თამარ ადამიასთვის და მისი ოჯახისთვის წლევანდელი წელი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა. მიზეზებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
როგორ დაიწყო ახლიდან თამარ ადამიასა და ალეკო მახარობლიშვილის ოჯახური ცხოვრება და რა სიახლემ გაახარა ისინი
- ხომ გაგიგიათ, „არასოდეს თქვა არასდროსო“, ამ გამოთქმის სიმართლეში ახლა დავრწმუნდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მე კონკურსში მივიღებდი მონაწილეობას. მეშინია კონკურსებისა და შეჯიბრებების. ახალგაზრდობაშიც კი არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს, მაგრამ კულინარიული კონკურსის – „შეფების ლიგის“, მონაწილე გავხდი. ეს გუნდური პროექტია და ალბათ, ამან დამამშვიდა და გადამაწყვეტინა მონაწილეობის მიღება.
– კიდევ ერთი კარგი ამბავი გაქვთ – ახალ სახლში გადახვედით საცხოვრებლად... მარტივი არ არის სახლის შეძენა და ალბათ, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი
– 41 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. თავიდან ჩემს მეგობარ ნანა ლორთქიფანიძესთან და მის მეუღლე ილიკო წიქვაძესთან ვცხოვრობდით. მაშინ ახალი დაქორწინებულები ვიყავით, ეკაზე ვიყავი ფეხმძიმედ. საუკეთესო პერიოდი იყო. მახსოვს, როგორ შევხვდით ახალ წელს, მე და ნანა ერთად ვალაგებდით სახლს და ვამზადებდით კერძებს. ნანა სულ ამბობს ხოლმე, რომ გოზინაყის მომზადება და გოჭის შეწვა მე ვასწავლე. იქ მოდიოდნენ საოცარი ადამიანები, ქეიფობდნენ, მღეროდნენ.
მაგალითად, გია ფერაძე, რომელიც იუმორის ზღვას წარმოადგენდა და მასთან ერთად ყოფნას არაფერი სჯობდა. დათო გომართელი, რომელიც მაშინ ჯერ ესტრადის მომღერალი არ იყო, მაგრამ ბუნებრივია, არაჩვეულებრივად მღეროდა, გიო ხუციშვილი და ასე შემდეგ. ერთი ზეიმი, ცეკვა, სიმღერა და სიხარული გვქონდა.

შემდეგ ჩემს მშობლებთან, ვერაზე გადავედით საცხოვრებლად. უცნაური სახლი გვქონდა, მამაჩემის ხელით აშენებული, სადაც ჩემი ძმები, რძლები, ახლობლები – მოკლედ სტუმრები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ჩვენი კარი არ იკეტებოდა. იქიდან ჩემი მეუღლის მშობლებთან გადავედით. ცოტა პატარა ბინა იყო და ბევრი ვცხოვრობდით, ამიტომ ამხანაგები დიდად ვერ მიგვყავდა, მაგრამ ნათესავებს უყვარდათ მოსვლა. ამასობაში ალეკოს მშობლებმა გვიყიდეს ბინა ნუცუბიძის პლატოზე, სადაც 31 წელი ვიცხოვრეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე-15 სართული იყო და რომ გადავედით, არც ლიფტი, არც შუქი, არც წყალი არ გვქონდა, ფეხით ამოდიოდნენ მეგობრები, ხან სიბნელეში, ხან სინათლეში... ჩვენთან სულ მხიარულება და ქეიფი იყო. ეს სახლი რომ ვიყიდეთ, მაშინაც არ იყო ახალი გარემონტებული და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო სარემონტო გახდა. ვერა და ვერ გავარემონტეთ, მოგეხსენებათ, მსახიობებს რა შემოსავალი გვაქვს და უკვე აღარ მოგვწონდა.
წაიკითხეთ სრულად