თამუნა ამონაშვილმა პირველი ნაბიჯები მუსიკაში 5 წლისამ გადადგა, როცა ის მასწავლებელთან მიიყვანეს.
თამუნა ამონაშვილი დღეს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერალია - მან ბოლო წლებში არაერთი ჰიტი შექმნა და ამით მსმენელს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი, თუმცა გზა, რომელმაც საყოველთაო სიყვარული მოუტანა, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
თამუნა ამონაშვილი 5 წლის იყო, როცა პირველად მუსიკის გაკვეთილზე მიიყვანეს, რადგან მარტივად შეამჩნიეს, რომ პატარა გოგონას განსაკუთრებული სმენა და ხმა ჰქონდა. მოგვიანებით დაამთავრა კიდეც აქვს მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით და სწავლის გაგრძელებასაც ამ მიმართულებით გეგმავდა, მისი სურვილი მომღერლობა არ ყოფილა. კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე გასვლის წინ უცებ დაფიქრდა, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოთი სიარული, ორკესტრთან ერთად ჯდომა და დღე და ღამე მეცადინეობა მოუწევდა. თამუნა არ გავიდა გამოცდაზე, სახლში კი მოიტყუა - ვითომ ჩაიჭრა.
იმავე წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე. ჯგუფში საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და 1987 წელს თეატრალური ინსტიტუტიც შესაბამისად წარჩინებით დაამთავრა. მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება.

შემდეგ იყო ანსამბლი „ივერია“, რომელიც იმ დროის ყველაზე პოპულარულ ანსამბლად ითვლებოდა. ერთ-ერთმა სოლისტმა ანსამბლი დატოვა და ახალი მომღერლების არჩევა გამოცხადდა. თამუნას პედაგოგმა ემა ებრალიძემ ანსამბლის ხელმძღვანელს - ალექსანდრე ბასილაიას დაურეკა და რეკომენდაცია გაუწია. „ივერიის“ ხელმძღვანელს ძალიან მოეწონა თამუნას გარეგნობა, ხმის ტემბრი და დიაპაზონი, ასევე მისი არტისტული მონაცემები და სცენურობა.
ანსამბლის შემოქმედებითი პაუზის პერიოდში, შეიქმნა გოგონათა ჯგუფი „მზე და შოკოლადი“, რომელსაც კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ხელმძღვანელობდა. ჯგუფში 4 გოგონა იყო, მათ ბევრი კონცერტი ჩაატარეს და გასტროლებით მოიარეს თითქმის მთელი საქართველო. როდესაც გოგონათა კვარტეტმა შეწყვიტა არსებობა, თამუნამ გადაწყვიტა სოლო კარიერის დაწყება.
თამუნას პირველი სიმღერა ზურაბ ლალიაშვილის „ჩიტო-ჩიორა“ იყო. მან თავადაც სცადა, დაეწერა სიმღერები. სიმღერის „მენატრები“ ტექსტიც და მუსიკაც მას ეკუთვნის. წარმატება ხვდა წილად მის სიმღერას „შენმა სიყვარულმა“. თამუნას პირველი მუსიკალური ვიდეო სწორედ ამ სიმღერაზე შეიქმნა. 1996 წელს გამოვიდა თამუნას პირველი სტუდიური ალბომი „მენატრები“. მასში 13 სიმღერა შევიდა, მათ შორის - 3 ინგლისურენოვანი. 2000 წელს კი უკვე გაყიდვაში გამოჩნდა თამუნას პირველი კომპაქტ-დისკი „ფიქრებით შენთან ვარ“.

თამუნა ამონაშვილმა მომავალი მეუღლე, რეჟისორი რეზიკო არჩვაძე, ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს გაიცნო.
"ლალი ტოტიკაშვილის მეგობარი იყო რეზიკო და მან გამაცნო. მერე დავმეგობრდით, ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. თურმე შევყვარებივარ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ორი წელი არაფრის აზრზე არ ვიყავი. ლალიმ იცოდა და არ მეუბნებოდა. ამერიკაში მივდიოდი გასტროლებზე და წასვლისას მითხრა”, - იხსენებდა მომღერალი.
როგორც თამუნა ამონაშვილი ამბობს, მაშინ რთული, დეპრესიული პერიოდი ჰქონდა, ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი მუსიკის დახმარებით გადაელახა და საქმეს დიდ დროს უთმობდა. მომავალმა მეუღლემ კი ის ბევრ რამეზე დააფიქრა და ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილებაც მიიღო.
„ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს. მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მე და რეზიკო 14 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინებიდან 3 წელი არის ადაპტაციის პერიოდი. ერთად ბევრი ეტაპი გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ყველას გვაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ, რაც წლები გადის, ცოლქმრობაში მინუსები აღარ არის მნიშვნელოვანი, აღარ აქცევ ყურადღებას”, - ამბობდა თამუნა.
თამუნა ამონაშვილი ბოლო წლებში ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ შვილები არ ჰყავდა - ამას ძალიან ნანობდა:
„გული მწყდება, რომ არ მყავს შვილი. როდესაც პატარა ვიყავი, მქონდა, ასე ვთქვათ, ეს ახირებები, რომ ჩემს კარიერას არ შევწირავ. ცოტა დროულად რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, მექნებოდა ის დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს აბედნიერებს… სიამოვნებით ავიყვანდი ბავშვს, გავზრდიდი ერთსაც, ორსაც. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენი დრო გავიდა, რომ რამდენიმე წელია, მზად ვარ, მეც და რეზიკოც", - ამბობდა მომღერალი.
სულ ცოტა ხნის წინ. პირველ სექტემბერს თამუნა ამონაშვილისა და რეზიკო არჩვაძის ცხოვრებაში დიდი სასწაული მოხდა - მათ ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ. 61 წლის ასაკში თამუნა ამონაშვილი დედა გახდა და ცხოვრების ყველაზე დიდი ნატვრაც აუხდა. როგორც წყვილი არაერთ ინტერვიუში განმარტავს, ტყუპები, მელანია და იონა მათი ბიოლოგიური შვილები არიან, რომლებიც სუროგატის დახმარებით შეეძინათ. თამუნა და რეზიკო შვილებს დამოუკიდებლად, დამხმარის გარეშე ზრდიან და ამ პროცესით მაქსიმალურად ტკბებიან.

„ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებულად ბედნიერი აღმოჩნდა. ადამიანი როგორც ცხოვრობ და რასაც თესავ, იმას იმკი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ დიდი საჩუქრით უფალმა დამაჯილდოვა. ამ უდიდესი ჯილდოსთვის კი უდიდეს მადლობას ვწირავ მას.
პატარებმა სიხალისე, სიბრჭყვიალე და სიხარული შემოიტანეს სახლში. ყველამ რომ გაიგო მათი დაბადების ამბავი, ტელეფონი არ ჩერდება, უამრავი ზარი შემოდის და უამრავი მესიჯი მოდის.
უნდა გავაქტიურდე და ახალი ენერგიითა და ხალისით გავაგრძელო ჩემი საქმე. უკვე ჩავწერე ახალი სიმღერა და ჩემი მსმენელი საახალწლოდ მოუსმენს. ძალიან ბევრ გადაცემაში მივიღე მონაწილეობა და საახალწლო კონცერტებზეც ვაპირებ გამოსვლას. ამ ბავშვებთან ერთად, თითქოს მეც ხელმეორედ დავიბადე. როცა ოდნავ წამოიზრდებიან, ყველგან ვატარებ”, - ამბობდა თამუნა ამონაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.