თამაშიდან გასული - თავი V - Marao

თამაშიდან გასული - თავი V

2026-01-05 11:08:49+04:00

წინა თავი

_ აქედან ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტანთ, ხომ?

_ მართალი ხარ, ვერანაირს, _ ამოვიხვნეშე, _ ყველაფერს აჯობებს, კიდევ დავლიოთ. მოდი, ბართან გადავინაცვლოთ.

ორივენი ბარისკენ გავემართეთ. აველინი სკამზე ჩამოჯდა და თვალი მიადევნა, როგორ ვასხამდი სასმელს ჭიქებში.

_ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მე და შენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, _ თქვა მან რბილი, მოუხეშავი ხმით, _ ვგულისხმობ, მას შემდეგ, რაც ჩემი პორტრეტი ნახე და სხვა დანარჩენიც. ძალიან ზუსტი ნახატია, უბადლოდ შესრულებული. ბარძაყის შიდა მხარეს ხალი რომ მაქვს, ისიც კი არ დარჩენია შეუმჩნეველი და დაუხატავს.

თან ვუსმენდი ქერას, თან ჭიქას ვაწვდიდი. შევხედე თუ არა ქალს, დავინახე, მზერა როგორ დაუთბა. აველინმა ხელი ხელზე დამადო და თითები ოდნავ მომიჭირა.

_ ძალიან სიმპათიური და მიმზიდველი მამაკაცი ხარ, კაპიტანო, _ ჩაიჩურჩულა, _ და სულაც არ ვარ წინააღმდეგი, ჩემი პორტრეტის თვალიერებით დატკბე, _ კიდევ უფრო მომიჭირა თითები, _ თუ გსურს იმავე პოზაში ორიგინალშიც მიხილო, თავისუფლად შემიძლია ეს სიამოვნება მოგანიჭო.

_ უნდა ითქვას, რომ დრო და ადგილი ძალზე ცუდად არის შერჩეული, _ მეც ჩავიჩურჩულე, _ ჯერ ერთი, რომ გაბრო მეორე ოთახში მკვდარი ასვენია და მეორეც, საცაა მთელი პოლიცია დაგვადგება თავს. მე კი ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში ინტიმი არ მხიბლავს.

სანამ მე ვჩურჩულებდი, ქერა წარამარა ახამხამებდა თვალებს, შემდეგ ღრმად შეისუნთქა ჰაერი და ქვედა ტუჩი გამობურცა.

_ რა თქმა უნდა, მართალი ხარ, ედი, _ ამ ხნის განმავლობაში პირველად მომმართა სახელით, _ უბრალოდ, ცუდად გამომივიდა. მე ის მინდოდა მეთქვა, რომ შეგვეძლო სხვა დრო და ადგილი შეგვერჩია ამისთვის. მაგალითად, შენი ბინა, _ იპოვა ნემსაძემ გამოსავალი.

_ აი, ეს კი მშვენიერი იდეაა, _ გავუღიმე, _ ვფიქრობ, შეგვიძლია შევხვდეთ, მაგალითად, ერთ კვირაში, როცა შენი ქმარი შედარებით დაწყარდება ამხელა აურზაურის შემდეგ.

_ როგორც მივხვდი, შენ მას ყველაფერს მოუყვები, არა? _ ხელი აიქნია აველინმა და დაიჭყანა, _ შენც ისეთივე ნაძირალა ხარ, როგორც სხვები!

_ ნუთუ ყველა პოლიციელი ნაძირალაა? _ შევეკითხე, თან ვიღიმოდი.

_ ყველა კაცი ნაძირალაა! _ წამოიძახა ქერამ, თან ყელი დიდი სიამაყით მოიღერა, _ შენ არ იცნობ ჩემს ქმარს! ალბათ მომკლავს, როცა ამ ამბავს გაიგებს!

_ წარმომიდგენია, რაოდენ გულისამაჩუყებელი სცენა იქნებოდა, _ მშვიდად მივუგე, _ როცა შენი ქმარი აეროპორტში გემშვიდობებოდა. ის თვითმფრინავში ადიოდა, შენ კი დამშვიდობების ნიშნად ხელს უქნევდი. ამ დროს მალულად მოუთმენლობისგან იწვოდი, როდის მიირბენდი საყვარელთან, რომ რაც შეიძლება მალე შეხვედროდი მას.

_ სისულელეა! _ გაბრაზებულმა ამოიოხრა, _ ტრაპამდე ნამდვილად არ მიმიცილებია. ბარში ვისხედით, როცა ჩასხდომა გამოაცხადეს და იქვე დავემშვიდობე. ასე რომ, სულაც არ იყო გულისამაჩუყებელი სცენა. შეცდი, კაპიტანო!

_ ანუ დარწმუნებით არ შეგიძლია იმის თქმა, შენი ქმარი ნამდვილად გაფრინდა თუ არა. ასეა? _ ვუკარნახე.

_ რა თქმა უნდა, გაფრინდა! _ შეშფოთებულმა გამიყარა თვალი თვალში, _ შენ რა, ეჭვი გეპარება?

_ ვფიქრობ, ამის გარკვევა არ გაგვიჭირდება, _ მისი დამშვიდება ვცადე, _ ხომ არ იცი, რომელ სასტუმროში უნდა გაჩერებულიყო?

_ სასტუმრო “თეთრ იასამანში”, _ ქალი აკანკალდა, _ არა მგონია, მისი ჩადენილი იყოს, ტყუილად აბრალებ. ჩემი და გაბროს ურთიერთობის შესახებ რომ რამე გაეგო, მეც უეჭველი მომკლავდა.

_ იქნებ დესერტად მოგიტოვა? _ არ დავინდე და შეშინებული უარესად შევაშინე.

ნიკო ლომიძე ლეიტენანტია, ჩვენ არა მარტო ერთ განყოფილებაში ვმუშაობთ, ერთ ოთახშიც ვსხედვართ. განსხვავება ისაა, რომ მე ჩინით მასზე მაღლა ვდგავარ, ამიტომ შედარებით “შავი სამუშაოს” მისთვის დავალება თავისუფლად შემიძლია. ახლაც, მორიგი დავალების მიცემის დროს, წარბები შეიჭმუხნა. მიუხედავად იმისა, რომ ღამე იყო და ახალი დღე იწყებოდა, ძილგამკრთალს არ ჰგავდა. ალბათ საინტერესო ფილმს თუ მოსწყვიტეს, როცა სამორიგეოდან დაურეკეს და ვერ იყო ხასიათზე.

კარგა ხანს ფიქრობდა, ამიტომ სხვა არაფერი დამრჩენოდა, მოთმინებით უნდა დავლოდებოდი მის პასუხს.

_ შენ, მგონი, ცუდად გრძნობ თავს, არა, ედი? _ შემეკითხა ბოლოს.

_ ცდები, ნიკო, მშვენივრად ვგრძნობ თავს. საიდან მოიტანე, რომ ცუდად ვარ? _ იმედი გავუცრუე.

_ აბა, მე რატომ მტენი ამ ქალის წაყვანას? არაფერი მესმის, _ უმისამართოდ გაიქნია ხელი, _ შენი აღმოჩენილი მოწმეა და შენ თვითონ მიაცილე სახლამდე. ქალებთან ჯენტლმენობის გამოჩენა ძვირფასად გეხერხება, როგორც ვიცი. გგონია, სხვა საქმე არაფერი მაქვს? ისიც საკმარისია, თბილ ლოგინს რომ მომწყვიტეთ ამაღამ მთელმა განყოფილებამ.

_ კარგი რა, ნიკო. არ მითხრა ახლა, რომ გათიშულს გეძინა და ძალად წამოგაგდეს ლოგინიდან.

_ შენ რა იცი, რომ არ მეძინა? _ შემომიღრინა.

_ ნამძინარევის არაფერი გეტყობა, ლეიტენანტო ლომიძე, _ გავეხუმრე, _ რა არ მოგწონს?

_ შენში არაფერიც არ მომწონს, კაპიტანო ედიშერ უნდილაძე, _ ირონია მოიშველია, _ შენი ბრძანებების გადამკიდე, ხან სად დავეხეტები და ხან სად. ან უაზრო შეკითხვებს ვსვამ, ან ვიღაცების ფანჯრების ქვეშ ვყურყუტებ და სიცივისგან ვიყინები.

_ ეს ახალი ეპოქის დასაწყისია, ჩემო ნიკო, _ გულიანად გავუღიმე, _ ვინ იცის, წინ რა გველოდება. სამშობლო დაგიფასებს შრომას.

_ შევ… ასეთ შრომას, _ შეიგინა.

_ მიდი, მიდი, წაიყვანე. რა იცი, რა ხდება. შეშინებულია საწყალი, რამდენი გადაიტანა. მაგას ახლა სხვანაირი დამშვიდება სჭირდება. შენ არ შეგეშლება ეგ.

_ ოხ! როგორი ემოციური სიტყვა გამოგივიდა, ედი! _ სიბრაზისგან კინაღამ გაიგუდა, _ სიტყვები არ მყოფნის პირდაპირ! მერედა, ჩემს ცოლთან შენ მომარიგებ?

_ სად გყავს ცოლი, ბიჭო, რას მაბოლებ! _ ცოტა არ იყოს, სიბრაზემ ამიტანა, _ თუ შენთვის გასაგები არ არის, მაშინ ასე გაგიშიფრავ დავალებას: ამ ქალბატონს სახლში თავისივე მანქანით წაიყვან და არა მარტო მიიყვან კორპუსამდე, არამედ ბინაშიც შეჰყვები. როგორც გინდა, ისე მოახერხე და გამიგე, ეს ქალი ნამდვილად აველინა ნემსაძეა და ნამდვილად იმ ბინაში ცხოვრობს, თუ გვატყუებს. ახლა გასაგებია? _ ხმაში სიმკაცრე გავურიე.

 

 _ გასაგებია, გასაგები. რა გაყვირებს, თუ იცი? _ მოლბა ნიკო, მაგრამ წარბები კვლავ შეიჭმუხნა, _ მაგრამ მერე სახლში რა ჩემი ფეხებით წავიდე?

_ მორიგე მანქანა გამოიძახე, როგორც ყოველთვის, _ მოთმინებით ავუხსენი.

_ და მაგის ქმარი სად გდია, ხომ არ იცი? _ დაბოღმილი ნიკო ქერას ქმარს გადასწვდა.

_ მივლინებაშია. ეგეც გავარკვიე. დავრეკე ქუთაისის პოლიციაში და გადაამოწმეს. ის უკვე დარეგისტრირდა სასტუმროში.

_ მაშინ რაღა დამრჩენია. მოვემსახურები ქერა ქალბატონს, როგორც წესი და რიგია, ისე. _ ხელოვნურად ბედნიერი სახე მიიღო ნიკომ და ტყვიასავით გავარდა სტუდიიდან.

***

როგორც კი ნიკო და აველინა გავიდნენ, სტუდიაში შევბრუნდი, სადაც კრიმინალისტები მუშაობდნენ. თუმცა რომ შევხედე, მხოლოდ სერგო იღებდა ფოტოებს, ჩემი კოლეგა, მერაბი კი, ვისაც გვამის დათვალიერება ევალებოდა, ქალების პორტრეტების თვალიერებით იყო გართული.

_ პატივცემულო მერაბ, სულაც არ მინდა ანატომიის შესწავლას მოგწყვიტო, მაგრამ მეც ცოდო ვარ, ამდენი ხანი აქ რომ ვყურყუტებ. არ გინდა ორიოდე სიტყვა მითხრა გვამზე? არის რამე საინტერესო?

მერაბი დინჯად შემოტრიალდა ჩემკენ.

_ ვერაფრით გაგახარებ, ედიშერ, _ მომიგო მან სატანისებური ღიმილით, _ ვიცი, შენ უინტერესო მკვლელობები არ გიზიდავს და არასდროს ერევი ასეთი მოსაწყენი საქმეების გახსნის პროცესში, მაგრამ რაღაც ძალიან ადვილი გასახსნელი მკვლლობა მგონია. ვერასდროს დავიჯერებ, რომ ეს ოთხი მშვენიერი ლამაზმანი მხოლოდ შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფი იყოს.

 

 _ შენც ნუ დაიჯერებ, _ შევაგულიანე.

_ სადღაც ამათ შორის მარხია ძაღლის თავი. ეჭვიანობის სცენა და მისი ჯანი. შენი ამბავი რომ ვიცი, ხვალ უკვე ყველაფერი გეცოდინება.

_ ვნახოთ, ვნახოთ, _ შეფიქრიანებულმა თავი გადავაქნიე.

_ ერთი სიტყვით, ჩვენი დაზარალებული გარდაიცვალა საღამოს ათიდან თერთმეტ საათამდე, _ თქვა მან მოულოდნელად, _ მყისიერად მოკვდა, რომ იცოდე. დარწმუნებული ვარ, ექსპერტიზაც იმავეს დაადასტურებს.

აი, ამიტომ მიყვარს მერაბი. სხვა კრიმინალისტებივით კი არ ლაპარაკობს, “სიკვდილი დადგა ღამის ათიდან თერთმეტ საათამდე”. მეცინება ხოლმე, როცა ასეთ ტერმინებს იყენებენ.

_ ტყვია დივანში იყო გაჭედილი და ამოვიღე, _ ჩემკენ მოტრიალდა სერგო, რომელმაც ქერათმიანი აველინას ნაცვლად ამჯერად შავგვრემანის პორტრეტი ამოაბრუნა და მის გადაღებას შეუდგა, _ გასროლა მოხდა დიდი კალიბრის შაშხანიდან, შესაძლოა ვინჩესტერი ყოფილიყო.

_ რას ამბობ, ადამიანო! შაშხანა საიდან გაიჩითა?

_ თანაც ისეთი კალიბრია, ჩემს პრაქტიკაში აქამდე არ შემხვედრია. მაგას ბალისტიკა გაარკვევს. შენ ის მითხარი, რამდენი სურათი გჭირდება სულ? _ ჰაერში შემართულ ფოტოაპარატს თვალი მოაცილა და გამომხედა.

_ თითო-თითო საკმარისია, ალბათ. რა ვიცი, რად მინდა ბევრი. არ დამიბეჭდო, მობილურზე გადმომიგზავნე. ჯიბით ხომ არ დავიწყებ ფოტოების ტარებას, _ გამეცინა.

_ მაინც დავბეჭდავ, მე და მერაბსაც ხომ გვინდა სამახსოვროდ თითო კომპლექტი? _ გაიხუმრა სერგომ და გადაღება გააგრძელა.

_ ცოლმა არ გაგიგოს, თორემ კი ვიცი, მაგას მერე რაც მოჰყვება, _ სიცილით გავაფრთხილე.

_ ოო, ეგ მართლა საფრთხილო საქმეა, ხომ იცი. რა ჭირად მინდა, უბრალოდ, ვიხუმრე. შენ რა გენაღვლება რა, მაგ მხრივ თავი ქუდში გაქვს. გინდა გულის ჯიბეში ჩაიდებ, გინდა სააბაზანოს სარკესთან მიაკრავ, _ ახორხოცდა სერგო.

_ მგონი, მოვრჩით. სახლში წასვლის დროა. ისე, ნიკოს მაგრად კი გაუმართლა, ისეთი მსუყე ლუკმით წავიდა აქედან, _ მერაბმა აველინა იგულისხმა, _ რავარი ფერხორციანი ქალი იყო, იფ! მის გაცილებაზე არც მე ვიტყოდი უარს და არ დამიწყოთ ახლა, ცოლი და ეგეთები. ცოლიანი კაცებიც იხედებიან, ბატონო, განზე, ეგ ღალატად არ ითვლება.

სამივეს გაგვეცინა.

წასვლის წინ სერგო მოულოდნელად შემომიტრიალდა:

_ ედი, იცი რა? მერაბს ნუ უსმენ. მე თუ მკითხავ, დიდად არ გაგიმართლა, რომ იცოდე. წარმოდგინე, ვიღაც თოფით შემოდის სახლში. დაზარალებული, რომელსაც გულში დააჭედეს ტყვია, მომენტალურად კვდება. მკვლელი მშვიდად ტოვებს შემთხვევის ადგილს, თან შაშხანაც მიაქვს. ეს მკვლელი მოაზროვნე ტიპია. მას ნებისმიერი ჩვენგანის გაცურება შეუძლია, რომ იცოდე. არანაირ კვალს არ ტოვებს _ არც იარაღს, არც თითის ანაბეჭდებს, არც ფეხსაცმლისას, სხვათა შორის.

_ როგორ დამამშვიდე, სერგო, _ ჩავიფხუკუნე, _ შენი სიტყვების მერე გაცილებით უკეთ ვიგრძენი თავი. რა გინდა, რას მერჩი? ყვავივით რას დამჩხავი ამ შუაღამეს, ჩემი გაჭირვება არ მეყოფა?

_ კარგი, კარგი, წინასწარ გულს არ გაგიტეხ. ხვალ ლაბორატორიაში კიდევ ერთხელ შევამოწმებ ყველაფერს. შენ მანამ ეს საყვარელი ქალბატონები იპოვე, რათა შედარება გააკეთო _ სინამდვილეშიც ასეთი მიმზიდველები არიან შიშვლები, თუ მართლა მხატვრის ფანტაზიის ნაყოფია.

_ კი, მაგას ხვალ მივხედავ, _ თავი დავუქნიე.

_ აი, რა საინტერესო საქმე გამოგიჩნდა, ხომ ხედავ? შენ კი მაინც წუწუნებ! ყველას კი არ უმართლებს შენნაირად.

გაგრძელება იქნება