რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ჩემი ცხოვრების პერიპეტიებიდან გამომდინარე, მიყვარს ჩემი საქმე მე, ედიშერ უნდილაძეს. გამომძიებელი ვარ, სისხლის სამართლის საქმეებზე ვმუშაობ. უკვე ცამეტი წელია, სამართალდამცავი ორგანოების ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ, თან კარგი სპეციალისტი. არადა, მოზარდობის პერიოდში ისე მიტაცებდა ქურდული სამყარო, ძველი ბიჭები, რომ კანონიერ ქურდობაზე ვოცნებობდი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, ამ გზით წავსულიყავი. მე არ ვარ 70-80-იანების თაობა, როცა პიონერობა, კომკავშირლობა და წითელი ყელსახვევი “გრეხად” მიიჩნეოდა მომავალი ქურდისთვის. მე, როგორც 90-იანების წარმომადგენელი, ამ მხრივ ბევრ რამეში ვიყავი შეუზღუდავი, _ მთავარი იყო, “მომპარავი” ყოფილიყავი და “კარგი ბიჭის” სახელი გრგებოდა.
ამ მხრივ გავამართლე. მამაჩემი დასაბმელი ხდებოდა, როცა დედაჩემს სკოლაში იბარებდნენ. კაცი მეღვინე იყო, თავზე საყრელად ჰქონდა ფული, მთელ ხელისუფლებას ეგ ასმევდა თავისი მარნის საუკეთესო ღვინოს, რუსეთშიც მისი ღვინით ისველებდნენ პირს აქაური დეპუტატების იქაური “მეპუტატები”, მაგრამ აი, შვილი კი “არ გამოადგა”. მე რომ ხარისხიანი განათლება მიმეღო, დედაჩემი თბილისში გამოუშვა მამამ, რათა დედაქალაქში მესწავლა, ბინაც გვიყიდა და ფინანსურადაც მხარში გვედგა, მაგრამ გარდატეხის ასაკში შევედი თუ არა, ავიშვი და ავიშვი. მომპარავიც ვიყავი და საქმეების გარჩევაშიც არ მყავდა ბადალი, როცა რამე ქურდულად იყო გასარჩევი. სკოლებს შორის კი მაშინ ისეთი ამბები ხდებოდა, მტრისას! დედა შვილს არ აიყვანდა ხელში! რა გაკვეთილები, რის გაკვეთილები, ჩანთაც კი არ დამქონდა სკოლაში. საწყალი მამაჩემი ხან ერთ სკოლის დირექტორთან ჩააწყობდა საქმეს, რომ არ გავერიცხე, ხან მეორესთან. სამი სკოლა გამოვიცვალე ასე, მაგრამ ჩემს გამოსწორებას არ დაადგა საშველი, მშობლების სანაქებო შვილი ვერ გავხდი.
მაგრამ მერე უცებ საშინელი სისწრაფით შეიცვალა სიტუაცია. მოვიდა ახალი მთავრობა და დაერია ძველბიჭობას. ჩემი ოცნებაც ისე სწრაფად ჩამოიშალა, როგორც ქვიშისგან ნაგები კოშკი იშლება ზღვის ტალღის დაჯახებისას.
აი, მაშინ კი შემეშინდა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და მივხვდი, ჩემი საოცნებო “შავობა” მართლა შავ მომავალს მიქადდა. სერგოც, მამაჩემიც, არანაკლებ შეშინდა. გვერდით დამისვა და “კაცურად” დამელაპარაკა. სრულ თავისუფლებას მოგანიჭებ, თბილისში მარტო დაგტოვებ, იცხოვრე შენთვის, ოღონდ უნივერსიტეტში ჩააბარე და რამე ადამიანური პროფესია აირჩიე, ისე ნუ გამწირავ, შენ გამო გული გამისკდეს და დროზე ადრე მომეღოს ბოლოო.
ამაზე უკვე მეც ვფიქრობდი, მაგრამ რა მინდოდა? რაში გამოვდგებოდი? ექიმი ჩემგან არ დადგებოდა და მასწავლებელი. გონება მაშინ გამინათდა, როცა უფრო ძლიერებმა მამაჩემის გატყავება დაიწყეს და რაც ნაშოვნი ჰქონდა, ლამის ყველაფერი წაართვეს. ხან ერთი ჩაუსვეს წილში, ხან მეორე. კაცს სამი ღვინის ქარხანა ჰქონდა და ბოლოს ერთი ძლივს შეინარჩუნა. ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო, დანანებით იტყოდა ხოლმე. გვერდით მდგომი არავინ გამოუჩნდა, ყველას ეშინოდა ჩარევის. აი, მაშინ გამინათდა გონება. ამ ქურდობაზე მეოცნებე ბიჭმა შუბლის ძარღვი გავიწყვიტე და იურისტობა გადავწყვიტე. ვიფიქრე, ახლა რომ ადვოკატი ვიყო, ხომ შევძლებდი მამაჩემის დაცვას-მეთქი.
როცა სერგოს ამის შესახებ ვაუწყე, სიხარულისგან ატირდა ეს დევივით კაცი, ეს რა კარგი რამე მოგიფიქრებიაო. ჰოდა, ბოლო სასწავლო წელს ავიწყვიტე და მეცადინეობას მთელი მონდომებით შევუდექი.
ჩემმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო და შედეგმაც არ დააყოვნა. პირველსავე წელს ჩავირიცხე და სტუდენტი გავხდი. ყველა ჩემს ძმაკაცს უკვირდა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ სულაც არ მადარდებდა მათი აზრი. ამის გამო ბევრს ჩამოვშორდი. სხვათა შორის, არც ეს მიდარდია. მე უკვე დამოუკიდებელი პიროვნება ვიყავი. ვცხოვრობდი თბილისში, მარტო, ჩემს სამოთახიან ბინაში, მერქვა სტუდენტი და ვსწავლობდი, როგორც ყველა. ანუ მთლად თავს არ ვაკლავდი, მაგრამ კურსიდან კურსზე კი გადავდიოდი.
დავამთავრე თუ არა, მამაჩემმა ვიღაც ნაცნობი გაჩითა და ერთ სანოტარო ბიუროში დამაწყებინა მუშაობა. უფრო სწორად, პრაქტიკაზე ამიყვანეს. ისეთი მომაბეზრებელი სამუშაო იყო, ერთ კვირაში ყელში ამომივიდა. მამაჩემს დავურეკე, სხვა რამე მიშოვე, ამ ქაღალდებში რომ მექექა, იმისთვის არ მისწავლია, ექსტრემალური დაწესებულება მინდა, სადაც სულ მოძრაობაში ვიქნები-მეთქი.
ისევ დაჩალიჩდა სერგო და ერთ მშვენიერ დღესაც პოლიციაში ამოვყავი თავი. ისევ პრაქტიკა, ისევ შავი საქმეების კეთება. რადგან ედიშერი გრძელი წარმოსათქმელი იყო, ბავშვობიდან ყველა ედის მეძახდა. ჰოდა, წავიდა რეპლიკები _ ედი, ეს მოიტანე, ედი, ის წაიღე, ედი, ეს დაწერე, ედი, ის წაშალე, ამას დაურეკე, იმას შეუთანხმდი და რა ვიცი, არ დაილია საქმე.
გავუძელი. თავი არ დავზოგე და ერთ წელიწადში იმდენს მივაღწიე, რომ გამომძიებლის თანაშემწედ გადამიყვანეს. ისე მომეწონა ჩემი ახალი პოზიცია, რომ ჭკუაზე არ ვიყავი. ძალიან გამიტაცა მკვლელობების გამოძიებამ. ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ საოცარი დედუქციისა და ანალიზის უნარი მქონდა. ეს არც უფროსობას დარჩენია შეუმჩნეველი. დამკრავდნენ მხარზე ხელს, ყოჩაღ, ედი, როგორ გიჭრის გონებაო, მეტყოდნენ და მეც მეტი რა მინდოდა? დავფრინავდი შექებით გახარებული.
ასე ნელ-ნელა წავიწიე წინ და აი, ცამეტი წლის თავზე უკვე კარგი დეტექტივი მქვია, ვარ ალღოიანი და მიზანმიმართული. ჯიუტად ვაწვები ჩემსას და აგერ, 16 საქმიდან თაროზე მხოლოდ ერთი მაქვს შემოდებული, რომელიც ისე დაიხურა, ვერ გამოვიძიე. სხვა დანარჩენის საიდუმლოება წარმატებით ამოვხსენი. ბოლო საქმე ხომ საერთოდ… უდანაშაულო ადამიანი ციხეს გადავარჩინე. ცოლის მკვლელობას აბრალებდნენ იმ საწყალს, შინ მისულს მეუღლე იატაკზე დაგდებული დახვდა, მუცელში დანაგარჭობილი და იმდენად შეზარა ნანახმა, რომ ძალაუნებურად მოჰკიდა დანას ხელი და ამოაძრო ცოლს მუცლიდან. ამან სწრაფი სისხლდენა გამოიწვია და ქალს სასწრაფომაც ვერ მოუსწრო. დანაზე კი ქმრის თითების ანაბეჭდები აღმოჩნდა.
საცოდავი ისეთი გულწრფელობით მიმტკიცებდა თავის უდანაშულობას, ვხვდებოდი, რომ მართალი იყო. კი გამიჭირდა ამის დამტკიცება, მაგრამ ბოლოს მაინც მივაღწიე ჩემსას. ნამდვილი მკვლელი დავიჭირე და ქმარი პატიმრობიდან დავიხსენი. თურმე გასაქურდად შესულა მეზობლის ბიჭი და ამ ქალმა რომ იცნო, დანა გაურჭო მუცელში, არ დამასმინოსო.
ამ საქმემ უფრო ამიმაღლა ავტორიტეტი. უფროსობამაც სხვა თვალით დამიწყო ყურება და კოლეგებმაც. თუ ვინმე რამეში გაიჭედებოდა, ჭკუას მე მეკითხებოდნენ, დაიხმარე შენი დედუქციის უნარი და გვიშველე რამეო. შერლოკაც კი შემარქვეს სამსახურში.
აი, სულ ესაა ჩემი ავტობიოგრაფია. ცოლი არ მყავს, არც შვილი. მართალია, დაქორწინებული ვიყავი, მაგრამ მხოლოდ ექვსი თვით. ბოლო კურსზე ვიყავი, ანო რომ გავიცანი. ჩემი ბიძაშვილის, ბადრის დაბადების დღეზე. ისიც იქ იყო მოსული თავის ძმასთან, ტაროსთან ერთად. ტარო და ბადრი გადაბმული ძმაკაცები იყვნენ და მის დასთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩემს ბიძაშვილს. ამიტომ ისიც ჰყავდა მოპატიჟებული. მე კი ისე მომეწონა, ამ გოგოს ხელიდან არ გავუშვებ-მეთქი და ეგრეც მოვიქეცი. გარეგნულად დასაწუნი ბიჭი არ ვარ, ქალები თვალებით მჭამენ, ისეთ ფორმაში ვარ ჩემი ნავარჯიშები სხეულით, შავგვრემანი სახითა და უცნაურად თაფლისფერი თვალებით. ჩემს მუქ სახეზე ღია თაფლისფერი თვალები ისე ანათებს, როგორც ფოსფორი სიბნელეში, რაც მექანიკურად იქცევს გოგოების ყურადღებას.
ასეა თუ ისე, ანოც წამებში მოვხიბლე, ბადრის ძმურად ავუხსენი ყველაფერი, იმანაც გამიგო და მე და ანუშკი ორ თვეში დავქორწინდით. იმხელა ქორწილი გადამიხადა მამაჩემმა, ვინ იცის, რამდენი კვირა ჰქონდათ სოფელში ეს ამბავი სალაპარაკოდ.
მაგრამ რად გინდა. ექვს თვეში დაჰკრა ფეხი ჩემმა ანომ და მიმატოვა. არადა, ნამდვილად არ იყო ჩემი ბრალი ის ამბავი, რის გამოც მიმატოვა.
სინამდვილეში აი, რა მოხდა: ჩემი ბადრი დაიღუპა. უეცრად, არავინ რომ არ ველოდით, ისე. მენინგიტმა იმსხვერპლა. ძმებივით ვიყავით, ამიტომ ძალიან გამიჭირდა. ასე მეგონა, ჩემთვისაც დამთავრდა სიცოცხლე და მხოლოდ სხეული აგრძელებდა არსებობას.
გაგრძელება იქნება