ინგა გრიგოლია ქართველი ჟურნალისტი, ტელეწამყვანია. იგი ცნობილია თავისი პირდაპირი, ობიექტური და კრიტიკული მიდგომით პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. გრიგოლია მრავალი წელი მუშაობდა ქართულ ტელევიზიებში, მათ შორის იყო "რუსთავი 2", "იმედი", TV პირველი და სხვა წამყვანი მედიასაშუალებები.
ინგა გრიგოლიას კარიერაში გამორჩეულია მისი უნარი, წარმართოს მწვავე დისკუსიები. მისი ჟურნალისტური სტილი ხშირად არის პირდაპირი და ემოციური, რაც მისი დამახასიათებელი ნიშაა.

ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტური საქმიანობა 1990-იან წლებში დაიწყო. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა სხვადასხვა გაზეთსა და რადიოში, სადაც კონცენტრირებული პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე იყო. გრიგოლია მუშაობდა "რუსთავი 2"-ზე, სადაც წლების განმავლობაში მიჰყავდა პოპულარული საინფორმაციო და პოლიტიკური თოქ-შოუები. მოგვიანებით ის გადავიდა "იმედი" ტელევიზიაში, სადაც კვლავ გააგრძელა თოქ-შოუების წაყვანა. ბოლო წლებში ის მუშაობს "ტვ პირველზე". ის აქტიურად აშუქებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს.
განვლილ გზაზე, კარიერის დასაწყისსა და ახდენილ ოცნებაზე ინგა გრიგოლიამ ვიკა ბუკიას გადაცემაში ისაუბრა:
"მე ვარ ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი და ორი თვის მანძილზე ვიმუშავე კიდეც ერთ-ერთ სკოლაში, მაგრამ მივხვდი, რომ არ შემიძლია, ეს არ არის ჩემი საქმე. დღემდე დარწმუნებული ვარ ამაში.

ძალიან პატარა ვიყავი მე თვითონ, ბავშვი მყავდა, ვფიქრობდი, რომ ცხოვრება უნდოდა ამ ბავშვს... ის პერიოდი იყო, რომ სამსახურს ვერ ვპოულობდი. ერთ დღეს შემხვდა ჩემი მეგობარი ირმა სტეფნაძე - მეზობლები, კურსელები და ჯგუფელები ვიყავით. მაშინ მკითხა, რას საქმიანობო, შემომთავაზა, მე მოქალაქეთა კავშირში ვმუშაობ და შენც წამოდიო. პოლიტიკისგან მაშინ ძალიან შორის ვიყავი, ჩემი მიკროსამყარო მქონდა, ბევრ პრობლემასთან ვიყავი შეჯახებული და ტელევიზორსაც არ ვუყურებდი.
რომ მივედი, მალევე გაკეთდა საინფორმაციო სააგენტო „გეა“, სადაც დავიწყე მუშაობა. აღმოჩნდა, რომ ძალიან პროდუქტიული ვიყავი. მაშინ ამბავს ფაქსით ვაგზავნიდით და ავიკელი „გეა“, იმდენ ახალ ამბავს ვამზადებდი. მოკლე დროში მოვერგე ამ სიტუაციას, მალევე გავერკვიე, ჩემი ინფორმატორები გავიჩინე.
"გეა"-დან ჩემი მოპოვებული ამბები მიდიოდა „რუსთავი 2“-ში, სადაც შემამჩნიეს და შეხვედრაზე დამიბარეს. გასაუბრების შემდეგ მიმიღეს და ეს იყო ჩემი ასრულებული ოცნება - ხანდახან კინო მგონია, მთელი ცხოვრების მანძილზე ამაზე ვოცნებობდი", - იხსენებს ინგა გრიგოლია.

ვიკა ბუკიას გადაცემის ბოლო ნაწილი სტუმრებისთვის 3 განსაკუთრებულ ნივთს ეთმობა - რესპონდენტებს სტუდიაში მიაქვთ მათთვის საყვარელი, ძვირფასი სამი ნივთი და მაყურებელს მათთან დაკავშირებულ ისტორიებს უზიარებენ. ინგა გრიგოლიამ ამ რუბრიკაში ცხოვრების რთული პერიოდი და ამ პერიოდიდან შემორჩენილი თილისმა გაიხსენა:
"ამაზე არ მიყვარს პირდაპირ ეთერში საუბარი, ძალიან პირადი თემაა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნივთია ჯვარი.
2005 წლიდან მაქვს და გამოსაჩენადაც კი არ ვიკეთებ. ვკვდებოდი, ბედისწერის ნებით, ღმერთის ნებით გადავრჩი - ექიმის კაბინეტში ვიყავი და იმ მომენტში დამემართა... ფილტვის მძიმე პრობლემა მქონდა და მართლა შემთხვევით გადავრჩი. ხომ არის გამოთქმა, ღმერთს არ უნდოდა, რომ მომკვდარიყო.. გარეთ რომ ვყოფილიყავი, უბრალოდ ვერ გადავრჩებოდი. როცა ოპერაციის შემდეგ პირველად თვალი გავახილე, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, ჩემმა ახლობელმა, მაჩუქა ეს ჯვარი და მითხრა, ღმერთს ჰყვარებიხარო. უძვირფასესი ნივთია, ჩემი გადარჩენის სიმბოლოა. არ ვლაპარაკობ ჩემს დამოკიდებულებასა და რწმენაზე. ღმერთის სახელით ისეთი ფარისევლები გველაპარაკებიან, არ მინდა, მათ დავემსგავსო, ძალიან ჩემია და არ მიყარს კამერების წინ ამაზე ლაპარაკი, თუმცა ძალიან მორწმუნე ვარ", - თქვა ინგა გრიგოლიამ.