ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი წლებია, რაც გერმანიაში მეუღლესთან, ხათუნა ჩაგელიშვილთან და შვილებთან, ალექსანდრე და ლევან ჩხიკვიშვილებთან ერთად ცხოვრობს. „ჩემს მეუღლეს, ხათუნა ჩაგელიშვილს, უდიდესი წვლილი აქვს ჩემს წარმატებაში. მე ემოციური ვარ, რომანტიკული. ხათუნა ოპტიმისტია. 35 წელია, ერთად ვართ. ჩვენს სიყვარულს სიბრძნე მოემატა, გამყარდა. ოჯახის დანგრევა ძალიან მარტივია, ქალსაც შეუძლია და კაცსაც. მთავარი შენარჩუნებაა...“ - ამბობდა რეზო ჩხიკვიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ხათუნამ „სარკესთან“ ოჯახზე, შვილებზე, შვილიშვილზე ისაუბრა და იმ სიყვარულზე, რომლითაც, უკვე 41 წელია, ერთად მოდიან.
– სტაბილური ქორწინების მზა რეცეპტი არ არსებობს. ურთიერთობების გაუმჯობესებაში ძალიან მოგვეხმარა, გერმანიაში მარტო რომ ვიყავით. ამან უფრო შეკრა ჩვენი ოჯახი – ბავშვები და ჩვენ…

- როცა ოჯახში გარკვეული პრობლემა ჩნდებოდა, როგორ უმკლავდებოდით სირთულეებს?
- ასე ვფიქრობ: პრობლემის გადაჭრა თუ შეგიძლია, უნდა გადაჭრა, თუ – არა, მასზე ნერვიულობა არ ღირს. პრობლემას არც ვუშინდები და არც ვაზვიადებ. გულში არაფერი უნდა დარჩეს…
ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის ის, რომ არც მე და არც რეზო ეჭვიანები არ ვართ. ერთმანეთს აბსოლუტური თავისუფლება მივეცით. თუ სიყვარულში ეჭვიანობა გაჩნდება, მაშინ ბზარიც გაჩნდება. ერთად ყოფნის განმავლობაში არც მე მიმიცია საბაბი, რომ რეზოს ეეჭვიანა და არც მას მოუცია., გაგვიმართლა, ჩვენში ეჭვიანობის წვეთიც კი არ არსებობს…
- ბატონი რეზო ხშირად აღნიშნავს, რომ თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით მის წარმატებაში. რას გვეტყვით ამის შესახებ?
- რა თქმა უნდა, ყველაფერში გვერდში ვედექი, მაგრამ მე მგონია, რომ რაღაც მომენტში უკან დავხიეთ რეზო კარიერის თვალსაზრისით. მას უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. ის შებოჭილი იყო ოჯახით, ოჯახის ძალიან ბევრი რამ გაითვალისწინა…
წლებთან ერთად გრძნობა ძლიერდება და გადადის ახლობლობაში, მეგობრობაში. პეპლები აღარ დაფრინავენ, მაგრამ ძალა ახლა უფრო დიდია…
ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა ბებიობაა. ბებიობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან გაგვიხარდა, გოგონა რომ დაიბადა, ყველაზე უფრო ის მიხარია, რომ მირა მე მგავს…"