მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ ამბის გავრცელებას არაერთი ცნობილი სახის კომენტარი მოჰყვა. სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს დიზაინერის მეგობარი, გიორგი გიორგი ლაბაძე:
"დათუნა სულიკაშვილის შესახებ:
არ მინდოდა ამ ვიდეოს ჩაწერა, დათუნა არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ჩემი ნათესავი, ჩათვალეთ, რომ ჩემი ოჯახის წევრი. ორი დღის მანძილზე თავს ვიკავებდი, რომ კომენტარი გამეკეთებინა. მირეკავდა ძალიან ბევრი ჟურნალისტი, აინტერესებდათ სინამდვილეში რა მოხდა. ბევრი ცნობილი სახისა და ინფლუენსერის კომენტარი შემხვდა და მინდა, პასუხი გავცე, რეალურად რა მოხდა. ტელევიზიებშიც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
პირველ რიგში, დათუნას პიროვნების შესახებ ვიტყვი, ვინც არ იცნობთ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს, ის არის უკეთილშობილესი, უკარგესი ადამიანი.
მეორე საკითხია, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის დიდი რაოდენობით ნარკოტიკით დააკავეს - ეს არის მცდარი ინფორმაცია. დათუნას ჰქონდა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, შეძენის დროს დააკავეს, არ ჰქონდა სარეალიზაციოდ, არც ვინმე სხვისთვის.
დათუნა არის ერთი კონკრეტული ნივთიერების მომხმარებელი და ის ინფორმაცია, რასაც ტელევიზიები ავრცელებენ, არის მცდარი. ძალიან გთხოვთ, გადაამოწმეთ ხოლმე", - ამბობს გიორგი ლაბაძე ვიდეოში.

დათუნა სულიკაშვილი 2010-იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი იყო - თბილისის ბომონდურ წრეში ძალიან კარგად იცნობენ და ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქალები მისი მის სამოსს სიამაყით ატარებდნენ.
„მე მგონია, ამის სურვილით დავიბადე. ბავშვობიდან მიტაცებდა ეს სფერო, თუმცა იყო პერიოდი, როცა ძალიან მინდოდა მსახიობობაც. ერთხანს ვმღეროდი კიდეც, მერე აღარ გავყევი სიმღერას, ვიგრძენი, რომ ყველაზე უფრო ახლოს მაინც ეს იყო ჩემთან. უამრავ ტანსაცმელს ვანადგურებდი. ერთ მკლავს ვაძრობდი და მეორეს ვაკერებდი, გადაკეთებები მიყვარდა. ძირითადად, ფარდებს და ბებიაჩემის ტანსაცმელებს ვჭრიდი. რატომღაც მშობლებს დიდად არ უნდოდათ, ამ განხრით ჩამებარებინა, თუმცა არჩევანი მაინც ჩემზე იყო და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. მახსოვს, ჩუმად დავიწყე ხატვაზე სიარული. თვის ბოლოს სწავლის თანხა გადასახდელი მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა. ავდექი და მშობლებს გამოვუცხადე – ხატვის ფული მაქვს გადასახდელი-მეთქი... რა უნდა ექნათ, მიხდიდნენ. მერე ჩავაბარე თოიძეში, ორწლიან მოსამზადებელ კურსებზე, შემდეგ აკადემიაში”, - ასე იხსენებდა დიზაინერი პირველ ნაბიჯებს.
დათუნა სულიკაშვილმა პირველად საჯაროდ ნარკოდამოკიდებულების შესახებ 2021 წელს გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ისაუბრა. მან აღიარა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ეს შეცდომა არასდროს დაეშვათ. გადაცემაში მან გაიხსენა ის პერიოდი, როცა პირველად გაუჩნდა ინტერესი აკრძალული ნივთიერებებისადმი და ეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებით ახსნა.
დათუნა სულიკაშვილმა გადაცემაში ოჯახის წევრების, მის შემთხვევაში კი დედის როლზეც ისაუბრა. თქვა, რომ მისი დამოკიდებულების შესახებ დედამ მეგობრისგან გაიგო და ეს ფაქტი მისთვის შოკისმომგვრელი იყო - წაიკითხეთ სრულად