"ცხოვრება ზოგისთვის მარტივია, ზოგისთვის - რთული. არიან ადამიანები, ვისთვისაც ცხოვრების გზა არც ისე იოლი აღმოჩნდება ხოლმე... ადვილად არაფერი გამომსვლია" - გვეუბნება მარიკა ქაჯაია, დღესდღეობით ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი.
მის ცხოვრებაში ეს არ ყოფილა ერთადერთი განსაცდელი, რის პირისპირაც აღმოჩნდა. ამ ყველაფერზე კი ამ ინტერვიუში თავად გვიამბობს.
- ბევრი მძიმე ამბავი გადამხდა... სამი წლის შვილი ხელში ჩამაკვდა... მეორე შვილი მაგ დროს 10 თვის მყავდა. მანამე ორივეს ყივანახველა შეხვდა. სანდრიკა ძალიან დაასუსტა, ანო ძუძუზე მყავდა და იმდენად არ შეეტყო. მაშინ პარლამენტში ვმუშაობდი, ქალაქიდან შორს გასვლას ვერ ვახერხებდი, ამიტომ კოჯორში პატარა სახლი ვიქირავეთ, სადაც ბავშვების გაყვანა მინდოდა, რომ ცოტა მოძლიერებულიყვნენ.
იმ დილას სანდრიკას აღებინა, „რეგიდრონი“ დავალევინე, ცოტა ხანში „პიურე“ მომთხოვა, გავუკეთე, ვაჭამე და ჩაეძინა. მე გარეთ სარეცხს ვფენდი და უცბად დედა, მიშველეო. ბავშვს სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჰქონდა. ცივი ოფლი ასხამდა. დედა, მომეფერეო - ხელში ავიყვანე. რა გჭირს დედა-თქო და კრუნჩხვა განვითარდა... „იაშვილში“ წავედით, აპარატზე შეაერთეს, უკეთესობას ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი უშველეს...
- მძიმე მოსასმენია... ყივანახველა რამდენი ხნის მოხდილი ჰქონდა? რთულ ფორმებში ჰქონდა?
- ორი კვირის მოხდილი ჰქონდა და რთულ ფორმებში ჰქონდა, მაგრამ ისეთიც არაფერი ყოფილა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. წარმოიდგინეთ, რომ დიაგნოზი არ მაქვს... იმ პერიოდში რაზეც იყო ეჭვი, იმის ანალიზები გაუკეთეს და გერმანიაში გავგზავნეთ. ექიმების ეჭვი არ დადასტურდა. პასუხები რომ ჩამოვიდა, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო... ამიტომ, რა მოხდა, ეს დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა... მას შემდეგ 20 წელი გავიდა.
- ამ მძიმე ამბავთან გამკლავება როგორ შეძელით?
- მე და მეუღლე თავის გადარჩენას ვცდილობდით... ასეთ დროს, ოჯახი უნდა შეიკრას, ჩვენ კი თითქოს ერთმანეთს გავექეცით. თითოეულს შინაგანი პროტესტები გვქონდა... მერე სხვა გზა არ მქონდა, თვეების შვილი მყავდა და ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, ბავშვი ფეხზე დამეყენებინა... მეუღლეც მძიმედ იყო, მისი დახმარება, შველაც გადავწყვიტე. საკუთარ თავს ვუთხარი - სანამ აქ ვარ და იმქვეყნად ჯერ არ მივდივარ, მოდი, ვისუნთქებ-მეთქი.
- თუმცა ემოციურად უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდით...
- კი და მაგ დროს მაზოხისტური შეგრძნებები მოდის, - რას ჰქვია წამალი დავლიო და კარგად გავხდე, ცუდად უნდა ვიყო და ძალიან ცუდად ყოფნის ფონზე უნდა ვიცხოვრო... პარლამენტში ჩემი თანამშრომელი, რომელსაც შვილი გარდაცვლილი ჰყავდა, მეუბნებოდა, მეც არ დავუჯერე სხვებს და ის ყველაფერი ჯანმრთელობაზე აისახა. ძალიან გთხოვ, თავს მიაქციე ყურადღებაო... კი, მაგრამ მაგ დროს რთულია არსებული რეალობის მიღება. საკუთარი დანაშაულის შეგრძნებაც მოდის, ბევრი პროტესტი და გინდა, ის ყველაფერი მტკივნეული იყოს. რაც მეტად მტკიოდა, ვცდილობდი, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა. სხვადასხვანაირი წინააღმდეგობების მიუხედავად მიზანი ის იყო, რომ ყველანი გადავრჩენილიყავით...
ერთხელაც, ჩემმა ქმარმა მითხრა - მოდი, მარიკა, გამიშვი, მე წავალ სანდრიკასთან და შენ და ანომ იცხოვრეთო. ეს სიტყვები იყო და მესამე დღეს გარდაიცვალა... ბავშვის დაღუპვიდან 6 წელი იყო გასული. ზუსტად წლისთავზე დედამთილი მიჰყვა. ამდენ ტკივილს ვეღარ გაუძლო...