ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა და ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ საზოგადოებას თავი არამხოლოდ საკუთარი პროფესიონალიზმით, არამედ განსაკუთრებული, ლამაზი ოჯახითაც შეაყვარეს - წყვილს სამი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს.
“რადგან დედისერთა ვარ, ყოველთვის მინდოდა მაქსიმალურად ბევრი შვილი მყოლოდა. სადაც ვხედავ კომპოზიციას, რომელიც სამი ერთეულისგან შედგება, არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება, მთავარია იყოს სამი, მაქვს საოცარი განცდა და სურვილი იმისა, რომ ეს ნივთი შევიძინო. თვალს თუ შეავლებთ ჩემს აქსესუარებს, ნახავთ, რომ სამეულები ჭარბობს. მათ ჩემს შვილებთან ვაიგივებდი”, - ამბობდა ქეთი ასათიანი.
ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი, მაშო ჩიჩუა, კამერების წინ იშვიათად ჩნდება, არ გამოირჩევა არც სოციალურ ქსელში აქტიურობით, თუმცა დის, ლიზა ჩიჩუას გვერდით მაინც ხშირად ნახავთ.

ჩიჩუების ოჯახში ყველაზე პოპულარული, ალბათ, ლიზაა - მან რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ და ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიაზე იქორწინა. ირაკლი დიდი ხნის მანძილზე მალავდა რჩეულის ვინაობას, მათ ერთად გამოჩენას კი აღფრთოვანება მოჰყვა. ლიზა და ირაკლი ორ შვილს, გიორგისა და ნინას ზრდიან, სულ ცოტა ხანში კი ისინი მესამე შვილის მშობლები გახდებიან.
ვინ არის სანდრო ჩიჩუას რჩეული
სანდრო ჩიჩუა, უფროსი დის მსგავსად, იშვიათად ჩნდება კამერების წინ, თუმცა ის საზოგადოებამ ასევე ცნობილი ოჯახის - ნინა ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის ქალიშვილთან, ანა ნაცვლიშვილთან ერთად გაიცნო. ახალგაზრდები რამდენიმე წლის მანძილზე იყვნენ შეყვარებულები, ანა სოციალურ ქსელში საერთო ფოტოებსაც აქვეყნებდა, თუმცა მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდნენ. ახლა ორივე მათგანს საკუთარი ცხოვრება აქვს - ანა ნაცვლიშვილი დავით თუშიშვილზე დაინიშნა, სანდრო ჩიჩუა კი კვლავ შეყვარებულია.

სანდრო ჩიჩუას რჩეული ინფლუენსერი ანასტასია რუსიაა. ანასტასიას ინსტაგრამისა და ტიკტოკის მომხმარებლები კარგად იცნობენ - მას ტიკტოკზე 50 ათასზე მეტი, ხოლო ინსტაგრამზე - 40 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ანასტასია ხშირად აქვეყნებს ახლა ძალიან პოპულარულ „ანბოქსინგის“ ვიდეოებს, ასევე, გამომწერებს უზიარებს ყოველდღიურ თუ მოგზაურობის ვლოგებს. ცოტა ხნის წინ მან რჩეულთან, სანდრო ჩიჩუასთან ერთად გადაღებული კადრები პირველად გაასაჯაროვა - „მადლობელი ვარ“, - წერდა ის. მოგვიანებით კი წყვილი ერთად მეგობრების გარემოცვაში კიდევ რამდენჯერმე გამოჩნდა. ამ სიახლემ მათი გულშემატკივრები გაახარა - ნასტასიამ და სანდრომ უამრავი კომპლიმენტი და კეთილი სურვილი მიიღეს.
