betsson.sport - თან უახლეს ინტერვიუში, სპორტსმენმა ალექსანდრე თოფურიამ საზოგადოებას მის ცხოვრებაში მომხდარი დიდი სიახლის შესახებ გაუზიარა. ალექსანდრე პირველი შვილის მამა გახდა და ჟურნალისტის კითხვაზე, რა იყო გასული წელს მისი ცხოვრების მთავარი მოვლენა, სწორედ შვილის შეძენა დაასახელა:
"პასუხი მარტივია - ჩემი ბავშვის დაბადება. გოგოა, სექტემბერში დაიბადა ჩემი პირველი მერცხალი. თქვენც და, ალბათ, ბევრსაც, იმიტომ გამორჩა ეს ინფორმაცია, რომ არ ვასაჯაროებ პირად ცხოვრებას", - თქვა ალექსანდრე თოფურიამ.
ალექსანდრე თოფურია სულ ცოტა ხნის წინ მედიის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი გახდა, რადგან, UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმამ თავისი სადებიუტო ბრძოლა მოიგო და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა. ეს ალექსანდრესთვის პირველი გამარჯვება, ხოლო კოლბისთვის - კარიერაში პირველი მარცხი იყო.
ალექსანდრე თოფურია მანამდეც არაერთხელ მოქცეულა ქართველი გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში. 2024 წლის 18 თებერვალს, როცა ილია თოფურიამ ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა და შავი ქამარი მოიპოვა, ოქტაგონზე აქტიურად ისმოდა ქართული შეძახილები, მითითებები და გამხნევება - ეს სწორედ ალექსანდრეს ხმა იყო - ის ძმის, ილიას ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მწვრთნელია.
აღმოჩნდა, რომ ძმები ვარჯიშის, მომზადებისა და ბრძოლის დროს ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან - პირველი ბრძოლის დროს ალექსანდრეს გვერდით იყო ილიაც.

თოფურიების ოჯახს ქართველი გულშემატკივარი უკვე კარგად იცნობს. ძმებს ყოველთვის თან ახლავთ მშობლები - ზაზა თოფურია და ინგა ბენდელიანი-თოფურია. ალექსანდრე დაიბადა 28 იანვარს, 1996 წელს, გერმანიაში, ვესტფალიის ქალაქ ჰალეში, ქართულ ოჯახში. ალექსანდრე დებთან, მარი და ანა ტლაშაძეებთან და ძმასთან - ილია თოფურიასთან ერთად გაიზარდა.

2004 წელს მისი ოჯახი საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 2013 წელს, როცა ალექსანდრე 16 წლის იყო, ისინი ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მან ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში „კლიმენტ კლუბში“ დაიწყო. ის და მისი ძმა ილია თოფურია პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
ალექსანდრეს ანგარიშზე სულ ჩატარებულია 6 ბრძოლა საიდანაც ერთხელ დამარცხდა, 5 გამარჯვებიდან ალექსანდრემ 3 ნოკაუტით დაასრულა, ხოლო ორი მტკივნეული ილეთით. უკანასკნელად მან გასული წლის მაისში ტურნირ ‘’WOW 9-ში’’ იბრძოლა და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ალექსანდრეს UFC-ის კონტრაქტზე მოლაპარაკება 2023 წელსაც მიმდინარეობდა და 2024 წლის 8 აგვისტოს მან ოფიციალურად თავად განაცხადა სოც. ქსელში მსოფლიო საუკეთესო საბრძოლო ორგანიზაციაში მონაწილეობის შესახებ.
ცნობილია, რომ ალექსანდრე შეყვარებულია, მისი რჩეული, ილიას მსგავსად, უცხოელია. ალექსანდრე საჯაროდ საყვარელ ქალთან ერთად ილია თოფურიაზე გადაღებულ დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა, თუმცა თავად მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს არასდროს აქვეყნებს. არ იძებნება არც ალექსანდრეს მეგობარი გოგოს საჯარო პროფილი სოციალურ ქსელში.

26 წლის ლამაზმანის სახელი სარიონ ვილედაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გოგონა გაყიდვების სფეროში საქმიანობს და 2019-2020 წლებში ესპანეთში, ადგილობრივი პარფიუმერიის მაღაზიაში მუშაობდა.
