"წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ანა ჯაფარიძე გახდა" - როგორი იყო გზა, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენმა ამ ტიტულამდე გაიარა - Marao

"წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ანა ჯაფარიძე გახდა" - როგორი იყო გზა, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენმა ამ ტიტულამდე გაიარა

2025-12-24 10:38:55+04:00

სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ანა ჯაფარიძე გახდა. 

ანა ტიტულის მიღებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა:

"წლის საუკეთესო ქალი პარასპორტსმენის ტიტულის მოპოვება იმის შეხსენებაა, რომ შრომა და მსხვერპლი ღირდა.

2025 წელი ზრდისა და თანმიმდევრულობის წელი იყო. ხუთ ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა და ყველა მათგანში ფინალამდე მივედი. ეს ტროფეი იმის  დასტურია, რომ შრომა ფასდება.

ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მწვრთნელების, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის და ყველას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარი დამიჭირა. ეს მიღწევა ყველას გვეკუთვნის.

მადლობა, მიყვარხართ" - წერს ანა ჯაფარიძე.

  • ნიჭის, გამბედაობის და სიძლიერის სიმბოლო - ქალი სპორტსმენები სტერეოტიპების პირისპირ 

ანა ჯაფარიძე

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო.

ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები ნინა თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ.

  • ქალები, რომლებიც ისტორიას ქმნიან – TOP 8 ქართველი ქალი და გამარჯვების 8 ამბავი 

"ანა ჯაფარიძე პარიზში მიდის იმისთვის, რომ წარადგინოს თავისი ქვეყანა ღირსეულად და აიღოს მაღალი სინჯის მედალი... მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის გამახარებს, რომ საქართველოს ღირსეულად წარვადგენ და ჩვენს ქვეყანაზე ბევრი ადამიანი გაიგებს იმას, რომ, აი, ჩვენც შეგვიძლია", - ამბობდა გამარჯვებამდე ანა. მას ეს სურვილი საკუთარ თავსაც და ქართველ ხალხსაც აუსრულა - ღირსეულად წარადგინა ქვეყანა, აიღო მაღალი სინჯის მედალი და ახლა ყველა ამაყობს მისით. 

ანას გზა წარმატებამდე იოლი არ ყოფილა. მან "პრაიმ შოუში" გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ ხელის ამპუტაციის შემდეგ გაეგრძელებინა სულ სხვა ცხოვრება:

"16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა. საწარმოო უთოში დამეწვა ხელი და ერთი კვირის მანძილზე მაკვირდებოდნენ, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა. დედაჩემის ძალიან დიდი ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება. აქტიური ბავშვი ვიყავი, ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვებზე დავდიოდი. ფიზიკური აქტივობა უცხო არ იყო ჩემთვის. ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი" - ამბობდა ანა.