"ოფიციალური განცხადება,
მადრიდი, 15 დეკემბერი, 2025
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით შემეწყვიტა ჩემი ტიტულის დაცვა. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც მსუბუქად მივიღე. თუმცა, როდესაც წარმოიქმნება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენს პირად მთლიანობას, შენს ოჯახსა და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც უნდა იმოქმედო. ბოლო თვეების განმავლობაში, მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.
ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ყველა შესაბამისი მტკიცებულება ფრთხილად იყო შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაციები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომასალა. ეს მტკიცებულებები წარედგინა შესაბამის სასამართლო ორგანოებს, რათა აღძრულიყო სამართლებრივი ქმედებები გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, თანხებისა და პირადი ქონების უკანონო მითვისების და მრავალჯერადი მუქარის ბრალდებით.
დუმილის შესახებ ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად მივიღე, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, მივხვდი, რომ ამ ვითარებაში დუმილი სიმართლეს არ იცავს - ის ცრუ ნარატივებს საშუალებას აძლევს, გაბატონდეს.
ბევრ ადამიანს მსგავსი სიტუაცია შეექმნა და სასამართლო სისტემამ არაერთხელ დააზუსტა ფაქტები. დღეს მე არა მხოლოდ ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავისთვის ვდგავარ წინ, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ არავინ უნდა იყოს იძულებული, დაემორჩილოს დაშინებას, მანიპულირებას ან შიშს. მათ, ვინც მიცნობს, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე სახის ძალადობაში და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და პატიოსნებით იყო განპირობებული.
მე სრული ნდობა მაქვს სასამართლო პროცესის მიმართ და საშუალებას მივცემ სასამართლო სისტემას, ფაქტები მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს. ჩემი შვილებისა და მიმდინარე სასამართლო პროცესების პატივისცემის გამო, აღარ გავაკეთებ შემდგომ საჯარო განცხადებებს.
პატივისცემით,
გთხოვთ, თავი აარიდოთ სპეკულაციებს და პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას ამ მგრძნობიარე დროს. სიმართლეს არ სჭირდება ხმამაღალი არგუმენტები - მას ფაქტები სჭირდება", - დაწერა ილია თოფურიამ საკუთარ გვერდზე.

ბოლო პერიოდში ქართული და უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის შესაძლო განშორება მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, სოციალურ ქსელებში ჯორჯინას ხშირი პოსტები და მინიშნებები მედიაში ეჭვებს აჩენს. ამ ყველაფერს დაემატა თოფურიას ბოლო ჩანაწერიც X-ზე, სადაც ის აღნიშნა, რომ პირად ცხოვრებაში რთულ ეტაპს გადის, რის გამოც დროებით აჩერებს UFC-ში გამოსვლებს. სწორედ ამ განცხადებამ გააძლიერა ეჭვები, რომ მებრძოლის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებთან გვაქვს საქმე.
ჯორჯინა უზკატეგუი ბადელით ქართული და უცხოური მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის UFC-ის ჩემპიონთან ერთად გამოჩნდა - ჯორჯინა ილიას თან ახლდა ყველა ბრძოლის დროს, იზიარებდა მის კარიერულ წარმატებასა და წარუმატებლობას. ჩანდა, რომ ის ქართველი სპორტსმენის დიდი გულშემატკივარი იყო. როგორც უცხოური მედია წერს, მათი ურთიერთობა 5 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. 2024 წელს ილიასა და ჯორჯინას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს.
2025 წლის შემოდგომაზე წყვილის გულშემატკივრებმა შენიშნეს, რომ მათი საერთო ფოტოები სოციალური ქსელებიდან გაქრა - ჯორჯინა უზკატეგუი ბადელიმ ილია თოფურიას გამოწერა ინსტაგრამზეც გააუქმა. ეჭვები მათი დაშორების შესახებ ჯორჯინას მიერ გაზიარებულმა პოსტებმაც გაამყარა - ის ხშირად წერდა ძლიერი ქალის, დამოუკიდებლობისა და ურთიერთობების შესახებ.
რამდენიმე დღის წინ კი, დასავლური სპორტული მედიის (Sportscasting) ინფორმაციით, ილია თოფურიას მეუღლემ, ჯორჯინა უსკატეგი ბადელმა, რომელიც წლების განმავლობაში სპორტსმენს გვერდით ედგა, ოქტომბრის დასაწყისში განქორწინებაზე ოფიციალური სარჩელი შეიტანა. თუმცა, როგორც Sportscasting წერს, განშორებას თან ახლავს სერიოზული ფინანსური გამოწვევა: ჯორჯინა ბადელი, სავარაუდოდ, თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვს, მაშინ როდესაც ჩემპიონის ამჟამინდელი ქონება დასავლურ მედიაში რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებრივი დავა სერიოზული მასშტაბისაა.
ქონებრივი დავის პარალელურად, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა და ილია თოფურიამ საერთო შვილის მეურვეობის საკითხიც უნდა გადაწყვიტონ.
