„მაშინ მე თვითონაც პატარა ვიყავი. ვიცოდი, რომ რთული იყო, მაგრამ შემდეგ პირისპირ შევეჯახე. მთელი ცხოვრების მანძილზე ამასთან ერთად უნდა იცხოვრო. ბევრი ადგილი არსებობს, სადაც ადამიანებს ეხმარებიან, მაგრამ როცა ამ დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად გადიხარ ამ გზას, უფრო რთულია.
მივხვდი, რომ ეს მისი ამბავია და მე არ უნდა ჩავერიო, მან უნდა მიხედოს ამ თემას… თავისი გზა და ჯვარია, რომელიც უნდა ატაროს. რეალურ პრობლემებს შევეჯახე, რომლებიც არ ფილმში მინახავს, არც წამიკითხავს და არც მოუყოლიათ…“ - თქვა მსახიობმა ანი ბებიამ ნანკა გვარის პოდკასტში სტუმრობისას, სადაც, არაერთ საინტერესო თემასთან ერთად, მეუღლის, მსახიობი და ტელეწამყვანი ილო ბეროშვილის ნარკოდამოკიდებულებაზეც ისაუბრა.
დამოკიდებულებასთან ბრძოლის შესახებ თავად ილო ბეროშვილსაც არაერთხელ უსაუბრია:
„თავიდან გგონია, რომ ეს უბრალოდ გამოცდილებაა, შენ სხვას არ ჰგავხარ და დამოკიდებული ვერ გახდები. შემდეგ ნელ-ნელა ვიგრძენი, რომ ის კარგი თვისებები, რაც მქონდა, სადღაც გაქრა. როცა ნარკოტიკს ვიღებდი, ძალიან ვნანობდი, მაგრამ ვამბობდი, აი, ხვალ დავანებებ თავს, აი, ზეგ დავანებებ და ა.შ.“
მსახიობმა ღიად ისაუბრა იმაზეც, რომ საკმაოდ რთული იყო რეაბილიტაციის პროცესი. ჰქონდა როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილები, თუმცა ოჯახის წევრების სიყვარულითა და თანადგომით ეს პრობლემა საბოლოოდ დაძლია და დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს.

ანი ბებია საქართველოში ერთ-ერთია, ვისაც განსაკუთრებული ნიჭი და გარეგნობა გამოარჩევს. ის ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, თუმცა ანის ფილმოგრაფია მრავალფეროვანი და საინტერესოა - ის მონაწილეობდა ლევან თუთბერიძის ფილმში "მოირა", რომელიც აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ფილმად დაასახელა. ასევე ანი გადაღებულია ფილმში „8 წუთი“ და „იზი და ჯადოქარი“. კიდევ ერთი წარმატებული პროექტი მის კარიერაში იყო პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები".
მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.
ანი ბებია პირველად რეჟისორ კახი ხუციშვილზე იყო დაქორწინებული: „ერთხელ გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი, კახი გოგასთან დადიოდა და იქ გავიცანით ერთმანეთი“ - იხსენებდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ანის მეორე მეუღლე მსახიობი ილო ბეროშვილია.
"მეც, როგორც ბევრი სხვა, ილოს ეკრანიდან ვიცნობდი. ერთხელ რადიოში მიმიწვიეს, სადაც თანაწამყვანი ილო იყო. საუბრის თემა ეხებოდა სილამაზესა და ჯანსაღ ცხოვრებას. იქ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაცნობობით შემოიფარგლა, რადგან მე იმ დროს მყავდა ოჯახი. მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.
მეუღლეს მალევე გავშორდი, რადგან ურთიერთობაში უკვე გვქონდა პრობლემა. ეს ისე მოხდა, რომ ილო არაფერ შუაში იყო. გადაცემის შემდეგ მომწერა, მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ფოტოებზე მეუღლესთან ერთად ბედნიერად გამოვიყურებოდი. ამის მერე ძალიან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდა, როგორიც შეიძლება კარგ ნაცნობთან გქონდეს.
ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირებული ვიყავი საქმეზე, ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი", - ამბობდა ანი.
ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას ორი შვილი ჯერი და სემი ჰყავთ, რომლებიც მშობლებთან ერთად სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდებიან.