უნიკალური რეცეპტი - პური მაჭრის საფუარით: „ასე გამომცხვარი პური არ ასუქებს, სასარგებლოა და ჯანსაღი“ - Marao

უნიკალური რეცეპტი - პური მაჭრის საფუარით: „ასე გამომცხვარი პური არ ასუქებს, სასარგებლოა და ჯანსაღი“

2025-12-24 16:06:39+04:00

ჩვენს მკითხველს განსაკუთრებით უყვარს ახალი, გამოცდილი და გემრიელი რეცეპტები, რომლებსაც არა ცნობილი შეფები, არამედ დიასახლისები გვიზიარებენ. განსაკუთრებით პოპულარული იყო ნინო კვაჭანტირაძის ნედლი ლობიოს სახლური რეცეპტი, ასევე ქილებში მომზადებული წიწაკა და ტომატის საწებელი... დღე გვინდა კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი, მაკა ტაბატაძე  გაგაცნოთ და გაგიზიაროთ მაჭრის საფუარით მომზადებული ცომის რეცეპტი, რომელიც უნიკალური თვისებებით ხასიათდება და მას საქართველოში მხოლოდ ერთეულები ამზადებენ.

მაკა ტაბატაძის სიყვარული კულინარიისადმი მისი ბავშვობიდან იწყება - ბავშვობის წლები ხარაგაულში, სოფელ ვანში გაატარა და, როგორც ყველას, მაშინ მის ოჯახსაც რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება. 

„ამან შრომის სიყვარული, გამძლეობა და პასუხისმგებლობა მასწავლა. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. დღესაც, როცა ჩავდივარ მშობლებთან, სიამოვნებით ვეხმარები — ფიზიკურად ვშრომობ მიწაზე, დავრგე ხეხილი და მჯერა, რომ ჩემი მომავალი მაინც სოფელს უკავშირდება. მიწასთან ურთიერთობა ჩემთვის განსაკუთრებული სიმშვიდისა და ძალის წყაროა”.

maka_tabatadze

მაკა ტაბატაძეს პროფესიული განათლება ამ მიმართულებით არ მიუღია - ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა, შემდეგ ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, დღეს კი ბავშვთა მასაჟისტად მუშაობს. ამის პარალელურად დიდ ოჯახს უძღება - ჰყავს მეუღლე, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა და სამი შვილი.  სწორედ ოჯახისთვის დიდი სიყვარულით მომზადებული კერძებით დაუმეგობრდა სამზარეულოს და ახლა მის რეცეპტს სოციალურ ქსელში 35 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. 

“კულინარია ჩემი დიდი სიყვარულია. ყოველთვის ვამზადებდი სხვადასხვა კერძს ოჯახისთვის, შემდეგ კი კულინარიულ ჯგუფებში ჩემი რეცეპტების გაზიარება დავიწყე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ჩემმა საფირმო აჯიკის რეცეპტმა, რომელსაც ერთ-ერთ ჯგუფში 35 000-ზე მეტი გაზიარება ჰქონდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი გაკეთებული კერძები და დესერტები ბევრს მოსწონდა და ამ მიმართულებით მეტის გაკეთებაც შემეძლო”.

მაკა ტაბატაძე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადამიანიდან საქართველოში, ვინც პურს მაჭრის საფუარით მომზადებული ცომით აცხობს. ამ მეთოდით ცომეული განსხვავებული და ძალიან გემრიელი გამოდის და, რაც მთავარია, სასარგებლოა. გარდა ამისა, მაკა ტაბატაძე ამბობს, რომ ასე მომზადებული ცომეული წონის მატებას არ იწვევს. 

“უკვე 7 წელია, სახლში დამზადებული მაჭრის, ბუნებრივი საფუარით ვაცხობ პურებს, ლობიანებსა და ხაჭაპურებს - რეცეპტი ერთ-ერთი მამაოსგან ვისწავლე”.

როგორ მზადდება მაჭრის, ბუნებრივი საფუარი ცომისთვის - მაკა ტაბატაძის რეცეპტი 

ინგრედიენტები მაჭრის საფუარისთვის:

  • ყურძენი - შაქრის მაღალი შემცველობით;
  • მჭადის ფქვილი;

მაჭრის საფუარის მომზადება 

ჩვენი ბებიები იყენებდნენ სვიას, ზამთარში ქიშმიშითაც მზადდება, ჩვეულებრივ კი დაგჭირდებათ მაღალი შაქრიანობის მქონე ყურძენი, მაგალითად, ადესა ან რქაწითელი. ყურძენი უნდა გავარჩიოთ, დავჭყლიტოთ და გავაჩეროთ 5 დღის მანძილზე. რომ ადუღდება მაჭარი, გადავწურავთ და მოზელთ მჭადის ფქვილით. უნდა მივიღოთ ცომის მასა, რომელსაც ბურთულების ფორმას მივცემთ, თითოეული უნდა იყოს 50 გრ. დავალაგებთ ლანგარზე, გადავაფარებთ დოლბანდს, დავდებთ ჰაერზე და გავაშრობთ 10 დღის მანძილზე. 

10 დღის შემდეგ გადავიტანთ ნაჭრის ტომარაში და შევინახავთ მაცივარში. 

ცომის ინგრედიენტები: 

  • მაჭრის საფუარის ბურთულა - 25 გრ.
  • წყალი - 200 გრ.
  • ფქვილი;

ცომის მომზადება: 

ნახევარ ბურთულას (25გრ.) გავხსნით 100 გრ. თბილ წყალში და დავუმატებთ იმდენ პურის ფქვილს, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის მასა. გავაჩერებთ მთელი ღამის მანძილზე, მეორე დილით კი დავუმატებთ კიდევ 100 გრ. წყალსა და 100 გრ. ფქვილს. მიღებულ მასას სჭირდება ორჯერ ჩაზელა. ამ ცომით შეიძლება პურის, ლობიანის, ხაჭაპურის გამოცხობა. 

recepti

sapuari

მაკა ტაბატაძის საახალწლო სუფრა

  • ლაბასხმული, იგივე ლაბა, იგივე „ხალადეცი“ - მაკა ტაბატაძის რეცეპტი 

ინგრედიენტები: 

  • ღორის თავი და ფეხები;
  • ხახვი - 3ც.
  • სტაფილო - 3ც. (მოზრდილი);
  • შავი პილპილის მარცვლები - გემოვნებით;
  • დაფნის ფოთოლი - 5ც. 
  • ნიორი - 4 კბილი (ან გემოვნებით);
  • წითელი წიწაკა - გემოვნებით;
  • მარილი - გემოვნებით;
  • ყვითელი ყვავილი - გემოვნებით;
  • თეთრი ღვინო - 1 ჭიქა. 

მომზადება: 

ავიღე ღორის თავ-ფეხი, დავდგი მოსახარშად. მოქაფვა არ დაგვავიწყდეს, მოქაფვის შემდეგ დავუმატოთ  3 თავი მთლიანი ხახვი, 3 ცალი დიდი სტაფილო, შავი პილპილის მარცვლები და 5 ფოთოლი დაფნა.

ვხარშე მანამ, სანამ რბილობი არ მოშორდა ღორის ფეხებს. შემდეგ ამოვიღე თუშფალანგზე, გავაცივე და დავჭერი. ნახარში 2 ჯერ გავწურე მარლაში. გაციებული, დაჭრილი ხორცი ისევ ჩავყარე ქვაბში დავასხი წყალი ისე, რომ მხოლოდ 2 თითის დადებით ასცდეს ხორცს.

კარგად ავადუღე, დავუმატე 4 თავი დანაყილი ნიორი, შეიძლება ნაკლებიც. ასევე, წითელი დაღერღილი წიწაკა, მარილი და ყვითელი ყვავილი. ასევე, 1 ჭიქა თეთრი ღვინო, 15 წუთით ვადუღე და გავაფორმე სტაფილოთი და კამით.

xaladeci

  • ბეზე - მაკა ტაბატაძის რეცეპტი 

ინგრედიენტები: 

  • კვერცხი - 3 ც. (მხოლოდ ცილა); 
  • შაქარი - 200 გრ.
  • მარილი - მწიკვი;
  • ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ.
  • ვანილი - 1 ც. 

მომზადება: 

3 კვერცხის ცილას დავუმატე 200 გრამი შაქარი, დავდგი ორთქლის აბაზანაზე 2 წუთით და თან ვურიე, როცა შაქარი გადნება, გადმოდგით და ათქვიფეთ 10 წუთის მანძილზე მაღალ სიჩქარეზე. დაუმატეთ მწიკვი მარილი, 1 ჩის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ვანილი. დავსვამთ საკონდიტრო ტომრით სასურველ ფორმებს და 90 გრადუსზე, კონვექციით ვაცხობთ 3 საათის მანძილზე! გამოდის 160 გრამი გამომცხვარი ბეზე! იდეალურია საახალწლო სუფრის გასაფორმებლად. 

recepti