_ არა, ქალბატონო. თქვენ რა, გინდათ გმირის როლი ვითამაშო ჩემი ხელფასით? _ რაც შეიძლებოდა თავაზიანად მივმართე.
ქერამ მარჯვენა ხელიდან ჭიქა გამომართვა და ნელა დაიწყო კოიაკის წრუპვა, რამაც საშუალება მომცა, კარგად დამეთვალიერებინა. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა. მოკლე, ბიჭურად შეკრეჭილი, მწიფეთავთავისფერი თმა ჰქონდა, რაც უფრო მკვეთრად აჩენდა მის გამოწეულ ყვრიმალებს და ყბის ძლიერ ძვალს. მაღალი და გამხდარი იყო. ასეთ სექსუალურ ქერებს, უმეტესწილად, მშვენიერი ფეხები აქვთ. კაშკაშა წითელი სვიტერი ისე ჰქონდა სხეულზე მოტმასნილი, ნათლად გამოკვეთდა მის პატარა მკერდს, ბიუსტჰალტერის გარეშე კიდევ უფრო პატარას რომ აჩენდა. თეთრი შარვალი ეცვა, ვიწრო, რომელიც ოსტატურად ეხუტებოდა მის მრგვალ თეძოებსა და გრძელ, ჩამოსხმა ფეხებს. არ შევმცდარვარ. მართლაც დიდებული ფეხები ჰქონდა, გრძელი და აშკარად ჩამოქნილი. მარცხენა ხელის შუათითზე, რომლითაც ჭიქა გამომართვა, ბეჭედი ეკეთა, ლამაზი და მგონი, ძვირფასიც.
მორჩა თუ არა კონიაკის დალევას, ქალმა მადლობა გადამიხადა და ცარიელი ჭიქა მომაწოდა.
_ მე ჯერაც იმ სატანისებრი კოშმარის ეიფორიაში ვარ, კაპიტანო. როცა სტუდიაში შემოვედი და გაბრო ძირს გაშხლართული დავინახე… _ ამის წარმოთქმისას შეკრთა, _ უბრალოდ, ძალა წამერთვა და აღქმის უნარი დავკარგე.
_ გაბრო თქვენი მეუღლეა? _ ფრთხილად ჩავეკითხე და თხრობა შევაწყვეტინე.
_ არა, არა. მე აველინა მქვია, აველინა ნემსაძე, _ ამის თქმაზე სახეზე წამოჭარხლდა, _ გაბრო, უბრალოდ, მეგობარი იყო ჩემი, კარგი მეგობარი.
_ და სადაა აქ სტუდია? ესააა სტუდია? _ თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე ირგვლივ, თუმცა იქაურობა სტუდიას სულაც არ ჰგავდა.
_ აი, იმ თაღის იქითაა, იქით უნდა გავიდეთ, _ წითელი ლაქით დაფარული გრძელფრჩხილიანი საჩვენებელი თითი მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა ქალმა, სადღაც ჩემს ზურგს უკან, _ ოღონდ მე ვერ გამოგყვებით. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, აქ რომ დავრჩე? ვერ ვიტან ასეთ სანახაობას. სისხლის მეშინია. ჩემს სიცოცხლეში პირველად ვნახე მოკლული ადამიანი.
_ კი ბატონო, დარჩით, რა პრობლემაა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ აქ დამელოდოთ, _ ვუთხარი და საითაც მიმითითა, იქით გავეშურე.
როცა თაღი გავიარე, რაღაცნაირ გრძელ ოთახში აღმოვჩნდი, რომელსაც ერთი კედლის გასწვრივ ფანჯრები ჰქონდა ჩამწკრივებული, ოთხი ერთად. ამდენი ფანჯარა სულაც არ სჭირდებოდა ამ ოთახს, მაგრამ ალბათ მეტი სინათლისთვის იყო საჭირო. შორს, ოთახის ბოლოში ტახტი იდგა, რომელზეც მამაკაცის სხეული გარდიგარდმო გართხმულიყო. ოთახი სწრაფად გადავკვეთე და ცივმა კანკალმა ზურგზე კვლავ დამიარა. ვერა და ვერ მივეჩვიე გვამებს, მიუხედავად ამდენი წლის მუშაობისა. ყოველთვის მშურდა იმ პოლიციელების, სრული გულგრილობით რომ შეუძლიათ ცხედრებთან მიახლოება და დათვალიერება. შეშფოთებითა და დაბნეულობით დავხედე ტახტზე გულაღმა მისვენებულ კაცს. წარმოუდგენელი სურათი იყო!
ცეცხლივით წითელთმიან ახალგაზრდა ბიჭს შავ-ცისფერი ულვაში და წვერი ჰქონდა. რაღაცით დონ კიხოტს თუ სალვადორ დალის მოგაგონებდათ. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ერთი ულვაში მაღლა იყო აპრეხილი, მეორე კი პირიქით, ქვემოთ ჩამოწეული. თუმცა მთლად ახლოს რომ მივედი და მამაკაცის სახეს უფრო ყურადღებით დავაკვირდი, მივხვდი, რომ წვერიც და ულვაშიც მხოლოდ მიხატული ჰქონდა. შავი ფერის საღებავი ჯერაც არ გამშრალიყო, ნათურის შუქზე ლაპლაპი გაუდიოდა. მისი მკერდი ტყვიას გაეგლიჯა და უზარმაზარი ხვრელი დაეტოვებინა გულთან. იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რა ზომის იქნებოდა ეს ხვრელი ზურგის მხარეს. მოკლულის სხეულის ქვედა ნაწილი ჩარჩოში ჩასმული ერთმანეთზე დაწყობილი ოთხი ტილოთი იყო დაფარული. ნახატები არ ჩანდა, რადგან ვიღაცას უკუღმა მხრიდან დაედო ისინი. ზედა ტილოს ხელი მოვკიდე, რათა ამომეტრიალებინა, მაგრამ მოულოდნელად გამივარდა და ძირს დაეცა. თურმე როგორი დაზაფრული ვყოფილვარ!
საკუთარ თვალებს არ დავუჯერე: ტილოზე გამოსახული იყო წითურთმიანი შიშველი ქალი მთლიანი სხეულით და გაწეწილი თმით. უხერხულად შემოეწყო ხელები სუსტ, ბავშვურ თეძოებზე, მხრით ნახევრად შემობრუნებულიყო და ნესვივით მწიფე და სავსე მკერდის დემონსტრირებას ახდენდა. მხატვარი ზედმიწევნით ასახავდა ფიგურის ყველა დეტალს, მნახველს ფანტაზიის უნარსაც კი არ უტოვებდა. მეორე ტილოც ჩამოვაგდე იატაკზე. ჩემმა გაოცებამ პიკს მიაღწია. მასზე ჩემი ახალი ნაცნობი, აველინა ნემსაძე იყო გამოსახული. ისიც, სრულიად შიშველი, გამომწვევად მიღიმოდა. ის სწორედ იმ ტახტზე წამოწოლილიყო, რომელზეც ახლა გაბრო ესვენა. ორივე ხელი თავქვეშ ამოედო, ცალი ფეხი კი მუხლში მოეხარა. მარცხენა თეძოს ლამაზი ხალი უმშვენებდა.
დანარჩენ ორ სურათზეც ორი შიშველი მოდელი ეხატა. მათ შორის საოცარი კონტრასტი შეინიშნებოდა. ერთი პატარა ჩანდა, ქერა, თავი გვერდულად ედო, სახის ერთი ნახევარი არ უჩანდა, მეორე ნახევარი მარჯვენა ხელით დაეფარა და მარცხენის თითებით თავის მაცდუნებელ მკერდს ეფერებოდა, მეორეზე კი მაღალი, გამხდარი, მშვენიერი აღნაგობის შავგვრემანი ქალბატონი ზიზღით იღიმებოდა და ხელში შამპანურის ფუჟერი ეჭირა.
***
როცა იქაურობის დათვალიერებას მოვრჩი, შემოსასვლელში გამოვბრუნდი, მობილური მოვიმარჯვე და განყოფილებაში დავრეკე. ხვიჩა იყო მორიგე. მან უკმაყოფილოდ დაიწუწუნა, როცა ლამის მთელი გუნდის შემთხვევის ადგილას მოსვლა ვითხოვე, მათ შორის კრიმინალისტების, ექსპერტისა და სასწრაფო დახმარების მანქანის, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, გვამი მორგში გადაესვენებინათ. ვიცოდი, ცდა კარგა ხანს მომიწევდა, რადგან უკვე ღამე იყო და ყველანი სახლებში იქნებოდნენ გაკრეფილები. სანამ ისინი თავს მოიყრიდნენ და მოვიდოდნენ, კარგა გვარიანი დრო გავიდოდა. ხვიჩა დამპირდა, ვეცდები, ოპერატიულად მოვაგვარო ყველა საკითხიო.
როცა ამ საქმესაც მოვრჩი, აველინა ნემსაძისკენ შევბრუნდი და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ის არა მხოლოდ ცოცხალი იყო და თავს მშვენივრად გრძნობდა, არამედ ლამის გაშიშვლებულიყო. ზედატანი გაეხადა და თხელი პერანგისამარა ნახევრად მიწოლილიყო დივანზე. წეღან ნახატზე ედემის ბაღში მთვლემარე ევას “კოსტიუმში” ვიხილე, დედიშობილა და მადისაღმძვრელი და რაღაც საერთო იყო იმ სურათსა და ამ სურათს შორის. უფრო ალბათ, მზერა. იმ პორტრეტიდან დამახსოვრებული წარუშლელი მზერა რაღაცნაირად უხერხულად მაგრძნობინებდა თავს. ასე მეგონა, გაცოცხლებულ ნახატს ვუყურებდი, რომელსაც ცოტა რაღაცის ჩაცმა მოესწრო, რათა მთლად შიშველი არ დამნახვებოდა.
_ მოგვიწევს ლოდინი, სანამ ისინი მოვლენ, _ რაც შეიძლებოდა შთამბეჭდავად ვთქვი.
_ მგონი, ერთი სული გაქვთ, როდის დამისვამთ შეკითხვებს, არა? _ პირქუშად წარმოთქვა, _ ვატყობ, ამას ვერ გავექცევი. გამომძიებლებს ხომ სურვილი გკლავთ, სანამ ყველა წვრილმანს არ გამოიკითხავთ.
_ ჩემი მოვალეობა ესაა, ამიტომ ვერ გავექცევი. რახან ასეა, დროს ნუ დავკარგავთ და დავიწყოთ, კარგი? _ გაღიმება ვცადე.
უსიტყვოდ დამიქნია თავი.
_ ის ბიჭი, გვერდით ოთახში, ვინაა, რა გვარია, რას წარმოადგენს?
_ გაბრიელ გოთუა, მხატვარი.
_ შენი ვინაა?
_ მეგობარი. _ ქალმა ფეხები უფრო მიიხუტა მკერდზე და ხელები შემოხვია, _ ჰამლეტი მომკლავს, როცა ამ ამბავს გაიგებს, _ ტირილნარევი ხმით დააყოლა და ნიკაპი თავის მუხლებს დააყრდნო.
_ ჰამლეტი ვიღაა, შენი ქმარი?
ქერამ ისევ დამიქნია თავი.
_ ის მოწოდებითაა ხელმძღვანელი და იმდენად დაკავებულია თავისი პერსონით, რომ კარიერის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ბოლომდე ივიწყებს ყველაფერს. მას ჩემთვის არასდროს არა აქვს საკმარისი დრო. თუმცა გარშემო მყოფებისგან აბსოლუტურ ერთგულებას ითხოვს და ყოველ ჯერზე ფეთქდება, როცა ვინმე სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს ან რამეში მის მოტყუებას შეეცდება.
_ სიმართლე გითხრა, შენი მეუღლე ნაკლებად მაინტერესებს. მირჩევნია, გოთუაზე მომიყვე ყველაფერს, რაც მის შესახებ იცი.
_ რა ვიცი, კიდევ რა გითხრა, აბა, _ მოულოდნელად ისიც “შენობით” ფორმაზე გადავიდა, ალბათ უკვე ახლობლად მიმიჩნია ან გული დაიმშვიდა, მკვლელად მე არ მიმიჩნევსო, _ გაბრო ხელოვანია. უფრო სწორად, იყო, ის ცხონებული. დაახლოებით ორი თვის წინ მეგობართან გავიცანი, პატარა წვეულებაზე და ეგრევე დაინტერესდა ჩემით, _ მწარედ გაიღიმა აველინმა, _ დიდი ძალისხმევა არც დასჭირვებია ჩემი ყურადღების მისაქცევად, ვაღიარებ. ჩემმა ქმარმა თავისი ცხოვრების ნახევარი კომპანიის საქმეების გაძღოლაში გაატარა. გაბროს დახვეწილმა მანერებმა და გარეგნობამ მაშინვე მომხიბლა. ის მეფლირტავებოდა, მეც წავეფლირტავე. მერე ტელეფონის ნომერი მთხოვა, მეც მივეცი. შემდეგ შევხვდით ერთმანეთს. მერე ისე წავიდა საქმე, რომ რეგულარულად ვხვდებოდი, როცა ჩემი ქმარი თბილისში არ იყო. მას ხშირად უწევს კომპანიის საქმეების გამო სხვა ქალაქებში გამგზავრება.
_ არც ახლაა შენი ქმარი თბილისში? _ დავეკითხე.
_ არა, ქუთაისშია წასული, კვირის ბოლომდე არ დაბრუნდება. სულ რაღაც ორი საათია, რაც გავაცილე. აეოროპორტში დავშორდი და გაბროსაც იქიდან დავურეკე, გამოვალ-მეთქი.
_ როგორ, შენი ქმარი ქუთაისში თვითმფრინავით გადაფრინდა? საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს?
_ როგორ არა, ჰყავს, მაგრამ მანქანით არ მიდის ხოლმე. იქ ისედაც ემსახურება კომპანიის მანქანა და რაში სჭირდება თავისი? თან ასე უფრო უსვამს ხაზს თავისი პოზიციის სიდიადეს _ თვითმფრინავით მგზავრობს, ანუ დიდი კაცია.
_ კარგი, ამას დროებით შევეშვათ. გაბროს რომ დაურეკე, რა გითხრა?
_ მითხრა, ცხრა საათზე ჩემს აგენტს ველოდები, ამიტომ თერთმეტამდე არ მოხვიდეო.
_ თავის აგენტს? ვინ აგენტს? _ ეს რაღაც უცხო იყო ჩემთვის.
_ ლერი ჰქვია, გვარად დიდიძეა. სულ ერთხელ მყავს ის კაცი ნანახი, _ ამის წარმოთქმისას სახე ზიზღით დაემანჭა, _ აუტანელი ტიპია, ღორს ვამგვანებ.
_ და რისი აგენტია ეგ ღორს რომ ჰგავს ისეთი დიდიძე?
_ კლიენტების მოძიებაში ეხმარებოდა გაბროს, მის ნახატებს ყიდდა.
_ ეგ გოთუა ცნობილი მხატვარია?
გაგრძელება იქნება