თეატრი სახელოსნო 42-ში პრემიერაა! ლევან წულაძის „შეშლილის წერილები“ ნიკოლოზ გოგოლის მოთხრობის მიხედვით - Marao

თეატრი სახელოსნო 42-ში პრემიერაა! ლევან წულაძის „შეშლილის წერილები“ ნიკოლოზ გოგოლის მოთხრობის მიხედვით

2025-12-05 13:14:32+04:00

ნოემბრის დასაწყისში ქართული დამოუკიდებელი თეატრის პროდუქცია - „შეშლილის წერილები“ - ჩინეთში, დალიანგშანის მეშვიდე ყოველწლიურ თეატრალურ ფესტივალზე პრემიერით წარსდგა. წარმატებული გასტროლის შემდეგ, სპექტაკლი პირველად 18 ნოემბერს, თეატრი სახელოსნო 42-ის სცენაზე უკვე ქართველი მაყურებლისთვის შედგა.

sheshlilis_werilebi

„შეშლილის წერილები“

„შეშლილის წერილები“ ნიკოლოზ გოგოლის ამავე სახელწოდების ცნობილი, გენიალური მოთხრობის მიხედვით, ლევან წულაძის მიერ დაიდგა. რეჟისორი ნაწარმოების კრიტიკას ცარიზმისადმი ოსტატურად გარდაქმნის ინდივიდის არსებობისათვის აუცილებელ თვითრეფლექსიად ინფორმაციული ქაოსის ერაში. მისთვის დამახასიათებელი იუმორით, მინიმალისტური, თუმცა მომნუსხველი დეკორაციითა და შესანიშნავი, შთამბეჭდავი შესრულებით სპექტაკლი ნამდვილი ტრიუმფია. 

sheshlilis_werilebi

იგი მნახველში მრავალ საფიქრალსა და ეგზისტენციალურ კითხვას აღძრავს: არსებობს გზა პიროვნული თავისუფლებისკენ? შევძლებთ დავეთანხმოთ იმ პირობებსა და დაწესებულ საზღვრებს და, ამავდროულად, ვიფიქროთ რაღაც დიდსა და განსხვავებულზე? ნეტავ არის რამე სხვა გზა? საით მივექანებით ჩვენ, ყველანი?

არსებობს კი პარალელური თავისუფლება?

sheshlilis_werilebi

დაინტერესებული მაყურებელი სპექტაკლის ხილვას 9, 11 და 23 დეკემბერს შეძლებს. მათ შორის, 9 და 23 რიცხვებში წარმოდგენები ინგლისური სუბტიტრების თანხლებით გაიმართება. 

მონაწილეობენ: ნიკა ხრიკული/ზუკა პაპუაშვილი, ნიკა კუჭავა, დუტა სხირტლაძე, ნიკა გოგიძე, ანუკა გრიგოლია, ანა ვასაძე/მარიამ ღვინიანიძე, თეონა ქოქრაშვილი.

sheshlilis_werilebi

ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე

ბილეთები სამ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი: tkt.ge, biletebi.ge, ticketfatory42.ge

R