ახალი წელი ქართული ტრადიციული სუფრის გარეშე წარმოუდგენელია. ქართული სუფრა კი - შოთის პურის გარეშე. 31 დეკემბერი ბევრი ჩვენგანისთვის თონის რიიგტან ასოცირდება - ეს ერთგვარი ტრადიციაა, კულტურის ნაწილია, რომელსაც, როგორც წესი, ან მამები და ბაბუები, ან ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრები იზიარებენ.
აბა, დაფიქრდით, რამდენჯერ მდგარხართ შოთის პურის რიგში 31 დეკემბერს, რამდენჯერ დაგისვამთ კითხვა - "რა მოხდებოდა, ჩვეულებრივი პური რომ გვეყიდა?"
თუ გსურთ, ეს ფიქრები თქვენც აირიდოთ და თქვენს ოჯახის წევრებსაც "შეუმსუბუქოთ" ახალი წლის ეიფორია, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა! - ქვაბში ჩაკრული შოთი პური - რამდენად დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, დიახ! რეალურია, ძალიან მარტივია და ძალიან გემრიელია!

GemoLab-ი გვასწავლის, თუ როგორ მოვამზადოთ თონის პური სახლის პირობებში:
ინგრედიენტები:
- 1კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1ჩ/კ საფუარი
- 550/600მლ ოთახის ტემპერატურის წყალი.
მომზადება:
ინგრედიენტები კარგად გადავურიოთ ერთმანეთში ისე, რომ მივიღოთ ფაფუკი ცომის მასა. შემდეგ ცოტა ხანი გავაჩეროთ, ამ დროის მანძილზე 2-ჯერ გადავზილოთ, რომ ცომი უფრო ფაფუკი გახდეს. ცომი დაახლოებით 4 საათი დავასვენოთ, რომ დამყოლი და ელასტიკური ცომი გამოვიდეს. შემდეგ ეს ცომები დავანაწილოთ პატარა ნაწილებად.
გავახუროთ ძველებური თუჯის ფორმის ქვაბი მაქსიმალურად, ჩავაკრათ შოთები და შევდგათ ღუმელში.