"ბიჭი გეყოლებათო რომ მითხრეს, კინაღამ გული გამისკდა… ვერ მივხვდი, როგორ უნდა გამეზარდა ისეთი კაცი, ქალები რომ ვოცნებობთ… დაიბადა და ექიმის ხმა მესმოდა: „აუ, რა კარგი კაცია, რა ვაჟკაცურად ამოხტა… აუუ… აუუუ…“ და იმ წამს დაგლოცე: იყავი კეთილი, ჩემო ბიჭო, ყველას იმედი და სუფთა ადამიანი. დანარჩენი სიკეთეები ამ თვისებებისთვის დაგებერტყება. პატიოსან, უშიშარ და მშრომელ კაცზე ლამაზი არაფერია.
გისურვებ, შენ გარშემო ყველას გაბედნიერების ჯანმრთელობა, შნო, უნარი და ქარიზმა გქონდეს! იღბლიანი იყავი, ჩემო უკვე ჩამოყალიბებულო, კეთილო, ოქროსთმიანო მზეჭაბუკო…მიყვარხარ, დე, მიყვარხარ გულის გაგლეჯამდე! იკუნა 2წლის", - წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში და შვილის, უსაყვარლესი იკა კაშიას ფოტოს აქვეყნებს.

ნანუკა გულუა საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როცა პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. სერიალი აღწერს ბავშვობის მეგობრების – კატოს, ნინასა და თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები – ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისათვის არის საინტერესო. ნანუკა გულუა მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებდა. დასამახსოვრებელი, ხმაურიანი და ქაოსური დოჩი ბევრისთვის საყვარელ და სახალისო პერსონაჟად იქცა - ნანუკა გულუამ კი მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა.
მსახიობობა ნანუკას ოცნება არასდროს ყოფილა. ის პროფესიით ჟურნალისტია.
"მეგობრის დაბადების დღეზე სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი გავიცანი. როგორც ჩანს, ქეთი ჩემი იუმორით მოიხიბლა. როცა მეგრელი ქალის პერსონაჟი შექმნა, მითხრა, რომ ამ როლზე მე მომიაზრებდა. ძალიან შემეშინდა ამ შემოთავაზების, მაგრამ ქეთიმ დამითანხმა, ქასთინგზე მივსულიყავი. ვერც კი აღგიწერთ, ემოციებისგან ხმას ვერ ვიღებდი და ამდენი ცნობილი ადამიანის გარემოცვაში რომ აღმოვჩნდი, უფრო უფრო მეტად დავითრგუნე. ეკა მჟავანაძე მიხვდა, რა მდგომარეობაში ვიყავი, ცალკე ოთახში გამიყვანა და ძალიან თბილად გამამხნევა. მასთან საუბრის შემდეგ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მოკლედ ეკამ მიშველა. იმ დღესვე მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. აი, ემოციები მაშინ უნდა გენახათ, ღამეები არ მეძინებოდა. შობას დამიბარეს გადაღებაზე და არც მიფიქრია, დღესასწაულის გამო უარი მეთქვა, ეგრევე გავქანდი. მაბედნიერებს, რომ ჩემი შესრულება მოეწონათ, მაგრამ თვითონ სერიალს ვერ ვუყურებ“, - ამბობდა ნანუკა გულუა.
პოპულარული სერიალის შემდეგ იყო იუმორისტული გადაცემა, რომელსაც ნანუკა გულუა კიდევ 3 ცნობილ ქალთან ერთად უძღვებოდა.
ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც მიუძღვით.
ნანუკასა და კახას სამი შვილი, ნინა, ირაკლი და კირა ჰყავთ. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება.