთარი თავი ყველანაირი უნდა მიიღო. ჩვენ იმდენად პატარები ვიყავით, ნიკა იმდენად პატარა იყო, რომ ვერ მოვუფრთხილდით ერთმანეთის სიყვარულს, ვერ დავიცავით ერთმანეთი. დღევანდელი გადმოსახედიდან, სასამართლომდე არ მივიყვანდი ამ ყველაფერს, თუმცა არ ვნანობ, რადგან სასამართლომ მაჩუქა სცენა, რომელიც მე ავაშენე და ახლა ვიწყებ, მე სიმღერამ გადამარჩინა" - ამბობს ნეკა.

  • „დედამისმა ჩვენს შორის გააღვივა აგრესია... დღეს ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს” - ნეკა დოროყაშვილის აღიარება: რას წერს მოდელი ყოფილი დედამთილისა და მეუღლის შესახებ 

ნეკამ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაშორებაზე და შემდეგ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

"მე და ნიკამ დავასრულეთ ყველაფერი, ჩვენ აღარ გვაქვს ერთმანეთის მიმართ აღარც აგრესია, აღარც წყენა, აღარც გაღიზიანება. არ მინდოდა, ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელებულიყო. ამ სტატუსის შემდეგ ბევრმა დაწერა, ამას გადაუხადესო… მე ხომ „გოლდ დიგერად“ შემრაცხა საზოგადოებამ, თუ უნდათ, დამიძახონ ეს ჩემთვის სულერთია.

ამის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, ვიყავი იმ ადამიანთან ბედნიერი, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო. მიზეზი გახლდათ ის, რომ ჩვენ ზედმეტად გადავეშვით სიყვარულის მორევში. გეგმები არ დაემთხვა… ის არ მოდის ამერიკაში, მე მივდივარ ამერიკაში… საოცრად ბედნიერი ვიყავი მასთან ერთი წელი, თუმცა მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობას არ ჰქონდა მომავალი, ჩვენ ერთმანეთი ლამაზად გავუშვით" - ამბობს ნეკა.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ქართულად მღერის: არაჩვეულებრივი შესრულება და კადრები საქართველოდან 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს - ნეკა დოროყაშვილს შორის არსებული დავის დეტალები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამ ხმაურიან საქმეს დიდხანს იხილავდა სასამართლო და მედიითაც აქტიურად შუქდებოდა. ისიც ცნობილია, რომ მათ საერთო ქორწინებაში ჰყავთ შვილი, რომელიც დედასთან ცხოვრობს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ნეკა დოროყაშვილმა ოჯახში ძალადობის შესახებ ხმამაღლა ისაუბრა. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებული სპორტსმენია და მას საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ხანგრძლივი სასამართლო პროცესებისა და არაერთი სკანდალური დეტალის გასაჯაროების შემდეგ, მოსამართლემ ჩოგბურთელი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ ბასილაშვილის ახლანდელი მეგობარი გოგო, გერმანელი სპორტსმენი, შარლოტა ელენაც დაკითხა, რომელიც საყვარელი მამაკაცის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო. 

წყვილი ახლა ცალ-ცალკე აგრძელებს ცხოვრებას. ნეკა სოციალურ ქსელში აქტიურია, ნიკა - ნაკლებად. ისინი აგრძელებენ საკუთარ საქმეს, შვილს კი ნეკა ზრდის. როგორც ნიკა ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, ყოფილი მეუღლე მამას შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს. არადა, კარგა ხანია, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსამართლემ ნიკას შვილის ნახვის დღეები განუსაზღვრა კიდეც. ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილი კანონს არღვევს და მამას თავისი უფლების გამოყენების საშუალებას არ აძლევს. მისი თქმით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რათა მამას მიეცეს მონატრებული შვილის ნახვის შესაძლებლობა.