_ როგორ გითხრა. შეიძლება კი, შეიძლება არა. თუ ფინანსური მხარე გაინტერესებს, გეტყვი, რომ გამუდმებით უფულობას უჩიოდა. სულ ფული სჭირდებოდა და არასდროს ჰქონდა. როცა ჰქონდა, მაშინაც არ ჰყოფნიდა.
_ შენ რამდენი აგწაპნა? _ სრულიად შემთხვევით ვკითხე.
ნემსაძემ სიძულვილით სავსე მზერა მომაპყრო.
_ ალბათ რამდენიმე ასეული დოლარი, _ მითხრა და თავი დახარა, მზერა ამარიდა, _ თავი რომ გაეტანა, სესხულობდა სხვებისგან, მათ შორის ჩემგანაც, სანამ რომელიმე ნახატს გაყიდდა. მაგრამ ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ მისი ნახატების შემძენი არავინ იყო. არა, კი იყო, მაგრამ ათასში ერთხელ. ძნელად პოულობდა კლიენტებს. ლერიც გაწამებული იყო.
_ ლერის ხელფასს უხდიდა?
_ არა მგონია. უფრო ალბათ, გაყიდული ტილოდან პროცენტს იღებდა. ზუსტად არ ვიცი. ამ თემაზე მასთან არასდროს მისაუბრია. ჯერ მხოლოდ ორი თვეა, რაც გავიცანი. ასე დაწვრილებით არ ვიცნობდი მის მეგობრებს, მით უფრო მის საქმიან წრეს.
_ როგორ ფიქრობ, ვის უნდოდა მისი სიკვდილი? ვინმეზე ეჭვი ხომ არ გაქვს?
_ როგორც ჩანს, შენ არასდროს გქონია ურთიერთობა გათხოვილ ქალთან, კაპიტანო, _ თქვა აველინამ მხრების აჩეჩით, _ ჩვენ ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს, მის საახლობლოსთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თვითონ კი თავისი ცხოვრების დეტალებს სულაც არ მიზიარებდა.
_ შენი მეგობარი გოთუა ცოლიანი იყო?
_ რამდენადაც მე ვიცი, არა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობდა, _ ამოიოხრა ქერამ.
_ როგორ ფიქრობ, სხვა ქალებიც არსებობდნენ მის ცხოვრებაში? _ ვცდილობდი დელიკატური ვყოფილიყავი, ამიტომ ფრთხილად შევაპარე.
_ ნუ მაცინებ! რა სხვა ქალები! გამორიცხულია! _ კატეგორიულად უარყო ნემსაძემ.
ისევ გავედი სტუდიის ოთახში, სადაც ნახატები იატაკზე ეყარა. ოთხივე მოვაგროვე და გამოვიტანე. მერე აველინს ვთხოვე, ცოტა გვერდზე ჩაწეულიყო და ერთმანეთზე დაწყობილი ნახატები დივანზე პირქვე დავდე, სურათებით ქვემოთ. მისი პორტრეტი თავში მოვაქციე.
_ ამ ნახატებით გაბროს სხეული იყო დაფარული. უფრო კონკრეტულად, მისი ქვედა ნაწილი, _ ვთქვი, _ ეს არაფერს ნიშნავს შენთვის?
_ შეიძლება ნიშნავს კიდევაც, _ მოუთმენელი ტონით მომიგო, _ რა, ეს ასე მნიშვნელოვანია?
_ შენ თვითონ ნახე, _ გულგრილად ვუთხარი.
ქალმა დივნიდან ფეხები ჩამოიღო, გვერდულად მოკალათდა და პირველი ტილო ამოატრიალა. ამოატრიალა და მაშინვე ძირს დააგდო, თითქოს ხელები დასწვაო. აწითლებული სახე კიდევ უფრო აუწითლდა და მზერა ამარიდა.
ჩამეცინა.
_ ვფიქრობ, მხოლოდ პროფესიონალ მენატურეს ან სიყვარულით დაბრმავებულ ქალს შეუძლია ასეთი განწყობით პოზირება ასეთი პორტრეტისთვის, _ მშვიდად შევნიშნე.
_ პირველად ვხედავ ამ სურათს. მე მასთან არ მიპოზიორია, მისი მენატურე არ ვყოფილვარ, _ ჩაილაპარაკა დაბნეულმა.
_ მართლა? _ ირონიულად შევეკითხე, რასაც ვერ გაუძლო და დამნებდა:
_ იცი რა? მან კი გააკეთა რამდენიმე მონახაზი, რადგან გაცნობისთანავე უნდოდა დავეხატე. საინტერესო სახე გაქვსო, მეუბნებოდა.
_ მერე? ის მონახაზები რა, სხვანაირი იყო?
_ რა თქმა უნდა, ასეთი თამამი პოზა ნამდვილად არ იყო, _ ქალმა აღშფოთებით დაჰკრა თითი ტილოს, _ აქ ისე ჩანს, თითქოს სპეციალურად პორნოჟურნალისთვის ვპოზირებ. ეს ჩემთვის მიუღებელია. ნუთუ არ გესმის! გათხოვილი ქალი ასეთ ნაბიჯს გადავდგამდი? ორი თავი კი არ მაბია!
_ აველინ, მინდა ერთი რამ გაითვალისწინო.
_ რა? _ დაბნეული მზერით ამომხედა.
_ რა და ის, რომ ამ საკითხში მარტო სულაც არ ხარ, _ ცეცხლზე ნავთის დასხმას შევუდექი, _ დანარჩენი ნახატებიც დაათვალიერე და მიხვდები.
მან ფრთხილად გაიწვდინა ხელი ტილოებისკენ.
სანამ ქერა სხვა პორტრეტებს ათვალიერებდა, მის სახეზე მთელი რიგი გრძნობები აისახა: ჯერ გულწრფელი დაბნეულობა, მერე გაოცება და ბოლოს ზღვარგადასული გაცოფება თუ ველური სიბრაზე.
_ მატყუარა საზიზღარი ნაბიჭვარი! _ შესძახა გამწარებულმა ისეთი სისინით, რომ პირიდან ნერწყვის შხეფები გადმოყარა, _ იცი? ძალიანაც მიხარია, რომ მოკვდა! აღფრთოვანებას ვერ ვმალავ! დიახაც, მიხარია!
_ ამ ქალებიდან რომელიმეს იცნობ? – ვკითხე.
_ ვიცნობ რომელია! _ მისმა ბოროტმა სიცილმა თავი უხერხულად მაგრძნობინა, _ წარმოგიდგენია? რას ვიფიქრებდი! _ გაღიზიანებულმა განაგრძო, _ სწორედ ამის წვეულებაზე გავიცანი გაბრო. რა დამთხვევაა!
_ აბა, რომლის? _ კისერი წავიგრძელე და სურათები ერთმანეთის მიყოლებით დავაწყვე დივანზე.
_ აი, ეს წითურთმიანი, უსირცხვილოდ რომ გაშოტილა! _ მანიშნა აველინმა ერთ-ერთ ტილოზე.
_ ისიც გათხოვილია? რა ჰქვია, რა გვარია? _ სმენა დავძაბე.
_ ელიზა ზამბახიძე. მას მხოლოდ კარიერა აინტერესებს. ეს ქალი მართავს კლიენტების ანგარიშებს სარეკლამო სააგენტოში, _ ხაზგასმით აღნიშნა, _ ყველა თავის კლიენტს ლოგინში უხტება, ფულს ასე შოულობს და ამითაა ბედნიერი. ასე რომ, ქმარი და ოჯახი მას სულ არ აინტერესებს.
_ რომელ სააგენტოში მუშაობს, სახელი იცი? _ ვაგრძელებდი მის დაკითხვას.
_ როგორც მახსოვს, “ლევანი, ლადო და დონ კიხოტი”.
_ დონ კიხოტი? რა შუაშია დონ კიხოტი, _ ხმამაღლა ვფიქრობდი, _ კი მაგრამ, ეს სახელი როგორ მოხვდა ამ ჩამონათვალში?
_ ელიზას საწოლის გავლით, ისევე როგორც სხვა ყველა, _ მხრები აიჩეჩა ჩემმა თანამოსაუბრემ, _ ეს ყველაფერი სულაც არ მიკვირს. ღმერთო, რა სიუპრიზი მელოდება, როცა ჰამლეტი ამ ამბავს გაიგებს! _ სასოწაკვეთილმა საკუთარ მუხლებს მუშტები დაუშინა, _ ამდენი ხნის განმავლობაში ერთადერთი ქალი ვიყავი ამ ოთხთაგან, ვისთანაც გაბრო ერთობოდა, _ საკუთარ უძლურებას ვეღარ უმკლავდებოდა წყობიდან გამოსული.
_ მოდი, დღევანდელ საღამოს დავუბრუნდეთ, _ სასწრაფოდ შევაწყვეტინე იმის შიშით, ქერა ისტერიკაში არ ჩავარდნილიყო, _ როცა გოთუას დაურეკე აეროპორტიდან, მერე რა ქენი? თქვი, რომ ცხრაზე დარეკე, იმან კი თერთმეტამდე არ მოხვიდეო.
_ დრო რაღაცით ხომ უნდა გამეყვანა? კაფეში შევედი, ყავა დავლიე, ნამცხვარი შევჭამე. უბრალოდ, დრო მოვკალი. მერე აქ მოვედი, მანქანა გავაჩერე, გადმოვედი და სტუდიას მოვაშურე. კარი ღია დამხვდა. გაბრო ყოველთვის ღიას ტოვებდა კარს, როცა მე მელოდა.
_ შუქი ენთო? _ დავაზუსტე.
რამდენიმე წამით ჩაფიქრდა:
_ შუქი მთელ სახლში ენთო. დავუძახე და ჰოლში შემოვედი, იქიდან სასტუმრო ოთახში. აქ არ იყო. ვიფიქრე, ალბათ სტუდიაშია-მეთქი. დავუძახე, მაგრამ პასუხი არ გამცა. მეც აღარ დაველოდე და პირდაპირ სტუდიისკენ ავიღე გეზი. შევედი და… _ აველინს ხმა აუკანკალდა, _ დავინახე, რომ ტახტზე იწვა. თავიდან მეგონა, ჩემს მოლოდინში ჩაეძინა-მეთქი, მაგრამ როცა მივუახლოვდი, მივხვდი, რომ ცოცხალი არ იყო. გასისხლიანებული ესვენა. შეშინებულმა კივილი მოვრთე და მერე შუქი ყველგან ჩაქრა. საშინლად შევშინდი. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს გაბროს მკვლელი აქ იყო სადღაც ჩასაფრებული და ხელსაყრელ მომენტს ელოდა, რომ მეც მოვეკალი. კარგა ხანს შიშისგან პარალიზებული ვიდექი. მერე უცებ მოვედი გონს და თავქუდმოგლეჯილი გარეთ გავვარდი. რაც ძალი და ღონე მქონდა გავრბოდი, თან ვიღაცის კივილი მომდევდა. როცა შენ შეგხვდი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ თურმე მე თვითონ ვკიოდი გიჟივით და არა სხვა.
_ შენ ზუსტად თერთმეტზე მოხვედი?
_ რა თქმა უნდა. რახან ასე მითხრა, ზუსტად თერთმეტზე მოვედი.
_ რაღაც არ ჯდება ერთმანეთში, _ დაფიქრებით შევნიშნე.
_ ჰო, რა თქმა უნდა, მამაცი პოლიციელი ჩემსავით კივილს არ დაიწყებდა, _ მიპასუხა ქერამ, _ მაგრამ მე…
_ მაგას არ ვგულისხმობ, _ შევაწყვეტინე, _ წეღან განყოფილებშაი რომ დავრეკე, მორიგემ მითხრა, თერთმეტის ნახევარზე ვიღაცამ დარეკა და შეტყობინება დატოვა, რომ ამ მისამართზე მკვლელობა მოხდაო. თუ მკვლელმა დარეკა, ნაკლებსავარაუდოა, მთელი ნახევარი საათი შენს გამოჩენას დალოდებოდა მაშინ, როცა წუთი-წუთზე პოლიცია უნდა მოსულიყო.
_ მაგრამ თუკი სხვამ დარეკა და არა მკვლელმა? _ წამოაყენა ქალმა ვერსია, _ შეიძლება სულაც ლერიმ დარეკა, რა იცი.
_ შესაძლებელია, _ დავეთანხმე, _ თუმცა მიაქციე ყურადღება ერთ გარემოებას. თუ თავდამსხმელმა შენი უცებ მოკვლა განიზრახა, ამის გაკეთება მანამ შეეძლო, სანამ შენ ჩემთან მოირბენდი.
_ მაგრამ ბნელოდა და ალბათ ვერ დამინახა.
_ არც ამას გამოვრიცხავ, მაგრამ როცა ჩემთან მოირბინე, ხომ გამოჩნდი? რაღა ჩემს ფარებს ესროლა, ხომ შეეძლო, პირდაპირ ჩვენთვის დაემიზნებინა? მაგრამ ის ასე არ მოიქცა. მან მხოლოდ ჩემი მანქანის ფარები ჩაამსხვრია.
ნემსაძემ ნელა დამიქნია თავი.
გაგრძელება იქნება