"გამიფრინდა ჩემი ბედნიერება" - მომღერალი ანრი ჯოხაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - Marao

"გამიფრინდა ჩემი ბედნიერება" - მომღერალი ანრი ჯოხაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

2025-12-24 10:11:55+04:00

მომღერალი ანრი ჯოხაძის დედა, რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. ის პროფესიით კომპოზიტორი იყო და ანრი ხშირად აღნიშნავდა, რომ მის მუსიკალურ კარიერაში დედას განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა. 

ანრიმ სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა: "გამიფრინდა ჩემი ბედნიერება. მიყვარხარ, დედა", - დაწერა მომღერალმა.

  • ვინ არიან ანრი ჯოხაძის და-ძმა, მაგდა და ომარ ჯოხაძეები და რას საქმიანობენ ისინი - ფოტოები და-ძმასთან ერთად, მოგონებები მამაზე და ამბები მომღერლის დიდი ოჯახის შესახებ 

ამასთან, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ანრის დის, მაგდა ჯოხაძეს შვილიც, მარიამ ხარაძე.

"დღეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დადუმდა…წავიდა ადამიანი, რომელმაც გამზარდა, დამიცვა, მასწავლა როგორ უნდა გიყვარდეს უანგაროდ და როგორ აკეთო სიკეთე ჩუმად, გულით.

ჩემი ბებიკონა იყო ჩემი სიმშვიდე, ჩემი სიცილი, ჩემი ბავშვობა და ჩემი ძალა. მის ხელებში ყველაფერი უსაფრთხო იყო, მის ხმაში ნუგეში, მის თვალებში უსაზღვრო სიყვარული.

შენს გარეშე ცხოვრება სხვანაირია ბე ,მადლობა ჩემო ბებიკონა, იმ კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც მხოლოდ შენ შეგეძლო შენებურად გექნა… შენს სიყვარულს დრო ვერასდროს წაიღებს.ნათელში იყოს შენი ლამაზი სული." - წერს მარიამ ხარაძე.

  • "ანრი უმღერის ხოლმე... ნეტავ, დაგანახათ, როგორ უსმენს ბაბუების სიმღერებს!" - ანრი ჯოხაძე ბაბუის ამპლუაში და ჯოხაძეების დიდი ოჯახი 

ანრი ჯოხაძე

ანრი ჯოხაძე მომღერლის, კომპოზიტორისა და შოუმენის ამპლუაში არაერთხელ გამოჩენილა ქართველი აუდიტორიის წინაშე. მან მსმენელს თავი ბავშვობიდან გააცნო. ანრი ჯოხაძემ პირველად მონაწილეობა 1998 წელს მუსიკალურ საერთაშორისო კონკურსში მიიღო, რომელიც უკრაინაში ჩატარდა. კარიერის მანძილზე მას არაერთი ჯილდო და გრან-პრი აქვს მიღებული. 2004 წელს ჯოხაძემ ჩინეთსა და რუმინეთში ჩატარებულ კონკურსებში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ მე-2 ადგილზე გავიდა. წარმატებას მიაღწია უკრაინულ ფესტივალებში „მორე დრუზეი იალტა –კიევი ტრანზიტი“, 2012 წელს კი საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე წარადგინა. 

საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძეც. როგორც ანრი აღნიშნავს, მისი კარიერის შექმნასა და წარმატებაში დედას დიდი წვლილი მიუძღვის.

მამა წლების გამავლობაში ციხეში იჯდა. მომღერლის თქმით, მამა მაშინ დააკავეს, როცა თავად 1 წლის იყო. დედა სამი მცირეწლოვანი შვილით დარჩა მარტო. ანრის თქმით, მამას სახელმწიფო ქონების მიტაცება ედებოდა ბრალად და თავიდან დახვრეტაც კი იყო გათვალისწინებული, თუმცა საბოლოოდ 15 წელი მიუსაჯეს, საიდანაც 8 წელი საპატიმროში გაატარა და სწორედ იქ გაიცნეს მამა ბავშვებმა. 

  • „გილოცავ 8-მილიონიან გაფრენას“ - ბაბი კირკიტაძისა და ანრი ჯოხაძის წარმატება: რას წერს მომღერალი სოციალურ ქსელში 

„ჩემი და ჩემი და-ძმის ამღერება მამის პატიმრობას უკავშირდება. როდესაც მამა დაიჭირეს, მას უმძიმესი სასჯელი, დახვრეტა ემუქრებოდა. შემდეგ ეს განაჩენი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, რადგან მამას 5 შვილი დარჩა. მე ეს ამბავი წლების შემდეგ გავიგე.

დედამ მას წერილი გაუგზავნა და პირობა მისცა: „შენს შვილებს ყოველთვის ნახავ ტელევიზორში!” და ეს პირობა შეასრულა. ჩვენ სულ ვმონაწილეობდით საახალწლო სატელევიზიო გადაცემებში და მამა გვიყურებდა, მანამ, სანამ პირადად გავიცნობდით.

შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მამას ამნისტია შეეხო და 1988 წელს გამოვიდა ციხიდან. გავიხსენებ გაცნობის მომენტს. მივედით საპატიმროში და იქ ყველა პატიმარი შავებში იყო ჩაცმული. ისინი ცოლ-შვილს ელოდებოდნენ და ერთ-ერთი იყო მამაც.

როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ჩვენ ეს დავინახეთ, საშინელი პროტესტი გვქონდა. ვეცით კალთაზე და დავიწყეთ გამოქაჩვა, წასვლა გვინდოდა. შემდეგ უკვე გავაცნობიერეთ, რომ ის მამაჩვენი იყო. დედამ ამაში დიდი როლი ითამაშა. მამა გარდაიცვალა უკურნებელი სენით. მაშინ ჯერ მხოლოდ 16 წლის ვიყავი”, – ამბობდა ანრი ჯოხაძე.