მომღერალმა ლიზა ყენიამ დედის, მაია ჯაბუას ემოციური წერილი გააზიარა, სადაც მაია შვილს უამრავი თბილი სიტყვით ამკობს.
"მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გამომიგზავნა შენი თავი. რა გითხრა, სიტყვები ვერ მეხმარება იმის გამოსახატავად, რაც მინდა გითხრა და რასაც ვგრძნობ. მეიმედები, ჩემი საყრდენი და ძალა ხარ. ჩემი სილამაზე ხარ, ნიჭიერება, სიფსიხე, სიკეთე, რწმენა, ფიქრი, სევდა, მხიარულება, სიცილი, მიტევება და რწმენა ხარ. გაიმარჯვე! ხმამაღლა გეყვიროს. მადლობა, ღმერთო, ამ ბედნიერებისთვის," - წერს მაია ჯაბუა შვილს.

ლიზა ყენია
ლიზა ყენია მაია ჯაბუასა და არჩილ ყენიას ქალიშვილია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ბავშვობიდან მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა ლიზა მედიისთვის საკუთარი ინდივიდუალიზმითაც მალევე გახდა საინტერესო პერსონა. ლიზა ყენია მუსიკოსია, ის თავადაც წერს მუსიკას და ბოლო დროს მსმენელს ახალი სიმღერებითაც ხშირად ანებივრებს. გარდა მუსიკისა, ლიზა გატაცებულია ხატვით და საკუთარი ბრენდი friskystyle შექმნა. ის მობილურის აქსესუარებს საკუთარი დიზაინით ქმნის.
ლიზა ყენია პატარა ასაკიდან გამოირჩეოდა თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით. ის საქართველოში არაერთ ცნობილ შოუში მონაწილეობდა და არაერთი გულშემატკივარიც ჰყავდა, თუმცა, საბოლოოდ, საცხოვრებლად ამერიკა არჩია და ახლა საკუთარ კარიერას იქ აგრძელებს.

2022 წელს ლიზა ყენიამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ცხოვრება საქართველოდან შორს, აშშ-ში გააგრძელა. ის ამბობდა, რომ უცხო ქვეყანაში ადგილის დამკვიდრება რთული იყო, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერი და კმაყოფილია. ერთი წლის შემდეგ, 2023 წელს ლიზა ყენიას რჩეულმა, გიორგი რაზმაძემ დაბადების დღეზე ხელი სთხოვა. ფოტოები ლიზამ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა და მეგობრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.
აშშ-ში ლიზამ საკუთარი კარიერის შექმნა თავიდან დაიწყო, გამოუშვა ახალი მუსიკალური კლიპი, მსმენელის წინაშე Red Pavilion Brooklyn-ში წარდგა, ძალები მოსინჯა განსხვავებულ ჟანრში... ლიზა ხშირად წერს საკუთარი ცხოვრების შესახებაც და ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისთვის ყოველი ეტაპი ოპტიმისტურია, ცხოვრობს მომავლის იმედით და შრომობს წარმატებისთვის.