ასე ხუმრობა-ხუმრობაში დავტოვეთ იქაურობა და მანქანებში გადავნაწილდით. რადგან ჩემს მანქანას ორივე ფარი ჩამსხვრეული ჰქონდა, სერგოს უნდა გავყოლოდი. დიდად არ მიყვარდა მასთან ერთად მგზავრობა, რადგან გიჟივით დააქროლებდა მანქანას. არც შუქნიშანს უყურებდა და არც ზებრა გადასასვლელებს. ვერც ვერავინ ვერაფერს ეუბნებოდა. თუ პატრული გააჩერებდა, დააძრობდა თავის მოწმობას, მკვლელობა მოხდა და იქ მივიჩქარითო, ეტყოდა და მორჩა, ეგრევე უშვებდნენ ყოველგვარი დაჯარიმების გარეშე.
ბინაში შევედი თუ არა, პირველ რიგში, ლეპტოპი ჩავრთე და უიტნი ჰიუსტონის ფლეილისტი გავხსენი. მისი ხავერდოვანი ხმის მოსმენა მომინდა. პარალელურად ერთი ჭიქა მარტინი მოვიმარჯვე, რომელიც ჩემს მაცივარში ყოველთვის მოიძებნება. ყველა მომღერალს მირჩევნია ეს ვნებიანი მულატი. აფსუსი არ არის, თავი რომ გაწირა?
როდესაც ჩანაწერი დასრულდა, უკვე საკმაოდ მოდუნებული გახლდით, ნეტარ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და სიამოვნებით გავიდოდი საძინებელში ჰორიზონტალური მდგომარეობის მისაღებად.
ის იყო ცარიელი ჭიქა სამზარეულოში გავიტანე და თითქმის მივაღწიე საძინებელს, რომ კარზე ზარი დაირეკა. ნამდვილად არავის ველოდი. ერთადერთი, რაც გავიფიქრე, იქნებ ნიკოა, რამე ახალი გაარკვია და სახლში მომადგა-მეთქი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში მობილურზე ვერ დამირეკავდა? მოვკლავ, თუ მართლა ნიკოა.
კარი გავაღე თუ არა, საკუთარ თვალებს არ დავუჯერე. ჩემ წინ, სართულის მოედნის მბჟუტავ განათებაზე, მაღალი წითური ქალი იდგა, რომელიც ერთიანად ბზინავდა. მეგონა, მოლანდებებმა შემიპყრო. სახე ძლივს დავალაგე, სანამ გონს მოვეგებოდი. როგორც იქნა, მივხვდი, რომ ეს სულაც არ იყო მოლანდება და ბზინვარება, რომელიც წითურისგან მოდიოდა, მისი ბრჭყვიალა, მძივებიანი კაბის ბრალი გახლდათ, სხეულს რომ უმშვენებდა. ქალი ისე ბრწყინავდა, გეგონებოდათ, მეჯლისიდან დაბრუნებულაო.
თავს ერთობ რთული ვარცხნილობა უმშვენებდა, მე ვიტყოდი, კომპლექსური. ზემოთ აფუებული ჰქონდა, ქვემოთ კიდევ ხვეული ზოლები უფარავდა კისერს.
მისი დიდრონი, მუქი თვალების ნაპერწკალი აშკარად წარმატებით ეჯიბრებოდა კაბი თვალისმომჭრელი მძივების ბზინვარებას.
_ კაპიტანი ოდიშელიძე ბრძანდებით? _ ღრმა კონტრალტოთი მკითხა ქალმა.
_ ჯერჯერობით კი, _ იუმორი მოვიშველიე.
_ მე ელიზა ზამბახიძე ვარ. _ მშრალი ხმით გამეცნო.
_ ვიცი, მაშინვე გიცანით, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ჩაცმული ხართ და ერთიანად ბზინვარებთ.
_ მართლა? საინტერესოა, როგორ მიცანით?
_ გაფუებული თმით, ქალბატონო.
ქალმა რაღაც გაგულისებულმა ჩაილაპარაკა, მთის პანტერასავით ერთი ნახტომით ამიარა გვერდი და ჩემს ბინაში შესრიალდა. სასტუმრო ოთახში ძლივს დავეწიე.
_ აველინა ნემსაძემ დამირეკა, _ გამომიცხადა, _ მართალია, რომ ამ საღამოს გაბრო გოთუა მოკლეს?
_ სრული ჭეშმარიტებაა, _ მაღალფარდოვნად დავუდასტურე.
_ ესე იგი, ისიც მართალია, რომ მკვლელმა მისი სხეული შიშველი ქალების ოთხი პორტრეტით დაფარა. თქვენი ხუმრობა გაფუებულ თმასა და სიშიშვლეზე ბოლომდე მიუთითებს ამაზე. _ მან მოუთმენლად აიჩეჩა მხრები და მის კაბაზე მიწებებული მძივები უფრო მკვეთრად აციმციმდნენ. _ ასეც ვიცოდი.
_ რა იცოდით?
_ რომ აველინას არ ეყოფოდა ფანტაზია, ასეთი ამბავი მოეგონებინა.
_ როგორც პორტრეტზეა, ზუსტად ისე იპოზიორეთ მაგ მხატვართან? _ ვიკითხე, _ გაფუებული თმა, ვნებიანი მზერა, სავსე მკერდი და რამე?
_ რა თქმა უნდა. და მადლობელი ვიქნები, კაპიტანო, თუ თქვენს ბინძურ აზრებს, ამწუთას თავში რომ მოგდით, თქვენთვის შეინახავთ, _ შეძრწუნება ჩაუდგა თვალებში, _ ჯანდაბა! როგორ ყველაფერს ყოველთვის არასწორად ვაკეთებ! თავიდან დავიწყოთ, გთხოვთ!
_ წინააღმდეგი არ ვარ. ოღონდ ჯერ რამე დავლიოთ. იმედია, დამეწვევით, _ შევთავაზე.
_ გადასარევი აზრია, _ თბილად დაუჭირა მხარი ჩემს იდეას წითურმა, _ რას სვამთ?
_ ამჯერად მხოლოდ მარტინი მაქვს, მწვანე.
_ ოხ, როგორ მიყვარს, რომ იცოდეთ. ერთნაირი გემოვნება გვქონია! _ ისეთი აღტაცებით შესძახა, მეგონა, ტაშსაც შემოჰკრავდა, მაგრამ შევცდი.
როცა სამზარეულოდან ორი სავსე ჭიქით დავბრუნდი, ის უკვე დივანზე იჯდა. მისი მომრგვალებული თეძოს დანახვამ სუნთქვა შემიკრა და გული ტკბილად ამიკანკალა. წითურთმიანს თავისი წილი სასმელი მივაწოდე და მის წინ სავარძელში ჩავჯექი.
_ აველინამ ალბათ ყველაფერი გითხრათ ჩემ შესახებ, არა? _ ფრთხილად შემეკითხა ჩემი მოულოდნელი სტუმარი.
_ მხოლოდ ის, რომ სააგენტოში მუშაობთ და კლიენტებთან შინაურულად ურთიერთობთ. კიდევ ის, რომ გოთუა თქვენს რომელიღაც წვეულებაზე გაიცნო, _ გულწრფელად ვაღიარე.
_ აი, რატომაც ვარ აქ! _ მაშინვე მომიგო, _ ვერ დავუშვებდი, ჩემთვის სამსახურში მოგეკითხათ, კაპიტანო. მოდი, ალალად ვთქვათ, დეტექტივი, რომელიც კოლეგების წინაშე მკვლელობის შესახებ კითხვებს სვამს, ქალს რეპუტაციას ვერ აუმაღლებს.
_ ვერ აუმაღლებს, _ დავეთანხმე და გამეღიმა.
_ ზოგიერთი ჩემი კლიენტი, ვისთანაც ვმუშაობ, ძალზე ძველმოდური შეხედულებებისაა. მათ არ მოეწონებათ, თუ გაიგებენ, რომ ჩვენი სააგენტო რაღაცით მკვლელობის საქმესთანაა დაკავშირებული, _ წითურმა კბილების ერთმანეთზე დაჭერით უცნაური გრიმასი გამოხატა, რაც სავარაუდოდ, ღიმილს ნიშნავდა, _ ამიტომ გადავწყვიტე, რომ თქვენთან მოსვლით პოლიციისთვის საქმე გამეადვილებინა.
როცა ნახევარი ჭიქა მარტინი ყელში ერთ ყლუპად გადაუშვა, მომლოდინე მზერით მომაჩერდა:
_ ასე რომ, ველოდები, კაპიტანო.
_ რას, თუ საიდუმლო არ არის? _ ვიკითხე, თითქოს ვერ მივუხვდი.
_ თქვენს შეკითხვებს.
_ ა! შეკითხვებს! _ ისე მაგრად დავხუჭე თვალები, რომ ქუთუთები მეტკინა, _ უკაცრავად, მაგრამ ახლა არაფერი არ მომდის თავში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი თქვენი ბრჭყვიალა მძივების ბრალია, რადგან ჩემზე ჰიპნოზის ეფექტს ახდენენ.
_ ღვთის გულისათვის, მაპატიეთ, თუ ასეა, _ წითურთმიანის ხმაში აშკარად თანაგრძნობის ნოტები იგრძნობოდა, _ ნაკლებად მოელვარე კაბა უნდა ჩამეცვა, მაგრამ გამოსავლის პოვნა თავისუფლად შეგვიძლია. თუ ჩემი კაბა გაწუხებთ, კაპიტანო, ახლავე გავიხდი მას.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი მომესმა. თუ ეს ქალი სინამდვილეში მართლა არსებობდა, მაშინ, წესით, არასწორად უნდა გამეგო მისი რეპლიკა. ისევ დავხუჭე თვალები, ოღონდ ამჯერად ქუთუთებისთვის ძალა აღარ დამიტანებია და გადავწყვიტე, აღარ გამეხილა. ხომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ჩემი ვერაგი ფანტასტიკური ძილის ნაწილი ყოფილიყო? იქნებ მძინავს და ეს მხოლოდ მესიზმრება? ვინ მოისურვებს ასეთ მომენტში გაღვიძებას?
_ აბა, შეხედეთ, ასე უკეთესია? _ მოისმა ჩემი სტუმრის მხიარული შეძახილი.
ჭეშმარიტების მომენტი დამიდგა. უხალისოდ გავახილე თვალები და იმწამსვე ლამის გადმომიცვივდნენ ბუდეებიდან. წითური უკაბოდ იდგა ჩემ წინაშე და კითხვით სავსე მზერით მომჩერებოდა. მას მხოლოდ ჟოლოსფერი ვარდებით მოჩითული ყვითელი ფერის ქსოვილის ბიუსტჰალტერი და ბიკინი ეცვა. ვითომ ეს “ვიქტორია სეკრეტსის” შედევრია? ოხ, რა მომრგვალებული თეძოები აქვს! როგორ გინდა ცდუნებას გაუძლო? რკინისგან კი არ ვარ გამოქანდაკებული!
_ ახლა შეგიძლიათ საკუთარი თავის კონცენტრირება, კაპიტანო? _ ეშმაკური მზერით ჩამეკითხა.
_ ხომ არ გაგიჟდით! _ ლამის გავიგუდე, ისე შემეკრა სუნთქვა.
ქალი დივანზე დაჯდა და ღრმად ამოისუნთქა.
_ ბუნებრივია, გაინტერესებთ, სად ვიყავი ამ საღამოს, ხომ? _ თვითონვე დასვა შეკითხვა და პასუხიც ეგრევე გასცა, _ გია ლებანიძესთან ერთად მის ბინაში. ის ერთ-ერთი ჩემი პარტნიორია სააგენტოში. სადღაც შუაღამე იქნებოდა, მისგან რომ წამოვედი, გიას შეუძლია ამის დადასტურება.
_ ამას კიდევ მივუბრუნდები, _ დავპირდი, _ მანამ კი გოთუაზე მომიყევით.
_ რა მოგიყვეთ? _ მხრები აიჩეჩა ელიზამ, _ ჩვენ ურთიერთობა გვქონდა და ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა ასე. როგორც კი ჩემთან აველინა გაიცნო, მაშინვე ჩამომწერა და არქივში გადამისროლა, _ შენელებულად გაიღიმა, _ მე დიდი გოგო ვარ, კაპიტანო, და საკმაოდ იმპულსურიც. თუ მამაკაცი მომეწონა, მასთან ეგრევე ვწვები. გაპრანჭვა არ მიყვარს. ამით ერთგვარად საკუთარი თავის განმუხტვას ვახდენ სააგენტოში გატარებული მძიმე დღის შემდეგ. ამაში ვერავინ გამამტყუნებს. არც ქმარი მყავს და არც მუდმივი საყვარელი. ისე ვიქცევი, როგორც მომეპრიანება. გაბრო სიმპათიური ბიჭი იყო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული არაფერი. ორი კვირის მერე ისიც დამავიწყდა და ის დაწყევლილი პორტრეტიც. საერთოდ არ მინერვიულია მასთან დაშორებაზე. დიდხნიანი ურთიერთობები ისედაც არ მხიბლავს. რა ვქნა, ჩემი ორგანიზმი ასეა მოწყობილი, მრავალფეროვნება იზიდავს.
_ ოდესმი მიგიციათ მისთვის ფული? _ პირდაპირ ვკითხე, ყოველგვარი მორიდების გარეშე.
ამის გაგონებაზე სახე თითქოს გაუქვავდა.
_ მე შეიძლება თქვენს გემოვნებაში არ ვჯდები, კაპიტანო, მაგრამ თუ დამიდგა ისეთი დღე, რომ კაცს ჩემთან დაწოლაში ფული გადავუხადო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რაღაც სიგიჟეს ჩავიდენ. მაგალითად, გავთხოვდები.
_ ნუ იქნებით ასეთი მგრძნობიარე, თორემ თქვენი ლიფის ვარდები დაჭკნება, _ მშრალად შევნიშნე, _ მე ვიგულისხმე, თუ სესხულობდა თქვენგან ფულს?
_ არასდროს, _ მტკიცედ უარყო, _ არა მგონია, მას თავისი ნახატებით მსოფლიოს შოკში ჩაგდება ოდესმე შესძლებოდა, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, საკმარისი თანხა ჰქონდა საკუთარი ვალების დასაფარად.
_ მის მეგობრებს თუ შეხვედრიხართ?
_ ჰყავდა კი მეგობრები? არა მგონია, _ ელიზას გრძელი წამწამები შეუთრთოლდა, _ ყოველ შემთხვევაში, მამაკაცი მეგობრები.
_ რამე მიზეზი ხომ არ გახსენდებათ, რის გამოც შეიძლება მოეკლათ? _ უკან არ დავიხიე.
_ ეჭვიან ქმარი ან საყვარელი ვითომ? _ ყოყმანით შემეკითხა, _ იცით რა მაინტერესებს? ის დანარჩენი ორი ქალი, ვისი პორტრეტებით სტუდიაში იყო, აველინასავით გათხოვილები არიან?
_ ჯერ არ ვიცი, ისინი ვინ არიან.
_ საინტერესოა, _ ელიზას მუქ თვალებში თითქოს სინათლე გაკრთა, _ ვიგულისხმე, ჩვენთან შედარებით როგორები არიან. აველინა ერთი გაძვალტყავებული ბოზია, მაგრამ ის ორი? ვინ არიან ისინი, რას წარმოადგენენ?
_ ერთი პატარა და ქერაა, მეორე შავგვრემანი და ველური გამოხედვის. ეს რამეს გეუბნებათ? რომელიმე ხომ არ გეცნობათ? იქნებ ისინიც თქვენნაირად ელიტის წარმომადგენლები არიან, ვისაც ზედმეტი ფული აწუხებს და თავგადასავლებს ეძებს?
ქალმა თავი გააქნია.
_ თქვენ ისე ბუნდოვნად ამიწერეთ, როგორ უნდა გითხრათ? მაშინ უნდა ვნახო ის პორტრეტები. ისე, თქვენ იმ ოთხიდან ყველაზე უფრო რომელი მოგეწონათ, კაპიტანო?
_ ყველაზე მეტად ნატურმორტი მომეწონა, _ მთელი სერიოზულობით ვუპასუხე, _ ისე ნამდვილივით იყო შამპანურის ფუჟერი ერთ სურათზე დახატული, მეგონა ხელს შევახებდი.
_ ვაუ! _ უცებ გაიცინა, _ ერთი უყურეთ, როგორი იუმორი ჰქონია ჩვენს კაპიტანს!
_ თქვენ გაშფოთებთ პოლიციელის შესაძლო ვიზიტი თქვენს სააგენტოში, რადგან ამან შეიძლება თქვენი რეპუტაცია გააფუჭოს, _ არად ჩავაგდე მისი ირონია, _ მაგრამ გოთუსთან შიშვლად პოზირებას არ შეუწუხებიხართ.
_ ქალის კუდაბზიკობა! _ მან აღფრთოვანებით დახედა თავის მკერდს და შეუმჩნევლად ამოისუნთქა, _ მე მიყვარს ჩემი სხეული. შთამომავლობისთვის ტილოზე მისი გადატანის სურვილი დაუძლეველი იყო. ის ნახატი ხომ ერთგვარად უკვდავებას მომანიჭებდა. თანაც, იმ მომენტში უგონოდ ვიყავი მთვრალი და ფეხებზე მეკიდა, რა პოზაში დამხატავდა! _ ელიზამ ცარიელი ჭიქა ასწია, _ კიდევ შეიძლება?
_ რა თქმა უნდა.
ჭიქა გამოვართვი და სამზარეულოში გავედი.
_ რა გქვიათ? _ მომაძახა.
_ ედი, _ მივუგე და უკან მოვიხედე. ამ დროს მის სახეზე დაფიქრებული გამომეტყველება შევნიშნე.
_ უცხო სახელია. დაბადების მოწმობაშიც ასე გიწერიათ?
_ არა, ედიშერი.
_ აი, თურმე რა ყოფილა! მეც არ გამიკვირდა? თქვენი თაობის ბიჭებს ასეთ სახელებს არ არქმევდნენ.
_ აბა, როგორს არქმევდნენ?
_ როგორს და აველინას ქმარს რომ ჰქვია, მაგალითად, ისეთს _ ჰამლეტი, კლიმენტი, ვალერიანი, თუნდაც ედიშერი. ბაბუების ან ბაბუის ბაბუების სახელები. ედი ცოტა მეუცნაურა.
სიცილი ვერ შევიკავე.
_ მე კი ელიზა მქვია.
_ სხვათა შორის, არც ელიზაა ქართული და არც აველინა.
_ ჰო, მაგრამ ჩვენ არავინ გეძახის ელს ან ავას. როგორც დაგვარქვეს, ისე გვეძახიან. მორჩა თქვენი შეკითხვები, ედი?
_ მგონი, კი. და რა? _ ვუპასუხე სამზარეულოდან.
_ რა და ის, რომ მუსიკის მოსმენა მომინდა. ყოველდღე კი არ მიხდება პოლიციის თანამშრომელთან ურთიერთობა.
_ თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში.
სამზარეულოდან გამოსულმა გავიგონე, როგორ ჩახუჭუჭებულად უკრავდნენ გიტარები სამბას. წითურთმიანი ჩემს ლეპტოპს მისდგომოდა და უკანალი ისე გამოებზიკა, ჭიქა ხელში ნერვიულად ამიკანკალდა. უცებ მოტრიალდა და თავის მრგვალი თეძოები ჩა-ჩა-ჩას რიტმზე გაარხია.
_ იცით რა? _ გაოგნებას ვერ ვმალავდი, _ ჩემს სიცოცხლეში პირველად ვხედავ ვარდების ცოცხალ ბაღს.
_ ვერ გავიგე? _ ელიზა დაბნეული მომიტრიალდა.
_ შენ რომ გიყურებ, ყველაფერს ვარდის ფერებში ვხედავ, _ გავუთამამდი და გავუშინაურდი კიდევაც.
_ მე მომწონს ჭრელი საცვლები, _ თვითკმაყოფილი ტონით მიპასუხა, _ გარდა ამისა, ნამდვილი ვარდების მიმაგრება არც ისე მოსახერხებელია, მათ ეკლები აქვთ, _ ჩაიცინა, ჭიქა ჩამომართვა და სწრაფად გადაჰკრა, _ არ გინდა ვიცეკვოთ, ედი?
_ არა, გმადლობ, _ უარი ვუთხარი, _ მართალია, იმის შიში არ მექნება, რომ შუა ცეკვისას კაბაზე ფეხს დაგადგამ, მაგრამ ვაითუ ღია ფანჯრის წინ უშნოდ დაგატრიალო და გადამივარდე, მერე სად წავიდე?
_ თანაც მეექვსე სართულიდან! რა საშინელებაა! _ მოჩვენებითი შიშით აკანკალდა, _ იქნებ რამე გვეთამაშა? არ იცი რამე თამაში?
_ მხოლოდ ღამის თამაშები, _ იმედიანად გადავუკარი.
_ მე ვიცი ერთი კარგი თამაში შარადის სტილში, _ გულწრფელი ენთუზიაზმით წამოიძახა, _ მოდი, დივანზე ჩამოჯექი და არ შემომხედო, სანამ არ გეტყვი. მერე შენ უნდა გამოიცნო, მე ვინ ვარ.
წამით მეტყველების უნარი დავკარგე.
_ ძალიან სახალისო იქნება, გპირდები! _ ელიზამ ნაზად მიბიძგა დივნისკენ, _ მოდი, დაჯექი, ედი!
_ კი ბატონო, დავჯდები, დასაკარგი არაფერი მაქვს, თუ ჭკუაზე არ შევიშალე, _ მხრები ავიჩეჩე.
ცოტა ხანს დივანზე მორჩილად ვიჯექი და კედელს შევყურებდი. მადლობა ღმერთს, რომ საკმარისი სასმელი მესხა ჭიქაში, რადგან მოულოდნელად გონებაში უბოროტესმა აზრმა გამიელვა: ვაითუ ეს ქალი ფსიქოპათი აღმოჩნდეს! იქნებ ამწუთას თავისი ჩანთიდან ორლესულ ხანჯალს იღებს, რომ თავი შუაზე გამიპოს?
_ მე მზად ვარ, ედი! _ ჩემი ფიქრები ზურგს უკან მისმა კონტრალტომ გამაწყვეტინა.
დივნიდან ავდექი და შევბრუნდი. თითქოს ის პორტრეტი გაცოცხლდა. ელიზა ჩემ წინ დედიშობილა იდგა. მისი სავსე მკერდი, მარჯნისფერი წვეტიანი კერტებით, გამომწვევად გამოკვეთილიყო, ხოლო ლამაზი თეძოების სითეთრე, უბრალოდ, აღმაფრთოვანებელი. წითური თავისი მუქი თვალებით ჩემს რეაქციას ელოდებოდა.
_ ახლა კი უნდა გამოიცნო, ვინ ვარ, _ ჩახრინწული ხმით წარმოთქვა.
_ მოიცა, ნუ მაჩქარებ, _ სერიოზული სახე მივიღე და თავი მოვაჩვენე, თითქოს დაძაბული ვაანალიზებდი, ვინ უნდა ყოფილიყო, მერე კი თითები გავატკაცუნე, _ არის! შენ მთვრალი შიშველი ქალი ხარ. გამოვიცანი?
_ ძაან სასაცილოა! _ განხიბლულმა ცარიელი ჭიქა მესროლა, რომლის დაჭერა ძლივს მოვახერხე, _ მართალი ხარ, ედი. თამაში საერთოდ არ გეხერხება, _ ამ სიტყვებით ჯერ მაგიდაზე შემოდებული ბიკინი ამოიცვა, მერე ბიუსტჰალტერიც მოირგო მკერდზე, ბოლოს კი ეს “უკუღმა სტრიპტიზი” ბრჭყვიალა კაბის ჩაცმით დაამთავრა.
_ ღამე მშვიდობისა, კაპიტანო!
ბზინვარება უკვე დიდი ხანია გაქრა მისი თვალებიდან, ისინი ახლა მხოლოდ მოწყენილობას და გულგრილობას გამოხატავდნენ.
_ რამე ისე ვერ ვთქვი ან ვერ გავაკეთე, ელიზა? _ შემპარავი ტონით ვკითხე.
_ უფრო, ალბათ, ვერ გააკეთეთ, კაპიტანო, _ მშრალად მიპასუხა, _ როცა ქალი მამაკაცის მოხიბვლას ცდილობს, მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი მეთოდების გამოყენება შეუძლია, რომლის იქით ზღვარს ვერ გადავა, თუ აღვირახსნილი არ არის. ამის შემდეგ ის საკუთარი თავის პატივისცემას კარგავს.
_ მე შენ ძალიან მიმზიდველად, თითქმის ლამაზად და ძალიან სექსუალურად მიმაჩნიხარ, _ გულწრფელად ვაღიარე.
_ მაგრამ შენ არ მომეცი საშუალება, შენი მოხიბვლა მეცადა, _ აშკარად შეურაცხყოფილმა თქვა.
_ ამ პირობებში არა, ელიზა, გარემოებები არ გვიწყობს ხელს, _ გავუშიფრე.
_ რა გარემოებებზეა საუბარი?
_ ნამდვილად არ მინდა ახლა შენი ვალი მქონდეს, _ გავუღიმე, _ იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება შენს სააგენტოში სტუმრობა მომინდეს და მთელი რიგი კითხვების დასმამ მომიწიოს…
_ ძალიან მოწესრიგებული პოლიციელი უნდა იყო, როგორც ვატყობ, _ ჩაიცინა მან, _ ანუ სიამოვნებას სხვების იმედგაცრუება განიჭებს?
_ ამაღამ შენი აქედან წასვლის შემდეგ, დიდი ალბათობით, დარჩენილ ღამეს დივანზე ტირილით გავატარებ, _ მთელი გრძნობით ვთქვი, _ ფაქტებს თვალი გავუსწოროთ, ელიზა. აღიარე, რომ ჩემი მამაკაცური ღირსებების გამო არ გაშიშვლებულხარ აქ. უბრალოდ, შენთვის გინდოდა ქულები ჩაგეწერა. ნაცნობი ტრიუკია, ჩემთან ეგეთები არ გადის.
_ სინამდვილეში როგორ იყო, ამას, ყოველ შემთხვევაში, ვერასდროს გაიგებ, _ ამოიოხრა, _ და სწორედ ამ მიზეზით, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამაღამ აუცილებლად იტირებ, _ მან თავის ჩანთას დაავლო ხელი, მხარზე მოიგდო და კარისკენ დაიძრა.
სტუმარი გასასვლელამდე მივაცილე. განშორებისას მან ოფიციალურად გამომიწოდა ხელი.
_ ჩვენი შეხვედრა უჩვეულო იყო, კაპიტანო, _ აღნიშნა.
_ დარწმუნებული ვარ, ისევ შევხვდებით, ელიზა, _ ცივად მივუგე, _ სხვათა შორის, გოთუას მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ესროლეს. ტყვიამ მის მკერდზე მეოთხედის ზომის ნახვრეტი დატოვა და ზურგიდან ორლარიანის ზომით გამოვიდა.
გაგრძელება იქნება