ქართული სილამაზე - ცხოვრებაში და კინოში: 4 გამორჩეული ქართველის 4 განსაკუთრებული ამბავი - Marao

ქართული სილამაზე - ცხოვრებაში და კინოში: 4 გამორჩეული ქართველის 4 განსაკუთრებული ამბავი

2025-12-03 13:28:22+04:00

რა აქვს საერთო ამ 4 გამორჩეულ ქართველ მსახიობს? 

ალბათ, ქუჩაში რომ შემთხვევით გააჩეროთ ადამიანები, ყველა მათგანს ეცოდინება მათი სახელები და გვარები, მეტიც, შეძლებენ, მათ მიერ შესრულებული ერთი როლი მაინც გაიხსენონ - სწორედ ესაა, რაც მათ აერთიანებთ - ნიჭი, ხალხის სიყვარული და წარუშლელი კვალი ქართულ კინოში. 

ნინო კასრაძე, ლევან უჩანეიშვილი, მერაბ ნინიძე, ლიკა ქავჟარაძე - მათ შესახებ ბევრი გვსმენია, ბევრიც წაგვიკითხავს... დღეს კი მოგიყვებით ამბებს, რომლებიც შეიძლება არ იცით, მაგრამ გაინტერესებთ. 

ლიკა ქავჟარაძის ბლიც-ინტერვიუ 

- სახელი, გვარი...

- ლიკა ქავჟარაძე.

- ოჯახური მდგომარეობა?

ვარ დაოჯახებული. მყავს ქმარი და ერთი შვილი. ვცხოვრობთ დედამთილთან და დედამთილის დედასთან ერთად. ასე ვთქვათ, ორი დედამთილი მყავს. 

 - თქვენი ძირითადი პროფესია?

- ბავშვობაში მეგონა, რომ პიანისტი გავხდებოდი, მაგრამ მოგვიანებით კინომ გამიტაცა.

- როგორ მოხვდით კინოში?

- 12 წლის ვიყავი. რეჟისორის ასისტენტმა დამინახა და ფილმ "შადრევანში" მონაწილეობა შემომთავაზა.

- თქვენი საყვარელი როლი?

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა "ნატვრის ხეზე" საუბრობს, ჩემი საყვარელი როლი ფილმში "ჩაკლული სული". 

- რა არის სილამაზე?

- მამჩნია, რომ სილამაზე არის ახალგაზრდობა.

- გაიხსენეთ "ნატვრის ხეზე" მუშაობის პროცესი...

- ძალიან რთული პროცესი იყო. ჩემთვის პირველი სერიოზული როლი იყო. ბოლო სცენა ძალიან კარგად მახსოვს.

- თქვენთვის მისაბაძი მსახიობი?

- მერილ სტრიპი.

- გითქვამთ თუ არა უარი როლზე?

- ოჯახური პირობების გამო ბევრ როლზე მითქვამს უარი და ძალიან ვნანობ.

- როლი, რომელზეც ოცნებობთ...

- მინდა, კინოში მუსიკოსი განვასახიერო.

- ყველაზე დიდი წარმატება თქვენს ცხოვრებაში?

- 16 წლის ვიყავ, როცა მე და თენგიზ აბულაძე ირანში კინოფესტივალზე წავედით. 

- რას სთხოვდით ნატვრის ხეს?

- ყველაფერ კარგს.

- რა თვისებებს აფასებთ ადამიანში?

- ერთგულებას.

- რა როლს თამაშობს რელიგია თქვენს ცხოვრებაში?

- რელიგიური დედის გარდაცვალების შემდეგ გავხდი.

- ყოფილა თუ არა თქვენი პირადი ცხოვრება ჭორების საგანი?

- კი, და ეს ძალიან მტკენს გულს. 

lika

მერაბ ნინიძის ამბავი 

"ყოველთვის მაინტერესებდა წერა, მაგრამ ახალგაზრდა რომ ვიყავი, უფრო მეტს ვწერდი, ვიდრე ახლა. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვწერ. დავიწყე პიესებით. იქ მხოლოდ დიალოგია და მოქმედების აღწერა – ნაკლები. მეც დავიწყე დიალოგების ფორმით რაღაცების ჩაწერა და პიესა გამოვიდა. ეს არ არის ლიტერატურა. ეს, ალბათ, უფრო ჩანახატებია კინოსთვის, თეატრისთვის. მერე, ძალიან დიდი სწრაფვა მქონდა ენების მიმართ და ერთ დღესაც, გადავწყვიტე, თვითონ შემესწავლა. ეს ინტერესი გამიღვივა „ბითლზებმა”. რამდენიმე ფირფიტა მქონდა სახლში. ჩემთვის ყოველდღიურობაში მუსიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მეგობრები ერთმანეთში ვცვლიდით ამ ფირფიტებს. მერე ვიღაცამ წამართვა, გამიტეხა, ვიღაცამ ცოლი მოიყვანა, ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა გოგო... მოკლედ, ამ მუსიკამ მიმიყვანა იქამდე, რომ მაინტერესებდა; რაზე მღერიან, რა არის მათ ტექსტებში და დედაჩემს ვთხოვე, ჩემთვის ინგლისურის მასწავლებელი აეყვანა. მომიყვანა მასწავლებელი, ქალბატონი ნუნუ ტორონჯაძე, რომელიც კვირაში ორჯერ მამეცადინებდა. მაგრამ, ეს იყო ძალიან მოკლე პერიოდი, ძირითადი საფუძველი მან მომცა, რა თქმა უნდა და დანარჩენი თვითონ გავაგრძელე. ა მაშინ ისიც დამეხმარა, რომ 15 წლის ასაკში რუსთაველის თეატრთან ერთად ლონდონში მოვხვდი. მე ვუთარგმნიდი კახი კავსაძეს, კარლო საკანდელიძეს რაღაცებს კომუნიკაციისთვის.

  • ნინო კასრაძისა და მერაბ ნინიძის მეგობრობის ისტორია ეკრანზე და ეკრანს მიღმა: "ჩვენ ახალგაზრდობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან საინტერესო ურთიერთობა გვქონდა..."

იქიდან დაბრუნებულმა ინგლისურად წიგნების კითხვა და წერა დავიწყე. დღემდე ინგლისური ჩემი ყოველდღიური ენაა. რაც შეეხება გერმანულს, პირველი წლები ძალიან გამიჭირდა. აბსოლუტურად სხვაა, როგორც კი ემოციური ხდები რაღაც სცენაში, იქ პირი არ გემორჩილება, თითქოს არ ჯდება სიტყვები. ამაზე დამჭირდა დიდი ტრენინგი, რამაც შემდგომში უფრო მეტი სითამამე და თავისუფლება შემძინა. ადრე თუ დღეები მჭირდებოდა, რომ ტექსტს გავმკლავებოდი, ახლა ერთი შეხედვით შემიძლია, ავითვისო. თუმცა, გერმანული გრამატიკა არასდროს მისწავლია. საერთოდ, მე უკუღმა მივედი გერმანულ ენასთან – ჯერ ვთამაშობდი ზეპირად, ვიღაცის მიერ მომზადებულ ტექსტზე და მერე ვისწავლე. ხანდახან ვფიქრობ: ღმერთო, რა სასჯელია, რატომ არ შეიძლება, ქართულად ვითამაშოთ ეს ყველაფერი-მეთქი. მაგრამ, მეორე მხრივ, არის ძალიან საინტერესო. რაღაც იცვლება შენში და როგორც მსახიობს, პროფესიონალს გხვეწავს. ფრანგული ენაც ვიცი, მაგრამ ისე არა – რაღაცები მაქვს ფრანგულ ენაზე ნათამაშები, ერთი ორი როლი. თბილისში რომ ვცხოვრობდი, ფრანგულზე დავდიოდი. ბოლოს და ბოლოს, ამ ენებს ვსწავლობ, როგორც მუსიკალურ ნაწარმოებს, სმენით. დიდი ჯახირი ამისთვის არ მჭირდება".

ninidze

ლევან უჩანეიშვილის უკანასკნელი წერილი სესილია თაყაიშვილს

"ჩაკვდა ეზო, ჩვენი ეზო. სიზმარივით ლამაზი და სიცოცხლით სავსე ეზო.

რა, ბატონი ეროსი არ კმაროდა? მას შემდეგ თქვენ დაგვრჩით... ჩვენი ეზოს, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ხალხის ბებია. დედა რომ დედაა, ის არ მტუქსავდა იმდენს, რამდენსაც თქვენ, "ყველასთან თავმდაბალი იყავი, ნუ ათქმევინებ, ჯერ არაფერი გაუკეთებია და ცხვირს მაღლა სწევსო“. დიახ, თავმდაბლობა იყო თქვენი ცხოვრების პრინციპი და მეც ამას მასწავლიდით.

თქვენი ოთახი მიყვარდა... ის ოთახი, სადაც პირველად მომისმინეთ და მითხარით: "ხელების ქნევა და ყვირილი არ ნიშნავს ლექსის კითხვას". ის, ოთახი, სადაც პირველად წაგიკითხეთ შანდორფ პეტეფის "მიყვარხარ"... ვითომ საცემრად გამომიდექით, დამიჭირეთ და მაკოცეთ. თქვენი სურათი მაჩუქეთ წარწერით... მაშინ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

  • "კუკარაჩას" ცხოვრება ეკრანს მიღმა - სად არის და რას საქმიანობს დღეს ლევან უჩანეიშვილი

ის პატარა ოთახი მიყვარდა, სადაც გვიან ღამემდე ჩემი შეკითხვებით არ გასვენებდით. "კაი, დავიღალე, მეძინება და წაეთრიე ახლა სახლში". ამას ისე ტკბილად მეტყოდით, რომ თქვენგან წამოსულს რაღაც განსაკუთრებული, დიდი რამ მინდოდა, გამეკეთებინა.

რამდენს გასცემდით თქვენი სიცოცხლით, რითაც მეც ბედნიერად ვთვლიდი თავს, მეამაყებოდა, რომ თქვენი, "სესილია ბებიას" მეზობელი ვიყავი. ამით თითქოს რაღაც მემატებოდა, თითქოს რაღაცით ვმაღლდებოდი.

ერთი წლის წინ საავადმყოფოში ჩემი ინტერვიუ მოგიტანეთ. ბავშვივით გაგიხარდათ, სანამ თქვენს გვარს მოკრავდით თვალს.

მერე ხმამაღლა წაიკითხეთ:

"- თქვენი საყვარელი მსახიობი?

- სესილია თაყაიშვილი".

ხელმეორედ გადაიკითხეთ. "ჩემს მეტი ვერავინ ნახე გაზეთში დასაწერი?" - მეჩხუბეთ. დაუმატეთ, უჩემოდ აწი არაფერი დაწეროო. ახლაც რომ თქვენზე ვწერ, თქვენი თხოვნის მიუხედავად? მაპატიეთ, სესილია ბებია. მაპატიეთ, რამეთუ ვეღარ გაჩვენებთ ამ გაზეთს, ვეღარ წაგიკითხავთ და ვეღარ "გაგალანძღიებთ" თავს.

ერთი ოცნება კი მქონდა, თქვენთან ერთად მეთამაშა. ...ჩაკვდა ჩვენი ეზო, სესილია ბებია და ახლა რაღაც სიზმარივით მაგონდება ყველაფერი - თქვენ, ბატონი ეროსი და ...

ნახვამდის, სესილია ბებია. თქვენი "ზურიკელა".

levan_uchaneishvili

ნინო კასრაძე დედის ამპლუაში 

„მე ორი შვილი მყავს, გოგო - უფროსი, ბიჭი - უმცროსი. სანამ პატარები იყვნენ, მეგონა, რომ კარგი დედა ვარ. როცა დადგა ის ასაკი, რასაც თინეიჯერობას ვეძახით, მერე გამოჩნდა, რას ვთვლით ჩვენ კარგ მშობლობად და რას თვლიან თავად ბავშვები. მე ტანჯვით დავამთავრე მუსიკალური სკოლა და მეგონა, რომ ეს ჩემი შვილებისთვისაც აუცილებლობა იყო. 3-4 წლის შემდეგ თავისი გაიტანეს და არ იარეს.

სულ მეგონა, რომ საზღვარგარეთ წასვლა და იქ სწავლა წარმატების მთავარი ფორმულა იყო. აქ დაიწყო პრობლემები... ვინ არის თვითონ მოზარდი, რა უნდა, რისი სწავლა უნდა - ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული გასაგები. ამასობაში, პანდემიაც წამოგვეწია და ჩავიკეტეთ ერთ პატარა ქალაქში, თუმცა მაშინ ბავშვები საფრანგეთში სწავლობდნენ და სკოლა არც ერთ დღეს არ გაუცდენიათ.

  • "მსახიობობას ვეღარ გავაგრძელებ, იცით, რა ეტაპზე ვარ? უკვე ვიცი, რა უნდა ვაკეთო" - ნინო კასრაძის ახალი ამპლუა და ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

მე, როგორც მშობელი, შევდექი იმ საშინელი პანდემიის დროს. მაშინ გავიგე ყველაფერი თავიდან და, რაც მთავარია, გავიგე, როგორ ვშორდებით საკუთარ შვილებს. ისე გამიჭირდა, რომ ფსიქოლოგს დავურეკე და ვკითხე, რა გავაკეთო-მეთქი. მითხრა, რომ თანამედროვე სამყაროში მშობელს ორი ფუნქცია აქვს - ბალიშისა და ბატარეის. ბატარეიდან უნდა დაიტენოს შენი შვილი ემოციურად, ბალიში - რომ თავი დადოს, როცა გაუჭირდებაო. სულ ეს არის-მეთქი?! - ვკითხე, აქედან დაიწყე და ნახავ, საითაც წავა გზაო. მივხვდი, რომ ჩემი წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ ველაპარაკო ბავშვებს, რა გავაკეთო, მთლიანად შეიცვალა“.

nino_kasradze