თამაშიდან გასული - თავი II - Marao

თამაშიდან გასული - თავი II

2025-12-23 10:34:27+04:00

წინა თავი

გასვენების დღეს, როგორც იციან ხოლმე სოფლებში, დასაფლავების წინ აიტეხეს ქალებმა, რამე ნივთი ამოიღეთ სასახლიდან, სანამ მიცვალებულს სამარეში ჩაუშვებთო. დედამისმაც ამოიღო მისი მობილური და პირდაპირ მე მომაჩეჩა ხელში, შენ ძალიან უყვარდი და მისგან სახსოვრად მინდა დაგრჩესო. უარს ხომ არ ვეტყოდი? წამოვიღე სახლში. რადგან ოჯახის წევრივით ვიყავი, ქელეხში სტუმრებს თავს დავტრიალებდი, წვეთი არ დამილევია, ამიტომ ისე დავიღალე, როცა ყველაფერი დამთავრდა, ეგრევე შინ გამოვეშურე და ტახტზე წამოვწექი. ამ დროს ბადრის მობილური აზრიალდა. რაღაცნაირად ცუდად კი მომხვდა ყურში. ყველამ იცოდა, რომ დაიღუპა და ვის რატომ უნდა დაერეკა? დავხედე ნომერს. ტარო რეკავდა, ჩემი ცოლისძმა. მეც ვუპასუხე, რა იყო, ტარო, ხომ მშვიდობაა-მეთქი. ამის თქმა და ისეთი ჩოჩქოლი ატყდა ტელეფონში, ვერაფრით ვერ მივხვდი, რა ხდებოდა…

თურმე ის ხდებოდა, რომ ქელეხის მერე ბადრის რამდენიმე ძმაკაცი შეიკრიბა და საღამოს ისევ სასაფლაოზე აბრუნდნენ, თითო ჭიქა წავუქციოთო. კარგა გვარიანად რომ შემთვრალან, ტაროს უთქვამს, ის ჩვენთვის ყოველთვის ცოცხალივით იქნება, არასდროს გამოგაკლდება. აი, ახლა მე დავურეკავ მობილურზე, რომელიც სამარეში ჩაატანეს და ისეთი შეგრძნება მექნება, როგორც სხვა დროს, როცა ვურეკავდიო. იმან რა იცოდა, მობილური ამოღებული რომ იყო და მე მქონდა. ყველა ელოდა, რომ მიწისქვეშ ტელეფონი გათიშული იქნებოდა. არადა, უცებ ზარი გავიდა. ყველას შეაკანკალა თურმე. და წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ტაროს, როცა ჩემი პასუხი გაიგონა. ისე შეშინებია, იქვე დაარტყა თურმე გულმა და ადგილზე გათავდა კაცი.

აი, ეს არ მაპატია ჩემმა ცოლმა. მისი ძმის უცაბედი გარდაცვალება მე დამბრალდა. ვერაფრით ვერ შევასმინე, რომ საერთოდ არ ვიყავი დამნაშავე. თვალის დასანახავად ვერ მიტანდა და ტარო დაასაფლავეს თუ არა, მოკრიფა თავისი ნივთები და მშობლებთან გადასახლდა.

მეც აღარ გავკიდებივარ. თავიდან ვფიქრობდი, ჯერ ბავშვია, დრო გაივლის, იმასაც გაუვლის სიბრაზე და თავისი ფეხით მობრუნდება-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ. დრომ კი გაიარა, მაგრამ მისმა სიბრაზემ _ არა.

მას შემდეგ ერთმანეთი არ გვინახავს. ერთხელაც კი არ შემხვედრია არსად. სამუდამოდ მომიძულა და მეც საბოლოოდ შევეშვი. ალბათ სათანადოდ არ ვყვარებივარ, თორემ ასე არ გამწირავდა. აშკარად ვიჩქარეთ დაქორწინება. როგორც ჩანს, ორ თვეში ვერ გაიდგა ფესვები მყარად ჩვენმა სიყვარულმა.

არც ახლა ვიცი, სადაა. მითხრეს, მეორედ გათხოვდაო, მაგრამ ტყუილია თუ მართალი, დღემდე არ ვიცი. არც ვკითხულობ და არც მოვიკითხავ. შვილი არ გვყოლია, რამაც უფრო გაგვიადვილა ერთმანეთთან დაშორება.

მორჩა, სულ ესაა. ამის მეტი ჩემს პირად ცხოვრებაზე სათქმელი არაფერი მაქვს. მეორე ცოლზე არ მიფიქრია. 36 წლის კაცი დავდივარ უცოლოდ. მართალია, ქალები არ მაკლია, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა მას მერე არავისთან მქონია. ხანგრძლივად არცერთ ქალს გვერდით არ ვიტოვებ. ხანმოკლე ურთიერთობა უფრო მხიბლავს, უგლუტენო პროდუქტივით ბევრად ადვილი მოსანელებელია. არც არავის შეყვარება მიცდია. ერთხელ ვიწვნიე მაგ საკითხში მარცხი და სულაც არ მსურდა, კიდევ ერთხელ მტკენოდა გული. ვერც შევხვდი ისეთს, ჩემი გულის მონადირებას რომ შეძლებდა.

სოფელში ხშირად დავდივარ ჩემი დედ-მამის მოსანახულებლად. მამაჩემმა ისევ მოითქვა სული, რადგან მთავრობა კიდევ ერთხელ შეიცვალა და უკვე აღარ სდევნიდნენ წინანდებურად. ისევ აყენებს ღვინოს, უვლის ვენახს და ისევ იწონებს თავს საკუთარი ღვინით.

დღესაც სოფლიდან თბილისში დავბრუნდი. ცოტა ადრე წამოვედი, რადგან სერგომ ღვინო გამომატანა თავისი ძმაკაცისთვის  და დუშეთისკენ, სოფელ ახატანში უნდა ამეტანა. იქ, რა თქმა უნდა, დიდი ამბით მიმიღეს და ცოტა ხანს შემოვრჩი. უკვე შეღამებული იყო, როცა მასპინძლებს გამოვემშვიდობე და ჩემი მიცუბიშით გზას დავადექი. ერთი სული მქონდა, საწოლამდე როდის მივაღწევდი. დილით ადრიანად უნდა გამოვცხადებულიყავი სამსახურში. ამ ეტაპზე არაფერს ვიძიებდი, მაგრამ სამსახური სამსახურია და უფროსობა არ უნდა გააბრაზო.

სასიამოვნო მთვარიანი ღამე იყო.

როგორც იქნა, თბილისში შემოვედი. ჩემი უბნისკენ ყოველთვის ცენტრალური ტრასით მივდიოდი, მაგრამ ახლა ძალიან მიმეჩქარებოდა შინ, ამიტომ გადავწყვიტე, მოკლე გზით წავსულიყავი. ერთი ეგ იყო, ბოლო დროს აქ გზის შეკეთება მიმდინარეობდა და ასფალტი ლამის ერთ კილომეტრზე იყო აყრილი, რის გამოც სიჩქარე შევანელე და ფრთხილად გავაგრძელე სვლა. ამასობაში კერძო დასახლებასაც მივუახლოვდი. არ მიყვარდა ეს დასახლება. უსიამოვნოდ იყო იქაურობა ჩაბნელებული. კანალიზაციის სისტემა ახლა გაჰყავდათ და სულ გადათხრილი იყო იქაურობა. ლამპიონებიც აქა-იქ ანათებდა. ამასთან, ერთგან ძალიან ვიწროვდებოდა გზა, რის გამოც იძულებული გავხდი, კიდევ უფრო დამეგდო სიჩქარე. უეცრად ჩემი მიცუბიში საშინლად შეირყა და პირდაპირ ამოთხრილი მიწის ბორცვისკენ გადამისროლა. ისე შემაქანა და იმხელა რყევა ვიგრძენი, ასე მეგონა, ჩემი ხერხემალი შუაზე გადაწყდა და ნაწილებად იშლებოდა.

და უცებ კინაღამ წამოვხტი ჩემი სავარძლიდან. ღამის იდუმალი სიჩუმე საშინელმა კივილმა გაარღვია. მეორე წამს ჩემი ფარების წინ ქალი გამოჩნდა, ქერათმიანი ქალი, რომელიც ჩემი მანქანისკენ მორბოდა. მაშინვე დავამუხრუჭე, ფარები ანთებული დავტოვე, მიცუბიშიდან გადავედი და ძალაუნებურად გადავდგი ნაბიჯი უცნობის შესახვედრად. ქალი შეშლილი სახით მოიწევდა ჩემკენ, თავჩაღუნული. როგორც ჩანს, სინათლის შუქზე გამორბოდა, თორემ მე საერთოდ ვერ მამჩნევდა, თან განწირული ხმით აგრძელებდა კივილს. ასე მორბოდა მანამ, სანამ არ დამეჯახა. მკლავებში ძლიერად ჩავეჭიდე და მისი შეკავება ვცადე.

_ დამშვიდდი, გესმის? დაწყნარდი, ნუ კივი! ეი! გაიგე? ნუ კივი-მეთქი, ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ გაჩუმდი და შემომხედე! _ ჩქარ-ჩქარა მივაყარე, _ მე პოლიციელი ვარ, არ შეგეშინდეს. დამიჯერე, არ გატყუებ! მორჩა, შენ არანაირი საფრთხე არ გემუქრება. მორჩა, მორჩა!

ქერამ შეშინებული სახით ამომხედა, ქოშინით სუნთქავდა.

_ გაბრო იქ არის, _ ამოთქვა აკანკალებული ხმით, _ ის მკვდარია! _ და უარესად აცახცახდა, მერე მოულოდნელად თვალები უცნაურად გადაატრიალა, ხელიდან გამიცურდა და სარეცხივით გადამეფინა მკლავზე.

იმავე წამს სადღაც ტყვია გავარდა. მყისიერად გავეკარი მიწას ორად მოკეცილ ქალთან ერთად და შუშის ჩამსხვრევის ხმაც გაისმა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემმა მანქანამ ეს-ესაა, ცალი ფარი დაკარგა. წუთიც არ გასულა, რომ პირველს მეორე გასროლა მოჰყვა და მეორე ფარის ნამსხვრევებიც მიმოიფანტა ირგვლივ, ჩვენც კი დაგვეყარა ძირს გართხმულებს. შემდეგ გარშემო სასიკვდილო სიჩუმე გამეფდა და სრულიად დაბნელდა. ისე დაბნელდა, რომ თვალთან თითს ვერ მიიტანდი. მიწაზე უსუსურად გაკრული მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ახლავე სნაიპერის მოსაძებნად გაქცევა ისეთივე საბედისწერო იქნებოდა, როგორც ხახადაღებული ლომების გალიაში გართობის მიზნით შესვლა.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი მომხდარა ჩვენ ირგვლივ და ცოტათი მოვეშვი. სხეული რაც შემეძლო მოვადუნე, რომ გონებისთვის დაფიქრების საშუალება მიმეცა. უცებ ჩვენ წინ მდებარე პატარა შენობაში შუქი აინთო. როგორც ჩანს, სნაიპერმა დუელიანტივით გამოწვევა მესროლა, შენისთანა სტუმრის მისაღებად მზად ვარო. გამიელვა თუ არა გონებაში ამ აზრმა, ზურგზე მაშინვე სიცივემ დამიარა და შემაკანკალა. სანამ სიტუაციას გავიაზრებდი, იქვე ახლოს მანქანის ძრავის ხმა გაისმა.

როცა ფეხზე წამოვდექი, მანქანის ხმა უკვე კარგა შორს ისმოდა. მიწაზე გაშხლართულ ქერათმიანს ხელი მოვხვიე, მაგრამ ისე იყო ძალაწართმეული, იძულებული გავხდი, თრევა-თრევით წამეყვანა შენობისკენ.

შესასვლელი კარი ფართოდ იყო ღია. ნაგებობა საცხოვრებელ სახლს აშკარად არ ჰგავდა. პირდაპირ დიდ ოთახში გავედი და ქალი დივანზე მივაწვინე. როცა ირგვლივ მიმოვიხედე, მივხვდი, რომ რაღაც დაწესებულებაში მოვხვდი. იქვე ბარისმაგვარი შევნიშნე, რომლის დახლზე სამვარსკვლავიანი კონიაკის გაუხსნელი ბოთლი იდგა. იქვე ჭიქებიც იდო და, სხვათა შორის, გარეცხილი.

ბოთლი გავხსენი, კონიაკი ორ ჭიქაში ჩამოვასხი და კვლავ დივანს მივაშურე. ქალი წამომჯდარიყო, მაგრამ ირწეოდა და თავს ძალას ატანდა, რომ არ წაქცეულიყო. შიშჩამდგარი თვალებით მომშტერებოდა და რაღაცის თქმას ცდილობდა.

_ კაპიტანი ედი უნდილაძე, დეტექტივი-გამომძიებელი, _ გავაცანი ჩემი თავი, ოღონდ არ ვიცი, ამ ქალს ჩემი სრული სახელი რატომ არ ვუთხარი.

_ კიდევ კარგი. მადლობა ღმერთს, რომ თქვენი თავი გამომიგზავნა, _ სუსტი ხმით გამცა პასუხი. სახეზე საშინელება ეხატა, _ ის გასროლები რომ ისმოდა… დაიჭირეთ? იცით ვინ იყო?

ჩამეცინა.

გაგრძელება იქნება