"39 წლის გავხდი 5 ნოემბერს და 7 ნოემბერს გაჩნდა კესანე. ჩემთვის და თათიასთვისაც ნანატრი ბავშვი იყო. სრული კომფორტი გვაქვს. როლებიც არეული გვაქვს, რადგან ორივეს გვინდა, რომ სულ ბავშვთან ვიყოთ. ბუნებრივ და ხელოვნურ კვებაზეა, მაგრამ ხშირად არცერთი არ ყოფნის. თვე-ნახევრისაა და ვგიჟდები, როდესაც გამოცვლის დრო აქვს, ვგიჟდები, ფეხებზე ნაკეცები რომ აქვს. სხვათა შორის მივხვდი, რომ ვუყვარვარ, ჩემი წვერებით რომ ვკოცნი კისერზე, ფეხებზე, მუცელზე ძალიან ბედნიერია და იღიმება. ღამე რომ შეიშმუშნება, მაგაზეც გული მითბება.
სამშობიაროდან, რომ გამოვედით, ჩემკენ დავდგით საწოლი, თათიამ და ბავშვმა ადრე დაიძინეს და ოთახში რომ შევედი, კესანეს სძინავს გათიშულს, სუნთქვის ხმაც არ მესმოდა, ცხვირთან მივადე ხელი და სითბოც ვერ ვიგრძენი, მოვკიდე ხელი, ამოვიყვანე და რომ შეიშმუშნა, მივხვდი, რომ არასწორად მოვიქეცი. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, ასე თუ გააგრძელებ, ნოდიკო, ბავშვს დასტრესავ-მეთქი.
თათია არის ფანტასტიკური დედა. ვერ გეტყვით ვერცერთ მომენტს, როცა რამე დაზარებია. თათიას არ უყვარს ტელევიზიები და ინტერვიუები, ჩვენი ამბავი ალბათ 15-მა კაცმა იცოდა. პირველი შვილიშვილია და დედაჩემი ყოველდღე მწერს: "როგორ ეძინა ბავშვს?, კარგად ჭამა? დამირეკე და დამანახე ჩემი გოგო". ერთ დღეს კამერით რომ ელაპარაკებოდა, კესანემ გაუცინა და შოკში ჩავარდა დედაჩემი. დედაჩემი და მამაჩემი ერთმანეთს "აგლეჯენ" ბავშვს. ჩემი და სულ მოდის საჩუქრებით. თათიას ჰყავს ძმა, რომელიც გაგიჟებულია კესანეზე, მათთვისაც პირველი ბავშვია. შვილი სასწაულია, ნათლულები ხომ მიყვარს, რამდენიმე ჩემს ხელშია გაზრდილი და ვაფრენ მათზე, მაგრამ მივხვდი, რომ შენს სისხლსა და ხორცს რომ უყურებ, კიდევ სხვა რამ ყოფილა. მე მგავს, თათიასაც ჰგავს და თათიას ძმასაც, მაგრამ ყველა, ვინც ხედავს, ამბობს, რომ პატარა ნოდიკოა", - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი ვიკა ბუკიასთან პოდკასტში.
"დაახლოებით ორი წლის წინ გავიცანით მე და თათიამ ერთმანეთი, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის ღონისძიებაზე. მაშინ ჩვეულებრივი კომუნიკაცია შედგა, ამის შემდეგ კიდევ ერთ საღამოზე შევხვდით, მერე სოციალურ ქსელებში მიწერა დავიწყეთ და ასე მოვედით დღემდე.
თათია არის ძალიან კარგი ადამიანი, სწორი ღირებულებებით. ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი, თან პატარები აღარ ვართ. პატარა ასაკში უფრო სხვანაირად იღებ გადაწყვეტილებებს. ჩვენს შემთხვევაში იყო ემოციაც და გააზრებული ნაბიჯიც, რომ ერთად გაგვეგრძელებინა ცხოვრება, ამის შემდეგ კი ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა პატარა კესანე, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
მე და თათიას გვინდოდა, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ არავის სცოდნოდა. იცოდა ოჯახმა და ვიწრო წრემ. ჩვენმა უახლოესმა ადამიანებმა დაგვიმტკიცეს ძალიან დიდი ერთგულება და მართლა არავის არსად არაფერი უთქვამს. ორსულობის პროცესი არ არის მარტივი, ყველაფერს მოფრთხილება უნდა, თან თათია ემოციურია, ემოციებს მოფრთხილება უნდა, მოვილაპარაკეთ, რომ არსად არ გვეთქვა და გამოგვივიდა.
თათიას ორსულობის პერიოდში მომიწია აშშ-ში წასვლა და მუცლად მყოფ კესანეს თათია ჩემს სიმღერებს ასმენინებდა. სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, თათიას თავისი ვერსიები ჰქონდა, განვიხილავდით. რომ გავიგეთ, გოგო იყო, ზაფხულშივე ვიცოდით, რას დავარქმევდით. მომწონს ძალიან ეს სახელი - კესანე.

ბავშვის მოვლის რუტინაში ჩართული ვარ, გამოცვლის დონემდე. თათია გადარეული დედაა, არასდროს არ იღლება. ბავშვი ჭამს დედის რძეს და თათია ამით არის უბედნიერესი. პრეტენზიული არ არის, თუ აწუხებს რაღაც ან შია, გვაგებინებს. ვუმღერი ხოლმე და მოსწონს. ამასწინათ ერთ-ერთ ქართულ სიმღერას ვუმღეროდი და ისე მოეწონა, მშვიდად დაიძინა. ღამის თენებებიც იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, ვერ ვიფიქრებდი ოდესმე, რომ დღე-ღამეში 7-8 საათი ვერ დავიძინებდი, 2-3 საათი ძილი თავისუფლად მეყოფოდა.
კესანე მეც მგავს, თათიასაც, მის ძმასაც, ჩემს დასაც, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად, მგონი მე მგავს. თათიამაც აღიარა... თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ვის ჰგავს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლამაზია ჩემი კესანე.
ვერ აგიხსნით რა შეგრძნებაა, ხშირად რომ უყურებ და გული გიჩუყდება, შენს შვილს რომ უყურებ... მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რომ მე და თათია გაგვაბედნიერა ისე, ჩვენი თავები გადმოვდეთ მეორე ადგილას და ახლა ჩვენი მთელი ცხოვრება, ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი კესანეა. ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავიც კესანეა და ყველა მშობლისთვის ასე იქნება", - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი ინტერვიუში.