"ცოცხალი ვარ... მძიმე ბრძოლის და გადარჩენის 2025 მიდის. ბრძოლა გრძელდება და, ღმერთით, გამოჯანმრთელების წელს ვხვდები ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც სასწაული მოახდინეთ წელს და ჩემი მკურნალობა შესაძლებელი გახადეთ. ძალიან მიყვარხართ თითოეული, გიცნობთ თუ არა. სასწაულების წელი გვქონდეს ყველას, სუპერ კარგი ამბების, ჯანმრთელად ყოფნის, გამარჯვებების და ბედნიერების 2026", - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე, რომელიც გასულ წელს მძიმე სენს ებრძოდა.

ხათუნა სამნიძე ქართველი პოლიტიკოსი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. დაიბადა 1978 წლის 28 ნოემბერს. 1985-1995 წლებში სწავლობდა ბათუმის №1 საშუალო სკოლაში, 1996-1999 წლებში კი - ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1997-1999 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო საკითხთა მუდმივი კომისიის თანამშრომელი. 2004-2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი. 2010-2013 წლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროგრამირების კოორდინატორი; სამუშაო თემები - „ქალების გაძლიერება, უმცირესობების უფლებები, კონფლიქტები“. 2013 წელს "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" მდივანი. 2013 წლიდან "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე. 2014-2017 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
ხათუნა სამნიძე 2023 წლის მიწურულს მოულოდნელად გაქრა. მას მძიმე დაავადების გამო ქვეყნის დატოვება და მკურნალობის გერმანიაში გაგრძელება მოუწია. აქტიურ პოლიტიკას კი სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.
სიმსივნესთან ბრძოლაში განვლილ გზაზე ხათუნა სამნიძე ნეტგაზეთს ესაუბრა:
"პირველ რიგში, ყველა ქალს ვურჩევ, 6 თვეში ერთხელ გადაამოწმონ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ამას ვაკეთებდი, რადგან დედა მყავს სიმსივნით დაკარგული, მისი თხოვნაც იყო და ისედაც ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ. არაფერი არ მაწუხებდა. შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ყველაზე ჯანმრთელად ვცხოვრობდი, ვვარჯიშობდი, კვებას ვაქცევდი ყურადღებას, რეჟიმს… ამიტომ არაფერი არ მაწუხებდა, პირიქით, ძალიან ენერგიაზე ვიყავი, დღეში 20 კილომეტრს დავდიოდი. ამიტომ, როცა იეჭვეს სიმსივნეზე, არ მჯეროდა, ჩავთვალე, ექიმები ცდებოდნენ, რადგან ჯერ ეჭვი გაჩნდა.
ბათუმში როცა ჩავდივარ, სიცივეშიც ვცურავ ზღვაში და ოქტომბერში, ერთ-ერთი ასეთი ცურვის დროს, ვიფიქრე, რომ გავცივდი და მივედი ექიმთან. აღმოჩნდა, რომ არ ვიყავი გაციებული და ამიტომ ვიეჭვეთ, რამე სხვა რამ ხომ არ ხდება. ონკომარკერმა, რითაც შეგიძლია გაიგო, რამე ხომ არ არის სხეულში ონკოლოგიური, აჩვენა, რომ იყო ნორმაზე მაღლა. თუმცა ექიმმა თქვა, რომ ეს შეიძლება რაღაც ანთების პროცესი იყოსო..."