ანა ფრანკის მამამ მედეა ჯაფარიძეს წერილი მისწერა: "წარმომიდგენია, როგორ მოქმედებს თქვენი თამაში თეატრში, სცენიდან, სადაც მაყურებელთან კავშირი და ზემოქმედება ბევრად ძლიერია..." - Marao

ანა ფრანკის მამამ მედეა ჯაფარიძეს წერილი მისწერა: "წარმომიდგენია, როგორ მოქმედებს თქვენი თამაში თეატრში, სცენიდან, სადაც მაყურებელთან კავშირი და ზემოქმედება ბევრად ძლიერია..."

2025-12-09 12:25:34+04:00

მედეა ჯაფარიძე იყო მსახიობი, რომელსაც ჰქონდა იშვიათი უნარი, სცენაზე ან კადრში შინაგანი სიმართლე შეეტანა. მასზე თითქოს ნაკლებად მოქმედებდა დროის მოდა – მისი სტილი და შესრულება ყოველთვის კლასიკური და მარადიული იყო.

ის არასდროს იყო ზედმეტად ექსპრესიული ან გულწრფელი, მისი ძალა მდგომარეობდა თავშეკავებულობაში, სადაც ემოციები თვალებში ბუდობდა და არა ყვირილში. სწორედ ამ თავშეკავების უკან იგრძნობოდა უდიდესი ტკივილი, სიყვარული თუ ბრძოლა.

  • „ბევრმა არ იცის, რომ "ვერის უბნის მელოდიების" არსებობას სოფიკო ჭიაურელის და გიორგი შენგელაიას შვილს უნდა ვუმადლოდეთ“ - „ვერის უბნის მელოდიების“ შექმნის უცნობი ისტორია 

medea_jafaridzea

გარეგნულად ის იყო მომხიბვლელი, დახვეწილი ქალი – მისი სახის ნაკვთები, მოძრაობის მანერა, სიარული, ყველაფერი ხაზს უსვამდა მის ბუნებრივ არისტოკრატიას. ეს არ იყო ნათამაშები, ეს იყო მისი ბუნების ნაწილი.

მის მიერ შექმნილი ქალის სახეები ხშირად იყვნენ ბრძენი, ძლიერი, მაგრამ მარტოსული. მედეა ჯაფარიძე გადმოსცემდა იმ სიღრმეს, რომელიც ადამიანს ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ უჩნდება. მისი ხმაც კი – მშვიდი, დაბალტემბრიანი – იწვევდა ნდობას და თითქოს მაყურებელს ეპატიჟებოდა მის პერსონაჟის შინაგან სამყაროში.

  • ქართული კინოს სამი ვარსკვლავი და ერთ ფოტოს ისტორია

იმაზე, რომ მედეა ჯაფარიძე ყოველმხრივ განსაკუთრებული მსახიობი იყო, არაერთი ფაქტი მეტყველებს - ერთ-ერთი კი ისაა, რომ მედეა ჯაფარიძეს ანა ფრანკის მამამ წერილი მისწერა - ქართველი მსახიობის მიერ სცენაზე განსახიერებულ ანა ფრანკის როლს შვეიცარიიდან ოტო ფრანკი გამოეხმაურა:

medea_jafaridzea

ანა ფრანკის მამის წერილი მედეა ჯაფარიძეს

 „ძვირფასო ქალბატონო ჯაფარიძე,

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამაკვირვა და და გამახარა თქვენმა წერილმა! რამდენიმე დღეში საჩუქრად მივიღე წიგნი, რომელშიც თქვენ მიერ შესრულებული ანას როლის რამდენიმე ფოტოა დაბეჭდილი. ამ ფოტოებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა… ახლა ვიცი, როგორი ხართ გარეგნულად და როგორი შინაგანი სამყარო გაქვთ. თქვენმა დიდმა ხელოვნებამ ტელევიზიითაც კი აღაფრთოვანა მაყურებელი… წარმომიდგენია, როგორ მოქმედებს თქვენი თამაში თეატრში, სცენიდან, სადაც მაყურებელთან კავშირი და ზემოქმედება ბევრად ძლიერია, არ წყდება ტაში, ოვაციები…

რა კარგია, რომ რომ პიესა ანას შესახებ საქართველოშიც დადგმულა… ლორთქიფანიძის ბრწყინვალე რეჟისურამ და მსახიობების თამაშმა, რაზედაც წერილში მწერთ, მაყურებლისთვის გასაგები გახადა, რას ნიშნავს 2 წელი იმალებოდე სარდაფში, გამუდმებული შიშის გრძნობით – რომ გიპოვიან… ყველაფერი კი იმის გამოა, რომ არაადამიანურმა ნაციონალ-სოციალისტურმა რეჟიმმა მიზნად დაისახა ებრაელთა რასისა და რწმენის დევნა-განადგურება.

  • „ახლა რომ ვფიქრობ, მე მაინც ვერ გავუწიე ისეთი მეუღლეობა, როგორსაც ის იმსახურებდა, ვერ გავახარე ცხოვრებაში…“ - ბელა მირიანაშვილის ტრაგიკული ცხოვრება, უკვდავი სიყვარული და დაუვიწყარი როლები

… ვიცი, რომ ანას დღიური გამოცემულია ქართულ ენაზე. სამწუხაროდ, ამ გამოცემის ერთადერთი ასლი მაქვს.

ჩემი აზრით, ანას დღიურს იმიტომ ჰქონდა ამხელა გამოძახილი მსოფლიოში, რომ მიუხედავად უდიდესი განსაცდელისა, ის გაბოროტებული კი არ წერს, ადამიანური სიკეთისა სჯერა.

დადგება დრო, როცა ადამიანები არ შეეცდებიან ძალმომრეობითა და ომით წაშალონ ყველაფერი, რითაც ერთმანეთისგან განსხვავდებიან; მშვიდობიანად იცხოვრებენ, შემწყნარებელნი იქნებიან, პატივისცემით მოეკიდებიან ერთმანეთს.

კიდევ ერთხელ გულითად მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ანას ხსოვნისთვის გააკეთეთ. გისურვებთ ყოველივე კარგსა და კეთილს.

თქვენი ოტო ფრანკი

მომიკითხეთ რეჟისორი და მსახიობები.

შვეიცარია. ბილსფერდენი.

5 მარტი 1970 წ.”

ana_franki

ფოტო სპექტაკლიდან "ანა ფრანკის დღიური"