"ვამაყობ ჩემი სამშობლოთი, ძალიან მომწონს და მიყვარს", - ამბობს მსახიობი ნინო თარხან-მოურავი. რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რისი ეშინია და როგორი ადამიანები აკვირვებენ - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- დიპლომატი. მაშინ ვფიქრობდი, ამ პროფესიას თუ ავირჩევდი, ბევრს ვიმოგზაურებდი, რომელიმე ქვეყანაში ელჩი ვიქნებოდი. ვფიქრობ, ხასიათით დიპლომატი ვარ, საერთო ენის გამონახვა თითქმის ყველასთან შემიძლია.

- მსახიობის პროფესია აირჩიეთ, ეს რამ განაპირობა?
- ჩემი მშობლის აუხდენელმა სურვილმა, მას უნდოდა მსახიობი ყოფილიყო და ვერ მოახერხა...
- ჩემზე ამბობენ...
- ზარმაციაო, ეს ყველაზე ხშირად ოჯახის წევრებისგან მესმის.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ალბათ, იმავე გზას გავივლიდი. წარსულში ბევრი კარგი რამ იყო, ბევრი "არაკარგიც", მაგრამ ძალიან საინტერესო.
- ჩემი პირველი წარმატება...
- სტუდენტობის წლებში იყო, მაგრამ მაშინ ამას ჩვენ ჩვეულებრივ ამბად ვიღებდით. "ჩვენ" იმიტომ ვამბობ, რომ წარმატებული ჯგუფი ვიყავით: მერაბ ნინიძე, ნანუკა ხუსკივაძე, ნანა შონია, გოჩა კაპანაძე...

ჩვენი კარგი პედაგოგები გიზო ჟორდანია და ნანა კვასხვაძე სულ გვასწავლიდნენ, რომ წარმატება თავში არ უნდა აგვვარდნოდა და მეტი და მეტი უნდა გვემუშავა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს არაჩვეულებრივი შვილი, შვილიშვილები, მეუღლე (მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე). ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ჩემი მშობლების შვილი რომ ვარ, განგებას, სამყაროს ძალიან ბევრი რამის გამო ვემადლიერები, საწუწუნო არაფერი მაქვს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- არ ვიცი. ვინაიდან დიდი ხანია ვახმოვანებ, ხმით ძალიან ბევრი ადამიანი მცნობს. ამიტომ ვიტყვი, რომ ჩემი სავიზიტო ბარათია ხმა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ბევრი ვიცინო, მეგობრებთან ერთად სადმე წავიდე და გავერთო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ცუდი ძალიან მალე მავიწყდება, კარგია, ეს თვისება რომ მაქვს, რადგან წყენა სახეზე არ "მახატია" და შინაგანად მძიმე ემოციისგანაც მათავისუფლებს.
წაიკითხეთ სრულად