FC-ის ქართველმა ჩემპიონმა 2025 წელს ქამრის დაცვა მეოთხედ სცადა. UFC 323-ზე მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდა. მერაბმა რუსი მეტოქე 2023 11 მარტს ლას ვეგასში ერთხელ უკვე დაამარცხა. დღეს კი დაძაბულ, პრინციპულ ბრძოლაში დამარცხდა.
"დასრულებული არაფერია, მე ისევ ვსწავლობ - მე დავბრუნდები", - თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ.
მერაბ დვალიშვილი, ზედმეტსახელად „მანქანა“ (The Machine), ქართველი მებრძოლი, რომლის კარიერა Ultimate Fighting Championship-ში (UFC) არის შეუპოვრობის, ფიზიკური დომინირებისა და ნებისყოფის ნათელი მაგალითი. დვალიშვილი 2017 წლიდან მოყოლებული UFC-ის ოქტაგონზე წარმატებით გამოდის და მისი სტილი უმეტესად მეტოქის დაუღალავი ტემპითა და ჭიდაობის ოსტატობით განადგურებას გულისხმობს.
დებიუტი და რთული დასაწყისი
მერაბ დვალიშვილის UFC-ის კარიერა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, სადაც მან პირველი მარცხი იწვნია ფრენკი საენზის (Frankie Saenz) წინააღმდეგ გაყოფილი გადაწყვეტილებით. ეს იყო რთული დასაწყისი, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმა 2018 წლის აპრილში რიკი საიმონთან (Ricky Simon) დაპირისპირებამ. ეს ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო იყო მის კარიერაში: მართალია, ბრძოლის დასრულებამდე წამებით ადრე მერაბი მახრჩობელა ილეთში მოჰყვა, მაგრამ არ დანებებულა; მიუხედავად ამისა, მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა და ტექნიკური ილეთით გამარჯვება საიმონს მიენიჭა.
ისტორიული გამარჯვებათა სერია
ორი საწყისი მარცხის შემდეგ, დვალიშვილმა დაიწყო ისტორიული სერია, რომელიც მას დივიზიონის ელიტაში აყენებს. მისი პირველი გამარჯვება 2018 წლის სექტემბერში ტერიონ უეირთან (Terrion Ware) მოიპოვა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. ამას მოჰყვა 2019 წელს ბრედ კატონას (Brad Katona) დამარცხება. 2020 წელი წარმატებული იყო კეისი კენის (Casey Kenney) და ჯონ დოდსონის (John Dodson) დამარცხებით, რამაც ნათლად აჩვენა მისი მზარდი დომინაცია დივიზიონში.
მერაბის დომინანტური სერია გაგრძელდა 2021 წელს კოდი სტამანთან (Cody Stamann) მოგებით. ამავე წელს, მარლონ მორაეშთან (Marlon Moraes) ბრძოლამ ნათელი გახადა მისი ხასიათი – პირველ რაუნდში ნოკდაუნის შემდეგ, ის დაბრუნდა და მეორე რაუნდში მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც ის რეიტინგის უმაღლეს საფეხურებზე აიყვანა.
დვალიშვილმა კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება 2022 წლის აგვისტოში ლეგენდარულ ჟოზე ალდოსთან (José Aldo) მოიპოვა, რასაც 2023 წლის მარტში ყოფილ ჩემპიონ პიოტრ იანთან (Petr Yan) გამანადგურებელი დაპირისპირება მოჰყვა. იანთან ბრძოლაში მერაბმა თავისი სტილი სრულად გამოავლინა, როდესაც დაუღალავი ტემპითა და რეკორდული რაოდენობის ხელში წაღების მცდელობით მეტოქე გაანეიტრალა. 2024 წლის თებერვალში ჰენრი სეხუდოს (Henry Cejudo) წინააღმდეგ მოპოვებულმა გამარჯვებამ საბოლოოდ დაუმკვიდრა მას საჩემპიონო პრეტენდენტის სტატუსი.
საჩემპიონო ტრიუმფი
მერაბ დვალიშვილმა თავის უმთავრეს მიზანს მიაღწია 2024 წლის სექტემბერში, როდესაც UFC 306-ზე შონ ო'მალის (Sean O'Malley) წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და ზემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ეს იყო ისტორიული მომენტი ქართული სპორტისთვის.
ჩემპიონის სტატუსით მერაბმა ქამარი პირველად დაიცვა იმავე წლის დეკემბერში, UFC 318-ზე, სადაც კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა პიოტრ იანს და კვლავ დამაჯერებელი, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილის UFC-ის კარიერა 12-ზე მეტი გამარჯვების სერიაა, რაც მას დივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ მებრძოლად აქცევს. ის არის არა მხოლოდ ჩემპიონი, არამედ გამძლეობის სიმბოლო, რომელმაც ორი საწყისი მარცხის შემდეგ მსოფლიო მწვერვალს მიაღწია.
"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ იორკში ვარ“ - ეს ფრაზა მერაბ დვალიშვილის კარიერულ გზას საუკეთესოდ აღწერს. ალბათ, აქამდე მხოლოდ ფილემბში გვინახავს გმირების წარმოუდგენელი, თავგანწირული ბრძოლა დიადი მიზნებისთვის. მერაბის ისტორიაც ფილმის სცენარს ჰგავს.
2020 წელს სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის ძმამ, მიხეილ დვალიშვილმა, UFC-ში მერაბის მე-5 ბრძოლის შემდეგ, ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მისმა ძმამ აქამდე მოსასვლელად ძნელი გზა გაიარა. მერაბმა მაშინ ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა და 12 გდების შესრულებით სუპერმსუბუქ დივიზიონში რეკორდი დაამყარა.
მანამდე, 2018 წელს, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ეგიდით მეორე ბრძოლა რიკი საიმონთან გამართა და დამარცხდა, თუმცა ბრძოლის შემდეგ, ყველამ აღიარა რომ მსაჯები შეცდნენ და ქართველს მოგება წაართვეს. მოგვიანებით, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში გულშემატკივარს მიმართა და ამცნო, რომ UFC-მ მისი და საიმონის დაპირისპირება ღამის საუკეთესო ბრძოლად დაასახელა და ქართველი 50 000 აშშ დოლარით წაახალისა.
სწორედ მაშინ გამოაქვეყნა ქართველმა მებრძოლმა პირველად ფოტოები საკუთარი წარსულიდან, თუ როგორ შრომობდა მშენებლობაზე და რა პირობებში უწევდა მას საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა.
"36-ე სკოლაში ვსწავლობდი და ფიზკულტურის მასწავლებელი მყავდა, რომელიც თავად იყო კალათბურთელი. დაინახა ჩემში სპორტული მონაცემები და მითხრა, რომ სპორტით უნდა დაკავდეო. მეც ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, ახალი გადმოსულები ვიყავით სოფლიდან, ჩემი 2 ძმა სტუდენტი იყო, მშობლები უფრო გადართული იყვნენ იმაზე, რომ ბინის ქირა და სწავლის ფული გადაეხადათ. 15 ლარი იყო გადასახდელი, რომ ფეხბურთზე მევლო და რომ ვხედავდი, რამდენი შრომა უწევდათ ჩემს მშობლებს, ვერ ვთხოვდი ამ 15 ლარს.
მუშაობა მშენებლობაზე, რა თქმა უნდა, რთული იყო. სწრაფად უნდა მემუშავა, ღია ცის ქვეშ, ძალიან ციოდა. ხელები სულ გაყინული მქონდა, ცხელი წყლით ვითბობდი და მერე ისევ ვარჯიშზე მივდიოდი. სხვათა შორის, მარტო მე არ ვიყავი, ბევრი სპორტსმენი იყო, რომლებიც ჩემსავით ვარჯიშობდნენ და, პარალელურად, ასე მუშაობდნენ.
მშენებლობაზე ამ ფიზიკური დატვირთვის დროს სულ ვფიქრობდი, გამომივიდოდა თუ არა. სამსახურიდან რომ მივდიოდი, ისეთი დაღლილი ვიყავი, მეგონა, არ ვივარჯიშებდი ხოლმე, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე კარგად ვიყავი. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად გამაძლიერა ამ ყველაფერმა. ხომ ვმუშაობდი, ხომ ვვარჯიშობდი, მერე პაემანზეც მივდიოდი და მეორე დღეს ისევ ვმუშაობდი, ყველაფერს ვასწრებდი. ახლა ყველაფერი კარგადაა, სულ ვარჯიშზე ვარ გადართული და ბედნიერი ვარ" - ამბობდა მერაბ დვალიშვილი.