ტელესახე და შოუმენი ნიკა ლომიძე საზოგადოებამ წლებსი წინ გაიცნო, როცა ის პირველას ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გადაცემაში „ტოროლა“ გამოჩნდა. სწორედ ეს აღმოჩნდა მისი წარმატებული გზის დასაწყისი ტელევიზიაში მეწყვილესთან, ნანიკო ხაზარაძესთან ერთად.
„მთელი ბავშვობა "პიონერფილმში" გავატარე, ბატონ გრიშა ჩიგოგიძის აღზრდილებს შორის ერთ-ერთი ვარ. ერთხელ ჩემს მეგობართან ერთად ტელევიზიის შენობაში მოვხვდი. მახსოვს, როგორ თქვა ჩემმა მეგობარმა: აქ დაცვის სამსახურში ან დამლაგებლადაც სიამოვნებით ვიმუშავებდიო. მე არანაირი სამსახური არ მეთაკილება, არც ადრე მეთაკილებოდა და იმ დღეს მეც გავიფიქრე, რომ ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ვიქნებოდი, ოღონდ ტელევიზიაში ვყოფილიყავი“, - იხსენებდა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
მოგვიანებით მან პაუზა აიღო და ეკრანებზე აღარ ჩანდა, თუმცა მაყურებელს 2018 წელს კვლავ დილის გადაცემით, ამჯერად „რუსთავი 2“-ის ეთერიდან დაუბრუნდა. გარდა ამისა, ის რეჟისორისა და პროდიუსერის ამპლუასაც ირგებდა.
„ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც სარეკლამო ბიზნესზე გადავერთე და ჩემი კომპანია შევქმენი, რომელიც დღესაც მუშაობს. სარეკლამო ბიზნესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის”.
დღეს ნიკა ლომიძე მაყურებელ „ტვ პირველის“ ეთერიდან ესალმება. წარმატებული კარიერის უკან კი მისი წარმატებული და ბედნიერი ოჯახი დგას.
ნიკა ლომიძე და თეა გობეჯიშვილი
„ჩემთვის არ არსებობს ე.წ. ქალის ან კაცის საქმე. როდესაც ოჯახში რაღაც გასაკეთებელია, ორივემ უნდა გააკეთოს. თანაც, ჩვენთან ეს პრობლემა ნაკლებად იგრძნობა, რადგან სახლში არც ერთი არ ვართ. ჩვენთვის უცხოა ისეთი ოჯახი, რომელსაც ფილმებში აჩვენებენ: საღამოობით, ყველა სუფრას რომ შემოუსხდება და ერთად ვახშმობს, შობას, ახალ წელს და სხვა დღესასწაულებს ერთად აღნიშნავენ”.
ნიკა ლომიძის მეუღლე ქორეოგრაფი თეა გობეჯიშვილია. წყვილს ერთი შვილი, ნიტა ლომიძე ჰყავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდა, საკუთარი გზა და, დედის მსგავსად, ცეკვას დაუკავშირა.
„აღმოჩნდა, რომ ქართული სამეჯლისო სკოლა ერთ-ერთი ძლიერია. ჩემთვის, როგორც ქორეოგრაფიული პედაგოგისთვის, ღირდა თავგანწირვა ასეთი წამებისთვის და წუთებისთვის. მათი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იყო, ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმალურად იბრძოლეს და ძალიან კარგი შედეგი დადეს…
მიხარია, რომ ჩვენც მსოფლიო სამეჯლისო ცეკვების ნაწილი გავხდით. საკმაოდ ძლიერ კონკურენტებად ვითვლებით. კონკურსანტები ყოველთვის კითხულობენ, ქართველები მონაწილეობას იღებენ თუ არა. როცა გრძნობ, რომ კონკურსანტებს შენი ეშინიათ, ეს ძალიან სასიამოვნოა. ეს შედეგი ჩვენი გუნდის დამსახურებაა…
მე და ნიკა 23 წელია, რაც ერთად ვართ და ჩვენი სიყვარული უფრო გამყარდა. ჩვენ არ ვიცით, ჩხუბი რა არის. ჩვენთან არ არსებობს ხმის და ტონის აწევა. თუ რაღაც პრობლემაა, დავსხდებით და დავილაპარაკებთ…“ - ამბობს თეა გობეჯიშვილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.